საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის XI ტურის შემდეგ, საფლეიოფო ოთხეულში დამკვიდრების შანსი თბილისის “ლელოს” და ქუთაისის “აია”-ს აქვთ. ამისათვის მათ, თავიანთი შეხვედრების მოგება მართებთ და თუ ეს მოახერხეს, ფლეი ოფში თამაში გარანტირებული ექნებათ.
ტურის ცენტრალურ შეხვედრას დიდ დიღომში მდებარე “ვისოლის” ბაზა უმასპინძლებს, სადაც “ვისოლი-ყოჩები”, დედაქალაქურ დერბიში “ლელოს” დაუხვდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს, არა მხოლოდ დედაქალაქური, არამედ დიდი დიღმის დერბიცაა, რადგან “ლელო” ამ უბნის გუნდად ითვლება, “ყოჩებმა” კი იქ ახლახანს დაიდო ბინა. აღსანიშნავია, რომ “ვისოლი-ყოჩები” იყო ის გუნდი, რომელმაც 2008 წლის საჩემპიონო ფინალის შემდეგ, “ლელოს” პირველი მარცხი აგემა და ახლა, საქართველოს ჩემპიონსა და თასის მფლობელს რევანშის შანსი ეძლევა.
ზემოთნახსენები შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრისა იყო და მაშინ, “ვისოლი-ყოჩებმა” “ლელო” 13:9 დაამარცხა. გასულ ტურში, ორივე ამ გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. “ლელომ” ჩემპიონობის მაძიებელ “ლოკომოტივს” სძლია და რადგან ქუთაისის “აია” დამარცხდა, პირველ საფეხურზე აინაცვლა, “ვისოლი-ყოჩებმა” კი რუსთავის “ხარებს” აჯობა და მესამე ადგილამდე აღზევდა. “ლელო”, გამარჯვების შემთხვევაში, ლიდერის პოზიციას გაიმყარებს და ქულათა იმ მარაგს დააგროვებს, რომლითაც საფლეიოფო ოთხეულში თამაში გარანტირებული ექნება.
თავის მხრივ, “ვისოლი-ყოჩებს” მოგება, ლიდერთან მაქსიმალურად მიახლოვების შანსს მისცემს, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ავსტრალიური ფლე ოფის პირველ ეტაპზე, პირველადგილოსანი მეორეადგილოსანს ეთამაშება და გამარჯვებული ფინალში თამაშის უფლებას იღებს, დამარცხებულს კი, იქ მოხვედრის შანსი კიდევ აქვს. ის ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მესამე და მეოთხეადგილოსან გუნდებს შორის გამარჯვებულს მცირე ფინალში შეხვდება, ხოლო ზემოთნახსენებ წყვილს შორის წაგებული, სეზონს მეოთხე საფეხურზე ასრულებს.
საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება “მიხეილ მესხის” ცენტრალურ მოედანზე. “აკადემია” “არმაზს” ეთამაშება და გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო ოთხეულში მოხვედრის შანსი კიდევ შერჩება, დამარცხებული კი, პრაქტიკულად უიმედოდ რჩება. ამასთან, ამ შეხვედრაში მოგება, პრაქტიკულად იმის ტოლფასი იქნება, რომ ეს გუნდი საგაისოდ უძლიერესთა შორის დარჩენას გაინაღდებს თუ ძალიან არ მოინდომა, დაქვეითების საშიშროება აღარ დაემუქრება. პირველ წრეში, გუნდებმა ერთმანეთს თითო-თითო ლელო გაუტანეს, მაგრამ “არმაზმა”, მეტოქისგან განსხვავებით, რეალიზაციაც გამოიყენა და ზედ ჯარიმაც დააყოლა, შედეგად კი 10:5 იმარჯვა.
ბოლო ორი ტურია, “აკადემია” ძლიერად გამოიყურება და ლიდერებთან ტოლსწორად თამაშს ახერხებს - გასულ ტურში ქუთაისის “აია” დაამარცხა (18:11), მანამდე კი, “ვისოლი-ყოჩებთან” ფრეს გამორჩა. ორი ტურის წინ, “აია” “არმაზმაც” დაამარცხა (25:24), მაგრამ გასულ ტურში, აუტსაიდერ “ბათუმი XV”-თან დაეცა და ფლეი ოფში მოხვედრის საქმე გაირთულა.
თბილისში გასამართ მესამე მატჩს დიღომში მდებარე “ლოკომოტივის” ბაზა უმასპინძლებს და იქ, “ლოკომოტივი” “ბათუმი XV”-ს დაუხვდება. ბათუმელებმა, გასულ ტურში “არმაზის” ძლევით, საგაისოდ უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი გაიჩინეს და ახლა, მდგომარეობის გაუმჯობესებას ეცდებიან. თავის მხრივ, “ლოკომოტივმა” “ლელოსთან” მარცხით მეოთხე ადგილზე ჩაინაცვლა და ახლა, მოგება იმის მანიშნებელი იქნება, რომ საჩემპიონო ფლეი ოფში დამკვიდრებას მიუახლოვდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ ტურში, ის უშუალო კონკურენტებს ეთამაშება და შეიძლება ისე მოხდეს, პირველ-მეორე ადგილს უწიოს, ასე რომ, ახლა ქულების დაკარგვა მისთვის გაუმართლებელი იქნება.
აგერ, უკვე ორი შეხვედრაა არ მოუგია და ამ მოჯადოებული წრის გარღვევას ეცდება ქუთაისის “აია”. აღსანიშნავია, რომ ლიდერებთან კარგად მობურთალი ქუთათურები, ორივეჯერ ქვედა ოთხეულის გუნდებთან დამარცხდნენ - ჯერ “არმაზთან” 24:25 და მერე “აკადემიასთან” 11:18. ახლა, მათი მეტოქე ქვედა ოთხეულის კიდევ ერთი წარმომადგენელი რუსთავის “ხარები” იქნება. რუსთაველები უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვიან და საკუთარ ქალაქში ქულების დაკარგვა, მათთვის მიუღებელი იქნება, რადგან ბათუმელები კვალში უდგანან და ღმერთმა იცის, დარჩენილ შეხვედრებში რა მოხდება. თავის მხრივ, “აია”-ს ოთხეულში დამკვიდრების და ლიდერობის დაბრუნების შანსი აქვს. ასე რომ, რუსთაველი მაყურებელი საინტერესო დაპირისპირებას იხილავს.
28 სექტემბერი. სამშაბათი.
XI ტური თბილისი.
“მიხეილ მესხი”. 16:00 საათი
აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “ლოკომოტივი. (ბაზა). 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი)
თბილისი. “ვისოლი”. 16:00 საათი
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - ლელო (თბილისი)
რუსთავი. “ტექნიკუმი”. 16:00 საათი
ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი)
1. ლელო | 10 | 8 | 0 | 2 | 272-113 | 16 |
2. აია | 10 | 7 | 0 | 3 | 236-181 | 14 |
3. ვისოლი-ყოჩები | 10 | 6 | 1 | 3 | 213-151 | 13 |
4. ლოკომოტივი | 10 | 6 | 0 | 4 | 106-147 | 12 |
5. არმაზი | 10 | 4 | 0 | 6 | 162-244 | 8 |
6. აკადემია | 10 | 3 | 1 | 6 | 129-156 | 7 |
7. ხარები | 10 | 3 | 0 | 7 | 116-244 | 6 |
8. ბათუმი XV | 10 | 2 | 0 | 8 | 164-257 | 4 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია