მართალია, საქართველოს XXII ჩემპიონატის გასულ ტურში ერთბაშად სამი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა და ლიდერთა ოთხეულიდან სამმა გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ ლიდერებად მაინც ოთხი გუნდი რჩება და X რაუნდის ცენტრალური დაპირისპირებაც, ორ მათგანს შორის შედგება.
დიდი დიღმის “ვისოლი-ყოჩების” ბაზაზე, ერთმანეთს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “ლელო” და “ლოკომოტივი” დაუპირისპირდებიან და ამ გუნდების შეხვედრა, არა მხოლოდ მიმდინარე ჩემპიონატის X რაუნდის, არამედ, საქართველოს ბოლო წლების ჩემპიონატებისა თუ თასის გათამაშების ცენტრალურ ჯახად რჩება. მის შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუმცა უმთავრესი, მაინც ის რევანშის წყურვილია, რომელსაც “ლოკომოტივი”, აგერ, უკვე შვიდი შეხვედრაა ელოდება.
2008 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ, “ლოკომოტივმა” “ლელოს” დამარცხება ერთხელაც ვერ მოახერხა. მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ “ლოკომოტივმა” ჩემპიონატის ფინალში “ლელოს” სძლია, ამ უკანასკნელმა, იმავე წლის თასის განმეორებით ნახევარფინალში რევანში აიღო, მერე კი თასიც დაისაკუთრა. გასულ სეზონში “ლელო” ქვეყნის ჩემპიონი ისე გახდა, რომ თამაში არ წაუგია, სამჯერ კი, გამარჯვება “ლოკომოტივთან” იზეიმა (ორჯერ რეგულარულ პირველობაში და ერთხელ ფლეი ოფში).
ყველა ელოდა, რომ “ლოკომოტივს” მეოთხე შანსი ჩემპიონატის ფინალში ექნებოდა, მაგრამ თემურ ბენდიაშვილის შეგირდები, მცირე ფინალში, მოულოდნელად, “ბათუმი XV”-თან დამარცხდა. სარევანშო დაპირისპირება მაინც შედგა და ისევ ფინალში, ოღონდ ეს, თასის ფინალი იყო. “ლოკომოტივმა” კარგად დაიწყო და ტაიმი 16:10 მოიგო, მეორე ნახევრის დასაწყისში კი, უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა - 22:10, მაგრამ გასული წელი მაინც “ლელოსი” იყო. დასკვნით 25 წუთში, მათ ჩამორჩენის აღმოფხვრა და ჯამში 23:22 გამარჯვება მოახერხეს, რითაც დუბლი შეასრულეს.
წელს, “ლელო” დაუმარცხებელი აღარაა. რეგულარულ პირველობაში ის ორჯერ დამარცხდა - ქუთაისის “აია”-სთან და თბილისის “ვისოლი-ყოჩებთან”, მაგრამ “ლოკომოტივს” დაძაბულ ბრძოლაში მაინც აჯობა. გუნდებმა მხოლოდ ჯარიმები იტანეს, ერთხელ “ლოკომოტივმა” იხეირა, სამჯერ “ლელომ” და ამ უკანასკნელმა 9:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ რეფერიმ, “ლოკომოტივის” ერთი და “ლელოს” ორი მორაგბე გაასინბინა.
ივლისის თვეში, “ლელოსა” და “ლოკომოტივის” დაპირისპირება საქართველოს თასის ფინალში შედგა. იმ მატჩის პირველ ტაიმში, “ლოკომოტივმა” მეტოქეს ორი ლელო გაუტანა და 17:9 იგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში ისევ აირია და 17:23 დამარცხდა. მაშინ, ლოკომოტიველთაგან ლელოები შიოშვილმა და ღვინჯილიამ გაიტანეს, კვინიხიძემ კი ორ გარდასახვას ერთი ჯარიმა შემატა. “ლელოს” მხრიდან, ლელო გუგავამ მიითვალა, ყიასაშვილმა კი 6 ჯარიმა გამოიყენა.
გასულ ტურში, “ლოკომოტივი” მოულოდნელად რუსთავის “ხარებთან” 25:26 დამარცხდა, “ლელომ” კი ბათუმში “ბათუმი XV” 27:13 დაამარცხა. მოცემული მომენტისთვის, “ლელო” 14 ქულით (7 მოგება, 2 მარცხი) მეორე ადგილს იკავებს ქუთაისის “აია”-ს მხოლოდ ურთიერთსეხვედრაში წაგების გამო ჩამორჩება, ხოლო “ლოკომოტივი” 12 ქულით (6 მოგება, 3 მარცხი) მესამეა. თუ “ლოკომოტივმა” “ლელო” 6-ზე მეტი ქულის სხვაობით დაამარცხა, “აია”-მ კი თავისი შეხვედრა წააგო, ამ სამეულს თანაბარი ქულები დაუგროვდებათ, მაგრამ “ლოკომოტივი” მეტოქეებს ურთიერთშეხვედრების უპირატესობით უკან მოიტოვებს და ლიდერად მოგვევლინება. თავის მხრივ, გამარჯვების შემთხვევაში, მოწინავე პოზიციაზე დარჩება “ლელო”, რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე დასრულება კი, დებულების თანახმად, ერთგვარი უპირატესობაა.
შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ავსტრალიურ ფლეი ოფში პირველადგილოსანი მეორეადგილოსანს ეთამაშება და გამარჯვებული ფინალში თამაშის უფლებას იღებს, დამარცხებულს კი მცირე ფინალის თამაში რეგულარული პირველობის მესამე-მეოთხედგილოსანი გუნდებს შორის გამარჯვებულთან უწევს. “ლელოსა” და “ლოკომოტივის” შეხვედრა 15:00 საათზე იწყება.
17:00 საათზე, ამავე მოედანზე, თბილისის “ვისოლი-ყოჩები” რუსთავის “ხარებს” უმასპინძლებს. მასპინძლებმა გასულ ტურში საკუთარ ბაზაზე პირველი შეხვედრა ჩაატარეს და “აკადემიას” დამარცხება ვერ მოახერხეს, უფრო მეტიც, ისინი მარცხს ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით გადაურჩნენ და ფრეს დასჯერდნენ - 16:16. ამავდროულად, უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა რუსთავის “ხარებმა”, ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ “ხარების” წარმატებული სვლა, პირველი წრის მიწურულს, “ვისოლი-ყოჩებთან” გადადებულ მატჩში დაიწყო. მაშინ რუსთაველებმა 18:16 იმარჯვეს, მერე “ბათუმი XV”-ს სძლიეს, გასულ ტურში კი “ლოკომოტივი” 26:25 დაამარცხეს. “ხარებს” წარმატების იმედი ახლაც აქვთ, მაგრამ “ყოჩებს” რევანში წყურიათ. თუ ვის “წაატყდება რქები”, დღეს 19:00 საათისთვის უკვე გარკვეული იქნება.
გასულ ტურში “არმაზთან” 24:25 მარცხის შემდეგ, ლიდერის პოზიცია შეერყა ქუთაისის “აია”-ს და ახლა, სიტუაციის გამოსწორებას “აკადემიასთან” ეცდება. წესით, ამ მატჩის მასპინძელი ქუთაისელები არიან, მაგრამ დისკვალიფიკაციის გამო, ისინი თბილისში თამაშობენ. აკადემიელები გასულ ტურში ერთ-ერთ ლიდერ “ვისოლი-ყოჩებს” დაუზავდნენ, მაგრამ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა მისმა კონკურენტებმა გამარჯვებები მოიპოვეს და “აკადემია” სახიფათო მე-7 ადგილზე დაეშვა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, მე-7 ადგილზე გასული გუნდი, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის, პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან ფლეი ოფს ითამაშებს. პირველ წრეში, “აკადემიამ” “აია”-ს “მიხეილ მესხის” ძირითად მოედანზე უმასპინძლა და 14:18 დამარცხდა. შეხვედრა ამჯერადაც “მიხეილ მესხის” ძირითად მოედანზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერი “ბათუმი XV”, “ანგისაზე” თბილისის “არმაზს” უმასპინძლებს და თუ სამომავლოდ უძლიერესთა შორის დარჩენა უნდა, მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს. თავის მხრივ, “არმაზს” საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი გაუჩნდა და ამისათვის, აუტსაიდერთან ქულების დაკარგვა არაფრით არ შეიძლება. “არმაზმა” და “ბათუმი XV”-ემ, პირველ წრეში ერთმანეთს მხოლოდ ლელოები და გარდასახვები უტანეს, ოღონდ, თბილისელებმა ორ-ორჯერ იხეირეს და 14:7 იმარჯვეს.
საქართველოს XXII ჩემპიონატი რაგბიში. მეორე წრე
23 სექტემბერი. ხუთშაბათი. X ტური
თბილისი. “ვისოლი”. 15:00 საათი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “ვისოლი”. 17:00 საათი
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “მიხეილ მესხი” (ცენტრალური). 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი)
ბათუმი. “ანგისა”. 17:00 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) - არმაზი (თბილისი)
1 | აია | 9 | 7 | 0 | 2 | 225-163 | 14 |
2 | ლელო | 9 | 7 | 0 | 2 | 246-101 | 14 |
3 | ლოკომოტივი | 9 | 6 | 0 | 3 | 189-121 | 12 |
4 | ვისოლი-ყოჩები | 9 | 5 | 1 | 3 | 181-135 | 11 |
5 | არმაზი | 9 | 4 | 0 | 5 | 149-217 | 8 |
6 | ხარები | 9 | 3 | 0 | 6 | 100-212 | 6 |
7 | აკადემია | 9 | 2 | 1 | 6 | 111-145 | 5 |
8 | ბათუმი XV | 9 | 1 | 0 | 8 | 137-244 | 2 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია