მართალია, საქართველოს პირველლიგელ მორაგბეთა რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ ორი სრული ტური და ერთი გადადებული შეხვედრა დარჩა, მაგრამ უკვე ცნობილია ის გუნდი, რომელიც საგაისოდ უძლიერესთა შორის ითამაშებს.
გორის სახელით მობურთალმა თსუ-“ლომებმა”, გადადებულ შეხვედრაში თბილისის “ხულიგანას” შანსი არ დაუტოვა, ხუთი უპასუხო ლელო გაუტანა, ზედ სამი რეალიზაცია მიაყოლა, მეტოქეს მხოლოდ 5 ჯარიმის გამოყენების საშუალება მისცა და 31:15 იმარჯვა. “ლომებისთვის” ეს ზედიზედ მე-12 გამარჯვებაა, გუნდმა 24 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მწვერვალზე მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ასე რომ, მომავალი წლისთვის უმაღლესი ლიგის გეოგრაფიას კიდევ ერთი ქალაქი - გორი დაემატება. აღსანიშნავია, რომ “ლომებმა” განვლილ 12 მატჩში 91 ლელო გაიტანეს, მაშინ, როდესაც თავად მხოლოდ 10 გაუშვეს, გატანილ გაშვებული ქულების სხვაობა კი +482 აქვთ (599-117).
მეორე ადგილზე გასვლის და უმაღლესში გადასავლელ ფლეი ოფში თამაშის შანსს ერთბაშად სამი გუნდი ინარჩუნებს. ამ ეტაპისთვის მეორე ადგილს ქუთაისის “ბაგრატი” იკავებს, რომელმაც 11 შეხვედრაში 17 ქულას (8 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი) მოუყარა თავი. ქუთაისელთა მსგავსად, 17 ქულა აქვს თბილისის “ხულიგანას”, ოღონდ მას 12 მატჩი აქვს ჩატარებული. მართალია, “ბაგრატი” “ხულიგანას გატანილ-გაშვებული ქულათა სხვაობით ჩამორჩება (“ბაგრატს” +115, “ხულიგანას” +172), მაგრამ ქუთაისელებს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული და დაწინაურების შანსი აქვთ. ამასთან, ქულათა ტოლობის შემთხვევაში, “ბაგრატი” “ხულიგანაზე” წინ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, რადგან ქუთაისში მასპინძლებმა 11:9 იმარჯვეს, თბილისში კი მატჩი 9:9 დასრულდა და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.
ფლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს თბილისის “ივერისაც”, რომელმაც “ბაგრატის” მსგავსად 11 შეხვედრა გამართა და 16 ქულა მოაგროვა (8 მოგება, 3 წაგება). გადადებულ შეხვედრებს ეს გუნდები სწორედ ერთმანეთში, თბილისში გამართავენ და ბევრი რამ, შესაძლოა, სწორედ იქ გადაწყდეს. პირველ წრეში “ივერიამ” სტუმრად 17:11 იმარჯვა და იმედს არც ახლა კარგავს. XIII რაუნდში, 2 ოქტომბერს “ივერია” თი ბი სი-ს (6 ქულა) ეთამაშება. დანარჩენი თამაშები 3 ოქტომბერს გაიმართება და თსუ-“ლომები” აუტსაიდერ ოზურგეთის “არწივებს” (3 ქულა) უმასპინძლებს, “ბაგრატი” ბოლოდან მეორე საფეხურზე მყოფ ფოთის “კოლხ რაინდებს” (4 ქულა) დაუხვდება, “ხულიგანა” კი ცხრილის შუაგულში მყოფ თბილისის “დევებს” (7 ქულა) ეთამაშება.
უკვე დასრულდა საქართველოს მეორე ლიგის გათამაშება, რომელიც წარმატებით განვლო თბილისის “ჯიქებმა” და პირველი ლიგის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ სარაგბო პირველობაზე, მეორე ლიგა წელს დაარსდა, რაც გუნდების მატებით იყო განპირობებული. მეორე ლიგაში ამ ეტაპზე სულ 5-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, “ჯიქებმა” 8-დან 8 შეხვედრა მოიგო და მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია