ამბები

13:51 | 21.09.2010 | ნანახია 4263 - ჯერ

სტივ მაკდაუელი: “ქართველებს ფიზიკური სიძლიერე გენეტიკურად მოგდგამთ”

ლეგენდარული “ოლ ბლეკსის”  ერთ-ერთი საუკეთესო მორკინალი,  1987 წლის პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული. არცთუ ისე ტანადი - მხოლოდ 183 სმ. სიმაღლის, მაგრამ იშვიათი ჯანით გამორჩეული სპორტსმენი, განსაკუთრებულ ძალას, როგორც ამბობენ, ძიუდოს უნდა უმადლოდეს, სადაც უამრავი ეროვნული ჯილდო აქვს მოპოვებული.
ეს გახლავთ სტივ მაკდაუელი - რიგით 862-ე “ოლ ბლეკსელი”. მან მორაგბის კარიერა 1982 წლიდან დაიწყო. სანაკრებო დებიუტი კი 1985 წელს, არგენტინის წინააღმდეგ გამართულ ტესტში ჰქონდა. საბოლოო ჯამში, ნაკრებში მაკდაუელს 81 მატჩი ჩაუტარებია, აქედან 41 - ტესტი. 80-იან წლების ბოლოს, შონ ფიცპატრიკთან და ჯონ დრეიკთან  ერთად, “ოლ ბლეკსის” მძლავრ პირველ ხაზს ქმნიდა.
7 წელი გაგარძელდა მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი. 1992 წლიდან  ახალზელანდიური რაგბის ასპარეზიდან გაქრა და საზღვარგარეთ დაიწყო მუშაობა. იგი ახლახან თბილისში გამართულ “შავი ზღვის თასის” გათამაშებაზე, რუმინეთის გუნდებს ჩამოყვა და ტურნირის ყველა მატჩს დაესწრო. მაკდაუელთან ინტერვიუ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
სტივ მაკდაუელი: ორწელიწადნახევარია, რაც რუმინეთის რაგბის ფედერაციამ ნაკრების შერკინების მწვრთნელად მიმიწვია. გარდა ამისა, ვმუშაობ, როგორც ფიტნესის მაღალი რანგის სპეციალისტი.
- “შავის ზღვის თასის” გათამაშებაზე რა მიზნით ჩამოხვედით, რუმინელი მორაგბეების თამაშს აკვირდებოდით?
- რა თქმა უნდა. ამ ტურნირში მონაწილე რუმინეთის კლუბ “არადში” ნაკრების სამმა მორაგბემ ითამაშა. ამას გარდა, მსურდა განმესაზღვრა ნაკრების ახალი კანდიდატების ვინაობა.
- ამ ტურნირზე მოასპარეზე ქართველ სპორტსმენებზე რას იტყვით?
- ფიზიკურად საკმაოდ ძლიერები არიან. ეს ძალა მხოლოდ ვარჯიშის შედეგი როდია. ჩემის აზრით, კარგი ფიზიკური მდგომარეობა გენეტიკურად მოგდგამთ. მაგრამ რაგბი 1995 წლიდან პროფესიონალური სპორტი გახდა. ასე რომ, ტექნიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უკვე მეტი პროფესიონალიზმი და მეცნიერული მიდგომაა საჭირო. დღესდღეობით, ძალზე მნიშვნელოვანია ცოდნა, შეფასება და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- თქვენი აზრით, როგორია დღეს ქართული და რუმინული რაგბი?
- შემიძლია ვთქვა, რომ მარტივია. ამ ტურნირზე მე ვუყურებ კლასიკურ თამაშს. აქ არ არის ინოვაცია. დღეს თამაშის მაღალ სტანდარტსა და კონკურენტუნარიანობას ტექნიკა და ცოდნა ქმნის. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიის განვითარებას. რაგბი ჭადრაკივითაა. კარგი მორაგბე თავად უნდა ქმნიდეს თამაშს და სტრატეგიას.
- “შავი ზღვის” ტურნირს როგორ შეაფასებთ?
- რეგიონალური ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და ყველა მონაწილე ქვეყნისთვის. მატჩებიც საკმაოდ დაძაბული იყო. კარგი იქნება, თუკი სამომავლოდ მხოლოდ შავი ზღვის აუზის ქვეყნებით არ შემოიფარგლებით და  ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სხვა რეგიონების კლუბებსაც მოიწვევთ.
- რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ახალი ზელანდია მხოლოდ ერთხელ გახდა თასის მფლობელი – პირველ გათამაშებაზე 1987 წელს, როცა საფრანგეთი დაამარცხეთ. მას შემდეგ ფინალში მხოლოდ ერთხელ - 1995 წელს გახვედით და სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდით. შარშან კლინტ ისტვუდმა ამ მოვლენის შესახებ ფილმიც გადაიღო, სახელწოდებით “დაუმარცებელნი”. მოგეწონათ?
- ტიპიური მხატვრული ფილმია, სადაც ნახევრადსიმართლე გამოგონილს ერწყმის. სიმართლე კი ის არის, რომ მაშინ ვებ ელისის თასი სამხრეთ აფრიკამ მოიპოვა.
- ამ ფილმში სამხრეთაფრიკელი “ქურციკების” ყველაზე საშიშ მეტოქედ, გამოყვანილია ლეგენდარული ჯონა ლომუ, როგორც ყოფილი “ოლ ბლეკსელი”. მასზე რას იტყვით?
- მართლაც ძალიან კარგი მოთამაშე იყო. დიდი ბიჭი და სწრაფად მორბენალი. 120 კილოგრამს იწონიდა და ყველას ანგრევდა, ვისაც კი ეჯახებოდა. მე მისი ფიზმომზადების მწვრთნელი ვიყავი. ჯონას კარიერის დასაწყისი ჩემი კარიერის დასასრულს დაემთხვა.  ჩვენ მხოლოდ ერთხელ მოგვიწია ერთად თამაში. კერძოდ, 1995 წელს – “ვოლაბების”  განთქმული ფულბეკის, დევიდ კემპიზისადმი  მიძღვნილ საიუბილეო მატჩზე ავსტრალიის წინააღმდეგ.  
- ახალი ზელანდია ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სარაგბო ქვეყანაა. რამდენი ადამიანია სპორტის ამ სახეობაში ჩართული?
- ას წელზე მეტია ჩვენ რაგბის ვთამაშობთ. ქვეყნის მოსახლეობა 4,5 მილიონს შეადგენს და 300 ათასამდე მოთამაშე გვყავს. ინგლისში 50 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მორაგბეთა რაოდენობა კი დაახლოებით 350 ათასია. ასე რომ, სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს. წყნარი ოკეანის კუნძულებზე, მოსახლეობის ოთხმოცდაათი პროცენტი მისდევს რაგბის. ჩვენში ფეხბურთიც საკმაოდ პოპულარულია. მაგრამ ბევრი ბავშვი,  რომელიც მშობლებს თავიდან ფეხბურთზე შეყავს, მოგვიანებით მაინც რაგბის თამაშს იწყებს.
- რა არის თქვენთვის რაგბი?
_ ყველაფერი - სხვადასხვა პიროვნებების ერთობა, ყოფნა მინდორზე და მინდორს გარეთ, ურთიერთობა და საერთო მიზანი. საბოლოო ჯამში, რაგბი მთელი ცხოვრებაა!

 

rugby.ge

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07847