მძიმე დრო უდგას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის გასული პირველობის მეორეადგილოსანს. “ბათუმი XV”-ს XXII გათამაშების რეგულარული პირველობის ორივე შეხვედრის მოგება მართებს, რათა საგაისოდ უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი შეინარჩუნოს. ამასთან, XIII ტურში, მხოლოდ მისი გამარჯვება შეღავათი არ იქნება, რადგანაც უშუალო კონკურენტი “აკადემია” თუ არ დამარცხდა, ბათუმელთა თავგამოდება ფუჭი აღმოჩნდება.
წინა ტურის შემდეგ, გამოვლინდა ის ოთხი გუნდი, რომელიც საჩემპიონო ფლეი ოფში ითამაშებს, თუმცა, რეგულარული პირველობის ბოლოს, სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილი მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ოთხეულს ჯერ კიდევ საბრძოლო აქვს. გასარკვევია ქვედა ოთხეულის, უფრო სწორად, იმ ორი გუნდის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, უმაღლეს ლიგას პირდაპირ დაემშვიდობება, მეორე კი უძლიერესთა შორის საგაისოდ დასარჩენად, პირველი ლიგის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება.
ამ ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, დიღომში მდებარე “ლოკომოტივის” ბაზაზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს “ლოკომოტივი” და “ვისოლი-ყოჩები” შეხვდებიან. ამ მატჩის შედეგმა, შესაძლოა, ლიდერის ცვლილება გამოიწვიოს. მართალია, ორივე გუნდს საუკეთესო ოთხეულში ადგილი გარანტირებული აქვს, მაგრამ რეგლამენტს კიდევ ერთხელ გადავხედოთ და ვთქვათ, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ავსტრალიურ ფლეი ოფში პირველადგილოსანი მეორეადგილოსანს ეთამაშება, გამარჯვებული ფინალის საგზურს იღებს, დამარცხებულს კი, იქ მოხვედრის შანსი კიდევ ეძლევა. ის, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მესამე და მეოთხედაგილოსან გუნდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო დამარცხებული, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ეთიშება. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებს, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მარცხის უფლება აქვთ, მესამე-მეოთხეადგილოსანს კი არა და რეგულარული პირველობის შემდეგ დაკავებული ადგილი, მნიშვნელობას ამ ფაქტორის გამო იძენს.
ამ გუნდებს შორის პირველი წრის შეხვედრა, წვიმის გამო, 15 მაისიდან 3 ივნისისთვის გადაიდო და მაშინ, “ვისოლი-ყოჩებმა” 22:15 იმარჯვა. იმ შეხვედრაში, “ყოჩებს” სამი მორაგბე გაუსინბინეს, “ლოკომოტივს” ერთი, მაგრამ პირველმა გამარჯვება მაინც მოახერხა. ლელო მხოლოდ ერთი გავიდა და სწორედ ამ ლელო-გარდასახვით იმარჯვა “ვისოლი-ყოჩებმა”. წინა ტურში ორივე გუნდმა მოიგო - “ლოკომოტივმა” “არმაზი” 31:22 დაამარცხა, “ვისოლი-ყოჩებმა” კი “ბათუმი XV”-ს 33:23 სძლია. დღევანდელი შეხვედრა “ლოკომოტივის” ბაზაზე, 15:30 საათზე დაიწყება.
თუ “ვისოლი-ყოჩები” დამარცხდა, მაშინ გალიდერების შანსი ქუთაისის “აია”-ს და თბილისის “ლელოს” ექნებათ. “აია”, რომელმაც სამმატჩიანი წაგებათა სერია გასულ ტურში “ლელოსთან” 31:18 მოგებით შეწყვიტა, ბათუმში “ბათუმი XV”-ს ეთამაშება. ზღვისპირელთათვის, ამ მატჩის მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი, მხოლოდ ორი ქულის მოპოვების შემთხვევაში ექნებათ. პირველ წრეში ამ გუნდებმა გახსნილი რაგბი ითამაშეს, ბათუმელებმა სამი ლელო გაიტანეს, ქუთაისელებმა ოთხი და 37:27 იმარჯვეს. ბათუმში მატჩი 15:30 საათზე იწყება.
“ბათუმი XV”-ისთვის გამარჯვება არაფრის მომცემი იქნება, თუ პარალელურ მატჩში “აკადემიამ” “ლელოს” დამარცხება მოახერხა. პირველს სახიფათო ზონისთვის და ბოლოსწინა ადგილისთვის თავის დაღწევა უნდა, რათა უძლიერესთა შორის ადგილი დაიბევოს და გადათამაშება აირიდოს, მეორეს კი, რეგულარულ პირველობაში პირველ-მეორე საფეხურზე დამკვიდრება სურს. ამასთან, საქართველოს ჩემპიონმა ზედიზედ ორი შეხვედრა დათმო და გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაცია სწყურია. პირველ წრეში, “ლელომ” “აკადემიას” 20:6 აჯობა, გასულ ტურში კი, ორივე ეს გუნდი დამარცხდა - “ლელო” მალთაყვაში “აია”-სთან 18:31, “აკადემია” კი თბილისში რუსთავის “ხარებთან” 13:18. აღსანიშნავია, რომ თუ “აკადემიამ” ახლა ვერ იმარჯვა, ხოლო “ბათუმი XV”-მა გამარჯვება მოიპოვა, ბოლო ტურის შეხვედრა, რომელშიც “აკადემია” ბათუმელებს ეთამაშება, სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა იქნება. “აკადემია” - “ლელოს” შეხვედრის გამართვის ადგილი ამინდზე იქნება დამოკიდება. ის 16:00 საათზე იწყება და ან დიდ დიღომში “ვისოლის” ბაზაზე, ანაც ვარკეთილის მეურნეობაში გაიმართება.
რუსთავის “ხარებისა” და თბილისის “არმაზს” შორის გასამართი მატჩის გამარჯვებული, სახიფათო ზონას საბოლოოდ დააღწევს თავს და უძლიერესთა შორის დარჩენას გაინაღდებს. პირველ წრეში “არმაზმა” “ხარებს” 25:10 კი აჯობა, მაგრამ ბოლო პერიოდში, რუსთაველები ჩაუქობენ და ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გამარჯვება მოიპოვეს, რაც მათ კარგ ფორმაში ყოფნაზე მეტყველებს. გასულ ტურში, რუსთაველებმა უშუალო კონკურენტი “აკადემია” 18:13 დასცეს, მანამდე კი, ლიდერთა ოთხეულიდან სამი წამოაქციეს (“ლელო”, “აია” და “ლოკომოტივი”). “არმაზი” წინა ტურში “ლოკომოტივთან” 22:31 დამარცხდა და თუ ბოლო ტურში მშვიდად ყოფნა სურს, ახლა ძალების მობილიზება და გამარჯვება მართებს. XIII ტურის ეს შეხვედრა ყველაზე ადრე დაიწყება - 14:00 საათზე ვარკეთილის მეურნეობაში.
და ერთიც, მართალია, საქართველოში წვიმს, მაგრამ როგორც საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა “სპორტულ ამბებს” განუცხადა, XIII ტურის ყველა შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება.
საქართველოს XXII ჩემპიონატი რაგბიში. მეორე წრე
7 ოქტომბერი. ხუთშაბათი. XIII ტური
თბილისი. “ვარკეთილის მეურნეობა”. 14:00 საათი
ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “ლოკომოტივი” (ბაზა). 15:30 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - “ვისოლი-ყოჩები” (თბილისი)
ბათუმი. “ანგისა”. 15:30 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ვისოლი”, ან “ვარკეთილის მეურნეობა”. 16:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ლელო (თბილისი)
1 | ვისოლი-ყოჩები | 12 | 8 | 1 | 3 | 274-201 | 17 |
2 | აია | 12 | 8 | 0 | 4 | 279-215 | 16 |
3 | ლელო | 12 | 8 | 0 | 4 | 317-177 | 16 |
4 | ლოკომოტივი | 12 | 8 | 0 | 4 | 270-193 | 16 |
5 | ხარები | 12 | 5 | 0 | 7 | 150-269 | 10 |
6 | არმაზი | 12 | 4 | 1 | 7 | 206-297 | 9 |
7 | აკადემია | 12 | 3 | 2 | 7 | 164-196 | 8 |
8 | ბათუმი XV | 12 | 2 | 0 | 10 | 211-323 | 4 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია