ამბები

16:03 | 26.09.2010 | ნანახია 3163 - ჯერ

შველიძემ “მონპელიე” გაალიდერა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელმა გოდერძი შველიძემ, საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის VIII ტურში, “ლა როშელს” მე-3, პრემიალური ქულის მომტანი ლელო გაუტანა და ქართველების “მონპელიე” სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
ამრიგად, დავით ზირაქაშვილისა და მამუკა გორგოძის შემდეგ, შველიძე გახდა მესამე ქართველი, რომელმაც Top 14-ის წლევანდელ გათამაშებაში ლელო გაიტანა.
“მონპელიე” “ლა როშელს” მასპინძლობდა და პირველი ტაიმის შემდეგ, უკვე 13:0-ს იგებდა. მასპინძლები ლელოთი დაწინაურდნენ, გარდასახვა ვერ გამოიყენეს, მერე ჯარიმიდან იხეირეს, ზედ შესვენების წინ კი, მეორე ლელო გაიტანეს, ოღონდ რეალიზაცია ამჯერადაც არაზუსტი აღმოჩნდა.
მე-2 ნახევრის საწყის 15 წუთში, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 56-ე წუთზე კი, სტუმართა უკანახაზელმა მეორე ყვითელი, შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო და სტუმართა გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
“მონპელიე” ისედაც საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, ამის შემდეგ კი, სულ მთლად გაილაღა და მეტოქე საკუთარ 22-ში გამოკეტა, ოღონდ მანამდე ჯარიმით ანგარიში 19:3 გახადა. სტუმრთა ერთ-ერთ კონტრშეტევას ჯარიმა და სხვაობის შემცირება მოჰყვა, შველიძემ კი ლელო 71-ე წუთზე გაიტანა. ამჯერად, რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. “მონპელის” ქართული ოთხეულიდან, ამ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ გიორგი ჩხაიძეს არ მიუღია. მამუკა გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შერკინების მე-3 ხაზში სრულად გაისარჯა. შველიძე მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა, კიდევ ერთი პირველხაზელი გიორგი ჟღენტი კი, თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო.
ამრიგად, “მონპელიემ”, რომელიც გასულ წელს უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოდა, მიმდინარე გათამაშებაში 8-დან 6 შეხვედრა მოიგო, 27 ქულა მოაგროვა და “მეტრო რასინგს”, რომელსაც ასევე 27 ქულა აქვს, დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო.
VIII ტურის შეხვედრების შემდეგ, ოქმში კიდევ ერთი ქართველის გვარი მოხვდა - დავით ხინჩაგიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო. მისი და ვასილ კაკოვინის “ბრივი” გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ “ტულუზას” მასპინძლობდა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. ტრიბუნაზე შეკრებილი 12 ათასი მაყურებელი მას შემდეგ გაიტრუნა, რაც “ტულუზამ” მე-5 წუთამდე ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა და 10:0 დაწინაურდა. ტაიმის მეორე ნახევარში მასპინძლებმა ლელო-გარდასახვით სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, 36-ე წუთზე კი ჯარიმა გამოიყენეს და ტაიმი 10:10 დასრულდა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში “ბრივი” არეკნით დაწინაურდა, 67-ე წუთზე კი ჯარიმიდანაც იხეირა, მაგრამ ბოლო ათ წუთში სტუმრებმა 2 ჯარიმა გამოიყენეს და შეხვედრა 16:16 დამთავრდა.
კაკოვინი განაცხადში არ იყო, ხინჩაგიშვილი კი მოედანზე 44-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველმა პირველხაზელმა სინბინი 59-ე წუთზე დაიმსახურა. “ბრივს” 17 ქულა აქვს (3 მოგება, 1 ფრე, 4 მარცხი) და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილი უკავია.
ჯონ უილკინსონის დიდებული თამაშის შედეგად, სტუმრად, ანგარიშით 26:3, დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა” აუტსაიდერი “ბურგონი” გაანადგურა. ინგლისელმა ამ შეხვედრაში ორ-ორი ჯარიმა, არეკნი და გარდასახვა გაიტანა. ტულონელებს გული მხოლოდ იმაზე თუ დაწყდებათ, რომ პრემიალური ქულის მომტანი მე-3 ლელო ვერ გაიტანეს. ქართველი პირველხაზელი განაცხადში იყო და მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა. “ტულონს” 23 ქულა აქვს (5 მოგება, 3 წაგება) და “ტულუზასთან” ერთად მესამე-მეოთხე საფეხურს იყოფს.
საფრანგეთის ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, 24:6 დაამარცხა აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, მაგრამ 3 ლელოს გატანა და პრემიალური ქულის აღება ვერც მან მოახერხა. “კლერმონი” არეკნით დაწინაურდა, “კასტრმა” ჯარიმით გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდე 3 ჯარიმა და ერთი ლელო გაიტანეს და შესვენებაზე გასვლისას 17:3-ს იგებდნენ.
მე-2 ნახევრის დასაწყისში სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, “კლერმონმა” კი მე-60 წუთზე ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ზირაქაშვილი თამაშში 43-ე წუთზე ჩაერთო, “კასტრის” ქართველები კი განაცხადში არ იყვნენ.
ამ მოგების შემდეგ, “კლერმონს” 19 ქულა (4 მოგება, 4 მარცხი) დაუგროვდა და “ბიარიცთან” და “სტად ფრანსესთან” ერთად VII-IX ადგილებს იყოფს, ხოლო “კასტრი 18 ქულით (4 მოგება, 4 მარცხი) მე-10 საფეხურზეა.
ბექა შეყლაშვილის “აჟენი”, საკუთარ მოედანზე “სტად ფრანსესთან” 12:27 დამარცხდა. ქართველ პირველხაზელს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მასპინძლებმა ქულები მხოლოდ პირველ ტაიმში აგროვეს - 2 ლელო გაიტანეს და ერთი რეალიზაცია გამოიყენეს. ზედ შესვენების წინ, ისინი 12:11-ს იგებდნენ, მაგრამ ჯარიმა გაუშვეს და ტაიმი 12:14 დათმეს, მე-2 ნახევარში კი, ქულები მხოლოდ სტუმრებმა აგროვეს. “აჟენისთვის” ეს მე-6 მარცხია, მხოლოდ თითო-თითო გამარჯვება და ფრე აქვს და 7 ქულით ბოლოსწინა მე-13 ადგილზეა.
ქართული ფესვების მქონე, საფრანგეთის მოქალაქე დიმიტრი იაშვილის “ბიარიცი”, “მეტრო რასინგთან” 12:17 დამარცხდა. იაშვილმა შეცვლაზე ითამაშა და 2 ჯარიმა გაიტანა. VIII ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, “პერპინიანმა” სტუმრად “ბაიონი” 26:25 დაამარცხა. Top 14-ის მომდევნო ტური 1-2 ოქტომბერს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08017