მართალია ქუთაისის “აია”-მ წინა 3 შეხვედრა გათამაშების ქვედა ოთხეულის გუნდებთან დათმო, მაგრამ ლიდერს ტრადიციულად სრული მობილიზებით ეკვეთა, დაამარცხა და წარუმატებელი სერია ლამაზ სტილში შეწყვიტა.
ქუთაისელებს საკუთარ სახლში სათამაშოდ პირობები არ აქვთ და “შინაურ კედლებად” ვანის სტადიონი აქვთ მონიშნული, მაგრამ გულშემატკივართა ზედმეტად აქტიურობის გამო, საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიამ, 3 შეხვედრის ჩატარება, მათ, ქუთაისიდან 100 კილომეტრის დაშორებით დაავალა. პირველი 2 “აია”-მ თბილისში ჩაატარა, ახლა კი, გადაწყვეტილება შეცვალა და ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის “ლელო” ფოთში, მალთაყვაში მიიწვია. არც შემცდარა...
მართალია, “ლელოს” საჩემპიონო ფლეი ოფში თამაში ამ შეხვედრამდეც გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ საუკეთესო ოთხეულში დაკავებული ადგილი, ავსტრალიური ფლეი ოფისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამასთან, ქუთაისელებმა “ლელო” პირველ წრეში გორში დაამარცხეს და ერთგვარი რევანში სწყუროდათ, მაგრამ უარესი შედეგით დამარცხდნენ. თუ პირველ წრეში “აია”-ს უპირატესობამ მხოლოდ 4 ქულა შეადგინა (30:26), ამჯერად, მათ უფრო დამაჯერებლად იმარჯვეს, მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და 31:18 დაამარცხეს, რითაც რეგულარული პირველობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში მე-2 საფეხურზე აინაცვლეს, რადგან თანაბარქულიან “ლელოს” და “ლოკომოტივს” ურთიერთშეხვედრებით ჯობნიან.
“ლელოს” მარცხით “ვისოლი-ყოჩებმა” იხეირა და სატურნირო ცხრილის სათავეში მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოქცა. ახლადგამომცხვარმა ლიდერმა “ბათუმი XV”-ს უმასპინძლა, რომელიც უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის. ბათუმელებმა ახლაც მოინდომეს, მაგრამ ლევან მგელაძემ, რომელიც გასულ წელს ბათუმელებს ვერცხლის მედლების მოპოვებაში დაეხმარა, ყოფილი შეგირდების შესაძლებლობები ყველაზე კარგად იცის, ახალ გუნდთან კი, ახალი მიზნისთვის - ჩემპიონობისთვის იბრძვის. “ვისოლი-ყოჩებმა” მეტოქე 33:23 დაამარცხა.
გამარჯვება მოიპოვა და საუკეთესო ოთხეული დაიბევა “ლოკომოტივმაც”. წინა ტურში მათ “ბათუმი XV” 9 ქულის სხვაობით დაამარცხეს (33:24) და ახლაც იმავე სხვაობით იმარჯვეს, ოღონდ 31:22. მათი მსხვერპლი ამჯერად “არმაზი” გახდა, რომელსაც მატჩის მოგების შემთხვევაში, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ რჩებოდა, ახლა კი, ბრძოლა უძლიერესთა შორის დასარჩენად მოუწევს. მართალია, “არმაზს” ბოლო ადგილზე დაქვეითების საშიშროება არ ემუქრება, მაგრამ მე-7 პოზიციას პირველლიგელთან ფლეი ოფის შეხვედრა უწევს და არმაზელებსაც მაქსიმალური მობილიზება მართებთ.
საინტერესო და დაძაბული ბრძოლა შედგა თბილისის “აკადემიასა” და რუსთავის “ხარებს” შორის. მე-2 წრეში საგრძნობლად მომჯობინებულმა რუსთაველებმა, ბოლო 6 შეხვედრიდან აგერ უკვე მე-5 მოიგეს და პირველ წრეშიც ასე რომ ეთამაშა, ახლა ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნებოდა. მართალია, მათ მე-5 საფეხურს უწიეს, მაგრამ უმაღლესში დასარჩენი ფლეი ოფის მე-7 ადგილს ჯერ იმდენად არ აცილებულან, რომ თავი ქუდში იგრძნონ. მათ “აკადემია” 18:13 კი დაამარცხეს, მაგრამ ამ გუნდთან პირველ წრეში 14 ქულის სხვაობით დამარცხდნენ და რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში, ისინი აკადემიელებზე ქვევით აღმოჩნდებიან.
ამრიგად, რეგულარული პირველობის დარჩენილ ორ ტურში, ქართული რაგბის გულშემატკივარი საინტერესო ბრძოლას იხილავს - ზოგს ზედა ოთხეულში უკეთესი პოზიცია უნდა, ზოგს კი, უძლიერესთა შორის დასარჩენი ფლეი ოფიდან თავის დაღწევა.
საქართველოს XXII ჩემპიონატი რაგბიში. მეორე წრე
2 ოქტომბერი. შაბათი. XII რაუნდი
ფოთი. “მალთაყვა”
აია (ქუთაისი) - ლელო (თბილისი) 31:18
თბილისი. “მიხეილ მესხი” (სათადარიგო მოედანი)
აკადემია (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 13:18
თბილისი. “ლოკომოტივი” (ბაზა)
არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 22:31
თბილისი. “ვისოლი”
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი) 33:23
1. ვისოლი-ყოჩები | 12 | 8 | 1 | 3 | 274-201 | 17 |
2. აია | 12 | 8 | 0 | 4 | 279-215 | 16 |
3. ლელო | 12 | 8 | 0 | 4 | 317-177 | 16 |
4. ლოკომოტივი | 12 | 8 | 0 | 4 | 270-193 | 16 |
5. ხარები | 12 | 5 | 0 | 7 | 150-269 | 10 |
6. არმაზი | 12 | 4 | 1 | 7 | 206-297 | 9 |
7. აკადემია | 12 | 3 | 2 | 7 | 164-196 | 8 |
8. ბათუმი XV | 12 | 2 | 0 | 10 | 211-323 | 4 |
მომდევნო ტური
7 ოქტომბერი: ხარები - არმაზი, ლოკომოტივი - ვისოლი-ყოჩები, ბათუმი XV - აია, აკადემია - ლელო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია