ამბები

17:02 | 22.09.2010 | ნანახია 3023 - ჯერ

Deawoo-ს ავტომობილების დილერი საქართველოში - Uzauto-geo სარაგბო კლუბ “ივერიას” სპონსორი ხდება

23 სექტემბერს, 12:00 საათზე, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კმ-ზე მდებარე Deawoo-ს თბილისის ცენტრში, ამ კომპანიის წარმომადგენლებსა და სარაგბო კლუბ “ივერიას” შორის ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც Deawoo-ს ავტომობილების ოფიციალური დილერი საქართველოში Uzauto-geo კლუბის გენერალური სპონსორი გახდება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ Uzauto-geo-ს გენერალური დირექტორი, შავკატჟონ ნაზაროვი, მისი კოლეგები სომხეთიდან და რუსეთიდან: კანოიდ ჰუდოიბერგანოვი და რეჟაველი ხაიტოვი, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე, ტექნიკური დირექტორი გიორგი ჭუმბურიძე, “ივერიას” პრეზიდენტი ალეკო კვარაცხელია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი გალდავა.
მედიასთან შეხვედრის დასასრულს, Uzauto-geo-ს ხელმძღვანელები “ივერიას” მორაგბეებს ახალ სათამაშო მაისურებს გადასცემენ, რომელზეც Uz-Deawoo-ს ლოგო იქნება გამოსახული. მოგვიანებით, 15:30 საათზე, “მიხეილ მესხის” სახელობის სათადარიგო სტადიონზე, “ივერიას”“ ჭაბუკთა გუნდი ახალი მაისურებით “ლელო-2”-ის წინააღმდეგ ითამაშებს და მას ზემოთნახსენები ხელმძღვანელები დაესწრებიან..
უნდა აღინიშნოს, რომ კერძო ბიზნესის მიერ სარაგბო კლუბების დაფინანსება, საქართველოში ახალი მოვლენაა. მაგალითები ბევრი არ არის. შეგვიძლია დავასახელოთ ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია Caucasus Online, რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ ქუთაისურ კლუბ “აია”-ს აფინანსებს, მსხვილი ნავთობკომპანია Wissol-ი, რომელმაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის კამპანიის ფარგლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და სარაგბო კლუბ “ყოჩებს” აფინანსებს; ასევე, “საქართველოს ბანკი” , რომელიც “შავი ზღვის თასის” პირველ რეგიონალურ ტურნირზე, მოქმედ ჩემპიონ “ლელოს” წარმოადგენდა. ამიერიდან, რაგბის კიდევ ერთი დიდი კომპანიის Deawoo-ს სახელიც დაუკავშირდება.
უზბეკური კომპანია Uzauto-geo, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ Deawoo-ს ავტომობილების  ოფიციალური დილერია საქართველოში. იგი ახდენს უზბეკეთის საავტომობილო მწარმოებლის  Uz-Deawooauto-ს მანქანების დისტრიბუციას ბრენდით uz-deawoo. მათი მოდელიები Tico, Nexia, Matiz, Nexia II/New  უკვე საკმაოდ პოპულარულია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. Uz-Deawooauto უზბეკური სახელმწიფო კომპანია Uzavtosanoat-ისა და კორეული Deawoo-ს ერთობლივი საწარმოა.
uzauto-geo უკვე აქტიურად შემოდის ქართულ ბაზარზე და ბრენდის რეკლამირებისთვის სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. კომპანია გვევლინება ბათუმში ახლახანს დასრულებული საქართველოს სილამაზის კონკურსის გენერალურ სპონსორად. ბუნებრივია, საქართველოს ყველაზე ლამაზი გოგონაც სწორედ  uz-deawoo-ს ავტომობილით ივლის.
ამიერიდან, უზბეკურ-კორეული ბრენდის სახელი უკვე მყარად დაუკავშირდება ქართულ სარაგბო კლუბს. uzauto-geo-ს ხელმძღვანელობას შორსმიმავალი გეგმები აქვს:  შავკატჟონ ნაზაროვის სურვილია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და  მორაგბეებისთვის ყველა აუცილებელი პირობის შექმნა. იგი ქართული რაგბით სერიოზულად დაინტერესდა და “ივერიას” ხელძღვანელობასთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ესწრება. მას სურს, უზბეკეთში რაგბის განვითარების ხელშეწყობა და ქართულ და უზბეკური გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრების მოწყობა.
პირველ ლიგაში მოასპარეზე “ივერია”, პირველი გუნდის გარდა, “ბ” ლიგის  ჭაბუკებისა და საფესტივალო ასაკის ბავშვთა ორ გუნდსაც მოიცავს. პირველ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ივერიას” 11-დან 8 შეხვედრა აქვს მოგებული, 3 თამაშში დამარცხდა და 16 ქულით ქუთაისის “ბაგრატთან” და თბილისის “ხულიგანასთან” ერთად, მე-2-მე-4 ადგილებს იყოფს, ოღონდ მის კონკურენტებს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ამრიგად, “ივერია” უმაღლესი ლიგის საგზურის მისაღებად, საფლეიოფო მეორე ადგილისთვის იბრძვის და სპონსორის ხელშეწყობა ამ მიზნის მიღწევაში უნდა დაეხმაროს. რაც შეეხება ჭაბუკთა “ბ” ლიგას (1994-95 წლებში დაბადებული მორაგბეები), აქ ივერია 9 მოგებით და 4 წაგებით (18 ქულა), 16 გუნდში მე-5 ადგილს იკავებს.
კლუბი 1980-იანი წლების მიწურულს შეიქმნა და 17-18 წლის ჭაბუკ მორაგბეებს აერთიანებდა. ამ პერიოდში, ისინი საქართველოს სამგზის ჩემპიონები და საკავშირო მასშტაბის ორგზის ვერცხლისმედალოსნები გახდნენ. 90-იანი წლების დასაწყისში, კლუბის მთავარი მწვრთნელი, ემზარ სულაქველიძე აფხაზეთის ომში დაიკარგა. მას შემდეგ, კლუბმა არსებობა შეწყვიტა. 2007 წელს, სულაქველიძის ყოფილი შეგირდების - ალეკო კვარაცხელიასა და მიხეილ ჩაჩუას ძალისხმევით, კლუბის ახალი სოცოცხლე დაიწყო. დღეს ისინი, გიორგი ჯავახიშვილთან ერთად, “ივერიას” ახალ თაობას წვრთნიან.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082119