უზბეკური კომპანია Uzauto-geo, თბილისის სარაგბო კლუბ “ივერის” გენერალური სპონსორი ოფიციალურად გახდა და ეს თანამშრომლობა მინიმუმ ერთი წელი გაგრძელდება, მერე კი, ვნახოთ...
Uzauto-geo -ს გენერალური დირექტორი შავკატჟონ ნაზაროვი და მისი კოლეგა რეჟაველი ხაიტოვი, კლუბის ხელმძღვანელობას, მორაგბეებს, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი გორგასლიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი გალდავას, თავიანთ ოფისში შეხვდნენ. მათ “ივერიას” მორაგბეებს ახალი სათამაშო ფორმები გადასცეს, რომელზეც Uz-Daewoo-ს ლოგოტიპია გამოსახული და დღეიდან მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, “ივერია” დასახული მიზნების შესრულებას სწორედ ამ ფირმის სახელიანი მაისურებით ეცდება.
სწორედ ამ გუნდის წარმატებაზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა თანამშრომლობა ქართულ სარაგბო კლუბსა და უზბეკურ კომპანიას შორის. ყოველ შემთხვევაში ასე ირწმუნება შავკატჟონ ნაზაროვი, რომელმაც დაამატა, რომ მომავალი ურთიერთობისთვის, კლუბის პარალელურად წარმატებას თავად კომპანიამაც უნდა მიაღწიოს.
“ჩვენი ურთიერთობა ჯერჯერობით ჩამოყალიბების სტადიაშია და ამიტომ, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მიაღწევს კლუბი და კომპანია. დიდი გუნდის სპონსორობა დიდ ფულს მოითხოვს, ჩვენ კი ჯერჯერობით ამის საშუალება არ გვაქვს. გუნდს ორი თვის უკან გავეცანით. მას ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს და მიზანმიმართული სპორტსმენებითა და სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. უწინარესი მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლაა. საქართველოში რაგბს დიდი მომავალი აქვს და სპორტის ამ სახეობაზე ყურადღება ამად შევაჩერეთ. სასპონსორო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე არაფერს ვიტყვით. იმედია, კლუბი და ჩვენი კომპანია გაიზრდება და დაფინანსება მერე უფრო დიდი იქნება” - თქვა ნაზაროვმა.
მისივე თქმით, სამომავლოდ კომპანია კლუბისათვის ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც იზრუნებს, ოღონდ, ეს მხოლოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა Uz-Daewoo-სა და “ივერიას” შორის ურთიერთობა, თორემ ერთ წელიწადში ასეთი შორსმავალი გეგმები რომ არ განხორციელდება, ცხადზე ცხადია. აღსანიშნავია, რომ კლუბის სახელს სპონსორის სახელწოდება არ დაემატება და ის კვლავ “ივერიას” სახელით გააგრძელებს თამაშს. ეს გუნდი უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს და ამ კუთხით, სპონსორის გამოჩენამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია