ამბები

11:25 | 2.10.2010 | ნანახია 2217 - ჯერ

"აიამ" სტრატეგია შეცვალა და ზღვისპირეთს მიაშურა

აღმოსავლეთ საქართველოში ზედიზედ სამი თამაშის წაგების შემდეგ (ორჯერ თბილისში, ერთხელ რუსთავში), ქუთაისის “აიამ” სტრატეგია შეცვალა და ქვეყნის ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი თბილისის “ლელო”, ცენტრალური შეხვედრის გასამართად ფოთში, მალთაყვაში “დაიბარა”.
საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატის რეგულარული პირველობის XII რაუნდის შემდეგ, შესაძლოა, უკვე გაირკვეს იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც წელს უძლიერესის ტიტულისთვის იბრძოლებენ. ეს უფლება უკვე მიიღო “ლელომ”, ხოლო თბილისის “ვისოლი-ყოჩებს” და “ლოკომოტივს”, ასევე ქუთაისის “აია”-ს, ამ უფლების დაბევება საკუთარი მატჩების მოგებით შეეძლებათ, თუმცა შესაძლოა, პროგრამა-მინიმუმის ნაადრევად მიღწევაში, ზოგიერთ მათგანს ხელი მარცხმაც ვეღარ შეუშალოს. ეს ოთხეული ქვედა ეშელონის გუნდებს საკმარისი ფორით უსწრებს, მაგრამ საქართველოს პირველობის დებულების თანახმად, რეგულარულ პირველობაში მაღალი ადგილის დაკავება გარკვეულ უპირატესობას იძლევა და ამრიგად, დარჩენილი მატჩები, ყველა მათგანისთვის, მაინც მნიშვნელოვანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, საუკეთესო ოთხეული ავსტრალიურ ფლეი ოფს თამაშობს, რომლის პირველ ეტაპზე პირველადგილოსანი მეორეადგილოსანს ხვდება და გამარჯვებული ფინალში თამაშის უფლებას იღებს, დამარცხებულს კი, იქ მოხვედრის შანსი კიდევ აქვს და მცირე ფინალში მიზნის მისაღწევად, მესამე-მეოთხეადგილოსანს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მესამე-მეოთხედგილოსან წყვილს შორის დამარცხებული გუნდი, საჩემპიონო რბოლას ეთიშება და სეზონის ჯამში მეოთხე ადგილს იკავებს. აქვე გეტყვით, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ბოლო, მერვე ადგილზე გასული გუნდი, საგაისოდ უმაღლეს ლიგას ემშვიდობება და ადგილს პირველი ლიგის პირველადგილოსანს უთმობს (წელს, პირველ ლიგაში პირველი ადგილი გორის თსუ-“ლომებმა” ვადაზე ადრე დაიკავა), ბოლოდან მეორე, ანუ მეშვიდე საფეხურზე გასული გუნდი კი, პირველი ლიგის მეორეადგილოსანს უძლირესთა შორის მოხვედრის უფლებისთვის ორმატჩიან დუელს გაუმართავს.
ზემოთვე ვთქვით, რომ ამ რაუნდის ცენტრალური დაპირისპირება მალთაყვაში გაიმართება. “აია” გულშემატკივართა გამო დაისაჯა და სამი შეხვედრის გამართა ქუთაისიდან 100 კილომეტრის დაშორებით დაეკისრა. პირველი ორი შეხვედრა მათ თბილისში ჩაატარეს, ახლა კი, “ლელოს” დასავლეთ საქართველოში ელიან. ამით, “აია” ერთგვარი უპირატესობის მოპოვებას ეცდება – წესით, თბილისელები შორეულმა მგზავრობამ უნდა დაღალოს, ჰავის ცვლილებამაც გარკვეული გავლენა იქონიოს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისელები ლიდერებთან განსაკუთრებული მობილიზებით თამაშობენ და ახლაც ასეთი შემთხვევა უნდა იყოს. პირველ წრეში, მათ ჩემპიონი გორში 30:26 წააქციეს და მთლიანობაში, რეგულარულ პირველობას დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ, მაგრამ ბოლო დროს, მათი საქმე უკან-უკან წავიდა. აგერ, უკვე სამი მატჩია, რაც “აია”-ს გამარჯვების გემო არ უგრძვნია და სამივე შემთხვევაში ქვედა ოთხეულის გუნდებთან დაეცა - ჯერ “არმაზთან” 24:25, მერე “აკადემიასთან” 11:18, გასულ ტუტრში კი, რუსთავში ადგილობრივ “ხარებთან” 12:16.
თავის მხრივ, გასულ ტურში დამარცხდა “ლელოც”  “ვისოლი-ყოჩებთან” 27:28, მაგრამ ლიდერობა არ დაკარგა და ახლა, ამ პოზიციის შენარჩუნებას ეცდება. “აია”-ს, გამარჯვების შემთხვევაში პირველი საფეხურის დაბრუნების შესაძლებლობა ექნება, რადგან “ლელოს” ქულებით გაუთანაბრდება და მას, ურთიერთშეხვედრების შედეგად აჯობებს, ოღონდ, ამისათვის “ლოკომოტივმა” და “ვისოლი-ყოჩებმა” თავიანთი შეხვედრები ვერ უნდა მოიგონ.
“ლელოს” მარცხის შემთხვევაში, გალიდერების შანსი აქვს “ვისოლი-ყოჩებს”, რომელიც “ბათუმი XV”-ს მასპინძლობს. საუკეთესო ოთხეულში ადგილის დასაბევებლად, თბილისელებს ფრეც ჰყოფნით, მაგრამ ერთი ქულით მეტი ზედმეტი არ იქნება, რადგანაც ზემოთნახსენები დებულების თანახმად, რეგულარულ გათამაშებაში უკეთესი ადგილი, ფლეი ოფში უკეთეს პირობებში მოხვედრის გარანტიაა. თავის მხრივ, ბათუმელებს უძლიერესთა შორის დარჩენისთვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ჰქონდეთ და მაქსიმალური თავდადებით იბრძოლებენ. ისინი “ხარებსა” და “აკადემიას” 4-4 ქულით ჩამორჩებიან და მნიშვნელოვანია, რომ დეფიციტი მინიმუმამდე ახლავე დაიყვანონ, რათა მერე ხელის გამოღება დაგვიანებული არ იყოს.
“ვისოლი-ყოჩებმა” მეორე წრე მძიმედ დაიწყო, “აია”-სთან მარცხს “აკადემიასთან” ფრე მიაყოლა, თუმცა მერე სიტუაცია გამოასწორა და ჯერ “ხარებს” სძლია, ხოლო გასულ ტურში ჩემპიონს წელს უკვე მეორე შეხვედრაში აჯობა. ბათუმელები იბრძვიან. გასულ ტურში მათ “ლოკომოტივს” ანგარიში გაუთანაბრეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს, სამი ჯარიმა გაუშვეს და 24:33 დამარცხდნენ, თუმცა მანამდე, სეზონში მეორე გამარჯვება “არმაზის” ძლევით მოახერხეს. ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული მატჩი, “ვისოლი-ყოჩებმა” 35:17 მოიგო. თამაშს მიმზიდველს კიდევ ერთი ფაქტი ხდის - “ვისოლი-ყოჩების” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლევან მგელაძე, გასულ წელს ბათუმელებს ავარჯიშებდა და ვერცხლის მედლები მოაპოვებინა. მგელაძე ბათუმური კლუბის სახელით მოთამაშე გუნდს “შავი ზღვის თასზეც” თავკაცობდა და მათ, ამ სახელწოდების პირველი საერთაშორისო ტურნირი მოაგებინა. ეს შეხვედრა დიდ დიღომში, “ვისლოლის” ბაზაზე, 16:00 საათზე დაიწყება.
საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის ბოლო შანსისთვის იბრძოლებს თბილისის “არმაზი”. ის “აია”-ს და “ლოკომოტივს” 5-5 ქულით ჩამორჩება და მიზნის მისაღწევად, სამივე დარჩენილ შეხვედრაში გამარჯვება უნდა. პირველ მათგანს დღეს უშუალო კონკურენტ “ლოკომოტივთან” დიღომში, “ლოკომოტივის” ბაზაზე გამართავს. “არმაზი” პირველ წრეში მხოლოდ ქვედა ოთხეულის გუნდებს ამარცხებდა, წელს კი ლიდერებსაც გადაწვდა და “აია” წამოაქცია, მაგრამ გასულ ტურში “აკადემიას” დაუზავდა, ხოლო ერთი ტურით ადრე ბათუმელებთან დამარცხდა. ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ (“ხარებთან” 25:26, “ლელოსთან” 17:26), გასულ ტურში მძიმე ბრძოლაში “ბათუმი XV”-თან იმარჯვა “ლოკომოტივმა” და წარმატებული სერიის გაგრძელებას ახლაც ეცდება, მით უმეტეს, რომ მოგება მისთვის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის გარანტია იქნება და უკეთესი პოზიციისთვის ბრძოლის შანსიც შერჩება. პირველ წრეში “ლოკომოტივმა” “არმაზს” სამი ლელო გაუტანა, თავად მხოლოდ ერთი გაუშვა და მეტოქე 21:7 დაჯაბნა.
საინტერესო ბრძოლა შედგება “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე და მასში გამარჯვებულ გუნდს საგაისოდ უძლიერესთა შორის დარჩენის შანსები მნიშვნელოვნად გაეზრდება. თბილისის “აკადემია” და რუსთავის “ხარები”, 8-8 ქულით VI-VII ადგილებზე არიან და სულ მთლად პირდაპირ დაქვეითების თუ არა, უმაღლესში დარჩენისთვის პირველლიგელთან გასამართი ფლეი ოფის უმთავრესი კანდიდატები არიან. გამარჯვება ერთ-ერთ გუნდს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და ამრიგად, სერიოზული ბრძოლა უნდა გაიმართოს.
პირველ წრეში, “აკადემიამ” “ხარებს” რუსთავში ორი ლელო გაუტანა, 17:3 დაამარცხა და ურთიერთშეხვედრებში 14 ქულიანი უპირატესობა აქვს. მიუხედავად ამისა, რუსთაველებმა მეორე წრეში თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესეს და ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხში, გამარჯვება მოიპოვეს, თანაც “ვისოლი-ყოჩები”, “ლოკომოტივი” და “აია” დაამარცხეს, ეს კი, მათ სიძლიერეზე მეტყველებს. თუ ვერ იგებდა, დიდი სხვაობით არ მარცხდებოდა “აკადემიაც”, მაგრამ ამ გუნდს გამარჯვების მოპოვება ახლაც უჭირს. ბოლო სამი შეხვედრიდან, მათ ორი ფრედ დაასრულეს - “ვისოლი-ყოჩებთან” 16:16 და გასულ ტურში “არმაზთან” 22:22, ხოლო შუალედში, “აია” 18:11 დასცეს. რომელი გუნდი იქნება უკეთეს მზადყოფნაში, ვაკეში 16:00 საათიდან გამოჩნდება.   

საქართველოს XXII ჩემპიონატი რაგბიში. მეორე წრე
2 ოქტომბერი. შაბათი. XII რაუნდი

თბილისი. “მიხეილ მესხი”(სათადარიგო მოედანი). 16:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “ლოკომოტივი” (ბაზა). 16:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “ვისოლი”. 16:00 საათი
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი)
ფოთი. “მალთაყვა”. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - ლელო (თბილისი)

 

1. ლელო 11   8   0   3   299-146   16
2. ვისოლი-ყოჩები 11 7 1 3 241-178 15
3. ლოკომოტივი  11 7 0 4 239-171 14
4. აია 11 7 0 4 248-197 14
5. არმაზი 11 4 1 3 184-266 9
6. აკადემია 11 3 2 6 151-178 8
7. ხარები 11 4 0 7 132-256 8
8. ბათუმი XV 11 2 0 9 188-290 4


ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087286