საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “ლელომ”, “ლოკომოტივს”, რომელსაც 2008 წლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა, საქართველოს XXII ჩემპიონატის X ტურში ზედიზედ მერვედ აჯობა და ამავე რაუნდის სხვა შეხვედრების დასრულების შემდეგ, რეგულარული პირველობის სათავეში მოექცა.
ამ გუნდების შეხვედრა აგერ უკვე რამდენიმე წელია ქართული რაგბის თრილერად იქცა და თასსა თუ ჩემპიონატში, რეგულარულ გათამაშებაში თუ ფლეი ოფში, ანაც ფინალში, მუდამ გამორჩეულ ჯახად რჩება. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო, მით უმეტეს, რომ გამარჯვებულ გუნდს გალიდერების კარგი შესაძლებლობა ეძლეოდა და “ვისოლი-ყოჩების” ბაზაზე გულშემატკივარმა მრავლად მოიყარა თავი. ბოლო ორ წელიწადში, იყო შემთხვევები, როდესაც “ლოკომოტივი” “ლელოს” ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა, ახლა კი, ლამის პირისპირ მოხდა, მაგრამ “ლოკომოტივმა” ისევ ვერ იმარჯვა და ეს უწინარესად სათამაშო დისციპლინის ბრალი თუ დამსახურებაა. ამ კომპონენტში “ლელო” ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, “ლოკომოტივს” კი ეს პრობლემას ხშირად უქმნიდა და ასე მოხდა ამჯერადაც.
“ლელო” თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და მალევე დაწინაურდა. მე-9 წუთი მიდიოდა, როდესაც ამ შეხვედრის საუკეთესი მოთამაშე გოდერძი ჯოგლიძემ, მარჯვენა ფლანგზე მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა და წინ წაიწია. მისი შეჩერება მოხერხდა, მაგრამ ბურთი სწრაფად ჩათამაშდა მარცხენა ფლანგზე, სადაც მას ყიასაშვილი ელოდა და ლელო მარტივად გაიტანა, თუმცა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა. მე-15 წუთზე “ლელომ” კიდევ ერთი სწრაფი შეტევა განახორციელა, ამ ჯერზე ხაზი აზალაძემ გაჭრა, “ლოკომოტივმა” გადაწყობა კვლავ ვერ მოასწრო, ახლა ბურთი მარცხნიდან მარჯვნივ ჩათამაშდა, ყიასაშვილმა ჯოგლიძეს უპასა და მანაც თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა. ყიასაშვილს რეალიზაცი ამჯერადაც გაუფუჭდა და ანგარიში 10:0 გახდა.
“ლოკომოტივი” ამის შემდეგღა მოეგო გონს. აღსანიშნავია, რომ მათ რამდენჯერმე კარში დასარტყმელი ჯარიმა გაათამაშეს და ფონს გასვლა ძალის ხარჯზე სცადეს. ლოკომოტიველები მეტოქის ჩათვლის მოედანს კარგა ხანს უტრიალებდნენ, მაგრამ “ლელო” მედგრად იდგა და მიმხვდურსაც ბოლო მომენტში ბურთი წინ უვარდებოდა. სწორედ ამ გამოუყენებელმა მომენტებმა გამოიწვია მათი გაღიზიანება, ეს კი თამაშში ხელს უშლიდათ. ამასობაში ტაიმის მიწურულის დროც დადგა, “ლელომ” ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და ყიასაშვილმა დაახლოებით 32 მეტრიდან ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 13:0.
მეორე ტაიმი ისევ “ლელოს” შეტევებით დაიწყო. ჯოგლიძემ კიდევ ერთხელ ითამაშა ბრწყინვალედ, მოკლე მანძილზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა, ხაზი გაჭრა და კაჭარავამ ლელო გაიტანა, ყიასაშვილმა კი, ამჯერად რეალიზაცია გამოიყენა და თავისი გუნდი 20:0 დააწინაურა. “ლოკომოტივმა” ჯარიმები არც კარში ურტყა და არც აუტებში, ხელდახელ უტია, ცოტა “ლელოც” მოდუნდა და მეტოქეს სიტუაციის შეცვლის საშუალება მისცა. ლოკომოტიველებმა ჩემპიონის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში დაახლობით 10 წუთი გაატარეს. რამდენიმე მიძალება “ლელომ” შეაჩერა, ერთხელ მსაჯმა ლელო ვერ დააფიქსირა, მაგრამ სტუმართა თავგამოდებამ შედეგი მაინც გამოიღო და 65-ე წუთზე გუჯარაიძემ ლელო გაიტანა, კვინიხიძემ კი რეალიზაცია ზუსტად შეასრულა.
“ლოკომოტივმა” ჩვეულ სტილში განაგრძო თამაში და დაახლოებით 5 წუთში მეორედ იხეირა. ჯარიმების გათამაშებით და ძალისმიერი მიწოლით, გუჯარაიძემ მეორე ლელო მიითვალა, კვინიხიძეს რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტი იყო და სხვაობა ექვს ქულამდე დავიდა - 14:20. “ლელო” ამის შემდეგღა მოეგო გონს, თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანა, მას დაჯარიმება აიძულა და ყიასაშვილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა, თუმცა, ერთ წუთში ჯარიმით უკვე კვინიხიძემ იხეირა და 6-ქულიანი სტატუსქვო აღადგინა. ამას კვლავ “ლელოს” შეტევა მოყვა, მათ ლელოს გატანაც შეეძლოთ, თუმცა ეს ვერ შეძლეს, მაგრამ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და ყიასაშვილმა ახლო მანძილიდან საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 26:17.
ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოედანზე “ვისოლი-ყოჩები” და რუსთავის “ხარები” გავიდნენ. “ყოჩებს” ზედიზედ ორი შეხვედრა ჰქონდათ წაგებული, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა სათუო გაუხდათ და მიზნის გასაადვილებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. ამრიგად, ისინი პირველივე წუთებიდან მიეძალნენ მეტოქეს და კალმახელიძეს გარღვევა მამუკაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა, მახარაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა. მე-7 წუთზე მახარაშვილმა ჯარიმა შეასრულა ზუსტად და მასპინძლები 10:0 დაწინაურდნენ. რუსთაველები ამის შემდეგღა გააქტიურდნენ და წიკლაურს ჯარიმით ორჯერ ჰქონდა სხვაობის შემცირების შანსი, მაგრამ ორივეჯერ არაზუსტად დაარტყა. 22-ე წუთზე “ხარებმა” ლელო” გაიტანა, მაგრამ რეფერიმ ბოლო გადაცემისას წინ პასი დააფიქსირა და რუსთაველებს უპირატესობით ბოძებული ჯარიმა დაუბრუნა. “ხარები” არ მოეშვა, ჯარიმები გაათამაშა და ლელოზე ითამაშა, დაახლოებით 5 წუთიანი მცდელობის შემდეგ კი, მიზანს კობერიძემ უწია, წიკლაურმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
31-ე წუთი მიდიოდა, როდესაც “ვისოლი-ყოჩებმა” მეტოქის ნახევარზე ბურთი დაკარგა, დგებუაძემ მეტოქე ყელით შებოჭა, რის გამოც სინბინი დაიმსახურა და “ხარებმა” რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს, მაგრამ ხეირის ნაცვლად, ამ პერიოდში მათ 9 ქულა თავად მიიღეს. თბილისელებმა კარგად წარმართეს თამაში, მეტოქეს დაჯარიმება აიძულეს და მახარაშვილმა 33-ე, 37-ე და 39-ე წუთებზე, თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა - 19:7. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს - ჯერ წიკლაურმა გაიტანა, მერე მახარაშვილმა. მახარაშვილმა ჯარიმა მეორე ნახევრის შუაწელსაც გამოიყენა და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. “ხარებმა” ჩამორჩენა ასევე ორი ჯარიმით შეამცირა, რომლებიც წიკლაურმა 72- და 76-ე წუთებზე გამოიყენა, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც “ვისოლი-ყოჩებს” დარჩა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლელო გაიტანა, მახარაშვილის რეალიზაცია კი ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა - 32:16.
ზედიზედ მეორედ დამარცხდა ამ რაუნდამდე რეგულარული პირველობის ლიდერი ქუთაისის “აია”. როგორც ჩანს, ამ გუნდს არალიდერ გუნდებთან დაპირისპირებისას მობილიზება უჭირს. გასულ ტურში ისინი “არმაზთან” 24:25 დამარცხდნენ, ახლა კი “აკადემიასთან” 11:18 წააგეს. “აია”-ს მხრიდან ლელო ლომიძემ გაიტანა, რასაც სინაურიძემ ორი ჯარიმა შემატა. მათი მხრიდან სინბინი ჩხიკვაძემ დაიმსახურა. “აკადემიამ” 6 ჯარიმა გამოიყენა, ყველა მათგანი მეკოკიშვილმა შეასრულა.
