ამბები

18:07 | 3.10.2010 | ნანახია 2590 - ჯერ

გორგოძის ლელომ “მონპელიეს” ვერ უშველა

საქართველოს 2008-2009 წლის საუკეთესო მორაგბემ, მამუკა გორგოძემ, საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის მიმდინარე გათამაშების IX ტურში თავისი მე-2 ლელო კი გაიტანა, მაგრამ ამან მისი გუნდი მარცხისაგან მაინც ვერ იხსნა.
ქართველი ლეგიონერებით დახუნძლული “მონპელიე” პარიზში “სტად ფრანსეს” ეთამაშებოდა და პირველი ტაიმი საშინლად ჩაატარა. მიმდინარე სეზონში ლიდერთა შორის მყოფი გუნდი, მე-4 წუთზე გაშვებული ჯარიმის შემდეგ მდევრის როლში აღმოჩნდა, მე-7 წუთზე კი, მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. ამით მასპინძლებმა იხეირეს და ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მიაყოლეს. მე-20 წუთზე, პარიზელებმა მეორე ლელოც გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და 20:0 დაწინაურდნენ. “მონპელიემ” ჯარიმით სხვაობა შეამცირა, თუმცა, შესვენებამდე მე-3 ლელო გაუშვა, მასპინძლებმა რეალიზაცია გამოიყენეს, მერე ჯარიმიდანაც იხეირეს და “სტად ფრანსემ” ტაიმი 27:3 მოიგო.
მე-2 ტაიმში მოედანზე სულ სხვა, ნამდვილი “მონპელიე” გავიდა. მისი მოთამაშეები თამაშის განახლებისთანავე მასპინძელთა 22-ში დასახლდნენ და 49-ე წუთზე ლელო გაიტანეს, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა. სტუმრებმა აგრესიული თამაში განაგრძეს და ყველას ანახეს, თუ რისი მაქნისები არიან, რასაც 62-ე წუთზე მათ მიერ გატანილი მეორე ლელო მოჰყვა. თავი გორგოძემ გამოიჩინა, ოღონდ ლელოს დასაფიქსირებლად ვიდეორეფერის ჩართვა გახდა საჭირო. რეალიზაცია ამჯერადაც არაზუსტი იყო. მართალია, სტუმრებს მოგების მცირე შანსი ჰქონდათ, რადგან ამ მომენტისთვის 14 ქულას აგებდნენ (13:27), მაგრამ ისინი თავისას მაინც ეცადნენ. არაფერი გამოვიდა, მით უმეტეს, რომ “სტად ფრანსემ” 74-ე წუთზე ჯარიმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 30:13.
სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა გორგოძემ. ასევე ძირითადში იყო და მოედანზე 57 წუთი გაატარა პირველხაზელმა გიორგი ჟღენტმა. “მონპელიეს” კიდევ ერთი პირველხაზელი გოდერძი შველიძე მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე კი, განაცხადში ამჯერადაც არ იყო. მიუხედავად მარცხისა, “მონპელიე” მაინც ლიდერთა შორისაა და “ტულონთან” და “ტულუზასთან” ერთად, 27-27 ქულით II-IV ადგილებს იყოფს, ხოლო ლიდერ “მეტრო რასინგს” ერთი ქულით ჩამორჩება.
ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგო დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”. ამჯერად, მან აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” 22:15 დაამარცხა. 51-ე წუთამდე, ინგლისელმა ჯონ უილკინსონმა 4 ჯარიმა, ერთი არეკნი და ერთი გარდასახვა გაიტანა, რომელიც ტექნიკურ ლელოს მოჰყვა. სტუმრებმა, რომელთა რიგებშიც ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ, პირველი ტაიმი 6:19 დათმეს. მთლიანობაში, მათ 5 ჯარიმა გამოიყენეს.
ტულონელთა პირველხაზელი ქუბრიაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ შეცვლაზე მხოლოდ ბოლო 4 წუთი ითამაშა. “ტულონზე” უკვე გითხარით, რომ 27 ქულით II-IV ადგილებს იყოფს, “კასტრი” კი 19 ქულით მე-10 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ ორივე ამ გუნდს, უახლოესი შეხვედრები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, “ჰეინეკენის თასზე” ექნებათ.
“ჰეინეკენის თასზე” თამაშის წინ, Top 14-ში გაილაღა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “კლერმონმა”, რომელმაც “აჟენს” 45:19 სძლია და მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა. მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა, ხოლო “აჟენის” პირველხაზელი ბექა შეყლაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. “კლერმონმა” მხოლოდ ლელოებზე ითამაშა და მეტოქეს 7 ლელო გაუტანა, რის შემდეგაც გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მიიღო. “კლერმონს” 24 ქულა აქვს და მე-6 ადგილამდე აღზევდა, ხოლო “აჟენს” 7 ქულა დარჩა და ბოლო - მე-14 ადგილზე დაქვეითდა.
დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივმა”, მე-17 წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით, “ბურგონს” პირველი ტაიმი 3:0 მოუგო, მაგრამ მე-2 ნახევარში მასპინძლებმა გაილაღეს და 18:3 იმარჯვეს. ხინჩაგიშვილი მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა, კაკოვინი კი განაცხადში არ იყო. “ბრივს” 17 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.
ქართული ფესვების მქონე საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა დიმიტრი იაშვილმა, “ბიარიცს” “ბაიონთან” სტუმრად 22:19 მოაგებინა. იაშვილმა 5 ჯარიმა, ერთი ლელო და ერთი გარდასახვა გაიტანა, რითაც საკუთარი გუნდის მიერ მოპოვებული 22 ქულის ავტორი გახდა. ტურის სხვა შეხვედრებში “პერპინიანმა” “ლა როშელს” 21:16 აჯობა, ხოლო “ტულუზამ” “მეტრო რასინგი” 28:23 დაამარცხა.
ახლა ფრანგულ კლუბებს ევროპის საკლუბო ტურნირებზე - “ჰეინეკენის თასზე” და “ამლინ ჩელენჯ ქაფ”-ზე ორკვირიანი ვოიაჟი ელით, Top 14-ის მომდევნო ტურის მატჩები კი, 23 ოქტომბერს გაიმართება.
სატურნირო მდგომარეობა: 1. მეტრო რასინგი – 28 ქულა, 2-4. მონპელიე, ტულონი, ტულუზა - 27, 5. პერპინიანი - 26, 6. კლერმონი - 24, 7-9. ბიარიცი, ბაიონი, სტად ფრანსე - 23, 10. კასტრი - 19, 11. ბრივი - 17, 12. ლა როშელი - 11, 13. ბურგონი - 10, 14. აჟენი - 7.

 

ზურა ქსოვრელი   


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079946