ამბები

19:34 | 5.10.2010 | ნანახია 4600 - ჯერ

იქნებ ათთვიანიც მოვახერხოთ...

ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები თითქმის სამთვიანი სამხრეთაფრიკული სტაჟირების შემდეგ სამშობლოში ახლახან დაბრუნდნენ. ლაშა ლომიძე, ლევან გოგოლაშვილი, სანდრო ქოიავა, მერაბ შარიქაძე, გოდერძი ჭინჭარაული, ზურაბ ძნელაძე და გიგა გაგოშვილი, ის მორაგბეები არიან, რომელთაც სამხრეთაფრიკული რაგბის სკოლა გამოსცადეს.
სამხრეთაფრიკაში სტაჟირებაგავლილი მორაგბეები, რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად, დღეს ჟურნალისტებს შეხვდნენ და თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
გია ჭუმბურიძე (საქართველოს რაგბის კავშირის ტექნიკური დირექტორი): “ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოთამაშეთა ასეთი დიდი ჯგუფი სტაჟირებაზე გავგზავნეთ. იმედია, ჩვენი მონდომება შედეგს გამოიღებს. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ბიჭები სამხრეთ აფრიკაში სწავლების მხოლოდ ბოლო მესამედში მივავლინეთ, იმედია, მომავალ წელს ქართველ სპორტსმენებს მთელი კურსის გავლის საშუალება ექნებათ”.
საქმე ისაა, რომ მთელი კურსი 10 თვეს მოიცავს, ქართველ სპორტსმენებს კი, ამ ეტაპზე სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ ორთვენახევრის გატარება მოუწიათ. სამომავლოდ ამ საკითხის გამოსწორება იგეგმება, ოღონდ ეს ყველაფერი დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ამასთან, სრული კურსის გავლას, მხოლოდ 3-4 სპორტსმენი თუ შეძლებს და სტაჟიორთა რაოდენობაც შემცირდება. ახალი ნაკადი, თუკი სრული კურსის გავლის სახსრები იქნება, იანვრის მეორე ნახევრისთვის უნდა შეირჩეს და ეროვნული გუნდისთვის პრობლემატურ - ნახევარდაცვის და უკანახაზის მორაგბეებს მიენიჭებათ უპირატესობა, თუმცა, შერკინების ხაზის გამორჩეული სპორტსმენებიც არ დაიჩაგრებიან. აღსანიშნავია, რომ კურსგავლილ მორაგბეთა უმრავლესობას, ნასწავლის წარმოჩენა ოქტომბრის მიწურულს, ევროპის ჩემპიონატზე შეეძლებათ.
“იქ ნებისმიერ წვრილმანსაც კი, უდიდესი ყურადღება ექცევა, დაწყებული ძილის რეჟიმით, კვებით დასრულებული. ფიზიკურად, ადგილობრივებს არაფრით ჩამოვუვარდებით, მაგალითისთვის, მათი პირველხაზელები ჩვენსას ვერ შეედრებიან, მაგრამ ტაქტიკურად, ტექნიკურად და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში, ჩვენზე ბევრად წინ არიან. ბოლო ორი კვირა, თითქმის ინდივიდუალური პროგრამით გავდიოდით მზადებას, რადგან იქ დასვენების პერიოდი ქონდათ. რამდენიმე თამაშში მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა კარგი იქნებოდა მზადების ციკლი სრულად გაგვევლო” - გვითხრა ერთ-ერთმა სტაჟიორმა მერაბ შარიქაძემ, რომელიც საქართველოში “აკადემიის” ღირსებას იცავს.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოს A ნაკრები სამხრეთაფრიკულ შეკრებაზე არ გაემგზარება და საერთოდ, არც შეიკრიბება. ადგილობრივებს ქართველთათვის საკადრისი სპარინგ-მეტოქეები ვერ უპოვიათ და ეროვნული გუნდის თავკაც რიჩი დიქსონსაც უთქვამს – ეს მორაგბეები ადგილზე მჭირდებაო.

ზურა ქსოვრელი

 
.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08076