ამბები

12:24 | 30.09.2010 | ნანახია 3577 - ჯერ

ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები სამხრეთ აფრიკიდან ბრუნდებიან

ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები, სამხრეთაფრიკული სტაჟირების შემდეგ, სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან. საგანგებოდ შერჩეულმა შვიდმა სპორტსმენმა, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, სტელენბოშის აკადემიაში გაიარა წვრთნისა და მომზადების სპეციალური კურსი.
ქალაქ სტელენბოშის აკადემია მსოფლიოს განთქმული სარაგბო მექაა, სადაც ახალგაზრდა ბიჭებისგან ჭკვიან სპორტსმენებსა და მაღალი რანგის პროფესიონალებს აყალიბებენ. სწორედ ეს აკადემია გახლავთ “ქურციკებად” წოდებული სამხრეთაფრიკული ნაკრების სამჭედლო. ქართველი სპორტსმენების, მწვრთნელებისა და მსაჯების სტელენბოშში მივლინება, საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის დასავლეთ პროვინციების სარაგბო კავშირებს შორის ამ გაზაფხულზე გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხდება.
იგივე მემორანდუმი, სამხრეთაფრიკელი სპეციალისტების ქუთაისისა და თბილისის სარაგბო აკადემიებში ერთთვიან მუშაობასაც ითვალისწინებს. სტელენბოშის პირველი 7 სტაჟიორი თვრამეტწლამდელთა ნაკრებიდან შეირჩა, რომელმაც წლეულს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ ჯერზე სამხრეთ აფრიკაში ეს მორაგბეები იმყოფებოდნენ: ლაშა ლომიძე (“აკადემია”), ლევან გოგოლაშვილი (“აკადემია”), სანდრო ქოიავა (“ლელო”), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”), გოდერძი ჭინჭარაული (“ლელო”), ზურაბ ძნელაძე (“აია”), გიგა გაგოშვილი (“შევარდენი”).
ახალგაზრდა მორაგბეების სტელენბოშის აკადემიაში სასწავლებლად გაგზავნა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მხარდაჭერით ხდება, რომელიც, ამავდროულად, საქართველოს A ნაკრებს უწევს დახმარებას და საქართველოს მასშტაბით, სარაგბო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უწყობს ხელს.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.676269