როგორც იქნა გამარჯვებას მიაღწია “ბათუმი XV”-მა, რომელმაც “ანგისაზე”, წვიმიან ამინდში თბილისის “არმაზი” 27:13 დაამარცხა. ბათუმელებს აქამდე ზედიზედ 8 შეხვედრა ჰქონდათ წაგებული და უმაღლესში დასარჩენად გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. მოახერხეს კიდეც, მაგრამ ბოლო ადგილს თავი ჯერ ვერ დააღწიეს და საამისოდ დარჩენილ ოთხ ტურში ძალთა მაქსიმალური მობილიზება მართებთ.
საქართველოს XXII ჩემპიონატი რაგბიში. მეორე წრე
23 სექტემბერი. ხუთშაბათი. X ტური
თბილისი. “ვისოლი”. 300 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 26:17 (13:0)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ჯოგლიძე, 13. კორკელია (მანჯავიძე), 12. ანდღულაძე, 11. გუგავა, 10. ლომინაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე (გაბელია), 2. ჭყონია, 3. სჯაშვილი, 4. ხორბალაძე, 5. აზალაძე, 6. ი. მაისურაძე (ჯალაღონია), 7. დაუშვილი, 8. ჭყოიძე.
3 ლელო: ყიასაშვილი, ჯოგლიძე, კაჭარავა
1 გარდასახვა: ყიასაშვილი
3 ჯარიმა: ყიასაშვილი
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
ლოკომოტივი: 15. ჟამუტაშვილი, 14. შიოშვილი, 13. ხუციშვილი, 12. კობერიძე, 11. ჩიტიძე, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი, 2. ზარიძე (ელოშვილი), 3. პეტრიაშვილი (ვეფხვაძე), 4. ოზგებაშვილი, 5. გუჯარაიძე, 6. ნიშნიანიძე (ჭურღულია), 7. ბერიშვილი, 8. ზ. მაისურაძე.
2 ლელო: გუჯარაიძე
2 გარდასახვა: კვინიხიძე
1 ჯარიმა: კვინიხიძე
მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი
რეფერი: ნარიმანიძე
თბილისი. “ვისოლი”. 300 მაყურებელი
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 32:16 (19:7)
ვისოლი-ყოჩები: 15. მახარაშვილი, 14. გეგენავა, 13. გრძელიშვილი (ნიჟარაძე), 12. ადანაია, 11. სონღულაშვილი (ხელაძე), 10. გაბუნია (კვარაცხელია), 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (შენგელია), 2. მამუკაშვილი (ბრეგვაძე), 3. ხოსიტაშვილი, 4. არჩუაშვილი, 5. ბელაშვილი (ბალიაშვილი), 6. ტყეშელიაძე (ცხვედიანი), 7. კალმახელიძე, 8. დგებუაძე.
2 ლელო: მამუკაშვილი, არჩუაშვილი
2 გარდასახვა: მახარაშვილი
6 ჯარიმა: მახარაშვილი
სინბინი: დგებუაძე (31)
ხარები: 15. შუბითიძე, 14. მელიქიშვილი (ბებიაშვილი), 13. ღამბაშიძე, 12. ლობჟანიძე (ჭაავა), 11. ბებიაშვილი, 10. წიკლაური, 9. ხუციშვილი (ზირაქაშვილი); 1. მაჭარაშვილი, 2. კაკაბაძე, 3. მოქია, 4. ქარუხნიშვილი (აღაშვილი), 5. კობერიძე (ქვლივიძე), 6. ღამბარაშვილი, 7. გოგიაშვილი, 8. ცხადაძე.
1 ლელო: კობერიძე
1 გარდასახვა: წიკლაური
3 ჯარიმა: წიკლაური
რეფერი: ჯავახიშვილი
თბილისი. “მიხეილ მესხი” (ცენტრალური)
აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი) 11:18
ბათუმი. “ანგისა”
ბათუმი XV (ბათუმი) - არმაზი (თბილისი) 27:13
1. ლელო 10 8 0 2 272-118 16
2. აია 10 7 0 3 236-181 14
3. ვისოლი-ყოჩები 10 6 1 3 213-151 13
4. ლოკომოტივი 10 6 0 4 206-1147 12
5. არმაზი 10 4 0 6 162-244 8
6. აკადემია 10 3 1 6 129-156 7
7. ხარები 10 3 0 7 116-244 6
8. ბათუმი XV 10 2 0 8 164-257 4
მომდევნო ტური
28 სექტემბერი: აკადემია - არმაზი, ლოკომოტივი - ბათუმი XV, ვისოლი-ყოჩები - ლელო, ხარები - აია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია