ამბები

20:40 | 7.10.2010 | ნანახია 4518 - ჯერ

“ხარები” და “არმაზი” სამკვდროსასიცოცხლოდ შეიბნენ და დაისჯებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის XIII ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, დედაქალაქურ დერბიში “ლოკომოტივმა” “ვისოლი-ყოჩები” 21:7 დაამარცხა და პირველი საფეხურიდან ერთბაშად მეოთხე პოზიციამდე დააქვეითა. ეს იმიტომ, რომ ქუთაისი “აიამ” და “ლელომ” თავთავიანთი შეხვედრები მოიგეს და ცხრილის სათავეში აღზევდნენ, “ბათუმი XV” კი უმაღლეს ლიგას ოფიციალურად დაემშვიდობა.
ტურის ცენტრალური მატჩი დიღომში, “ლოკომოტივის” ბაზის ატალახებულ მოედანზე გაიმართა და ამან შეხვედრის მსვლელობაზე თავისი გავლენა იქონია. თემურ ბენდიაშვილმა ტაქტიკა ამინდის შესაფერისი შეარჩია, “ლოკომოტივმა” ძალისმიერი რაგბი ითამაშა, მეტოქე ამ კომპონენტში სრულად დაჩაგრა, ჯარიმები გამოიყენა და შედეგმაც არ დააყოვნა. ტალახიან მინდორზე მორაგბეებს ფეხი უცურდებოდათ და “ვისოლი-ყოჩებმა” ბურთის გაშლა და ხელდახელ შეტევა ვერ მოახერხა, ძალაში კი, მეტოქეს აშკარად ჩამორჩა.
ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა, როდესაც “ვისოლი-ყოჩები” გასწვრივ 10 მეტრში დაჯარიმდა და ბობა კვინიხიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა. წონასწორობის აღდგენის შანსი მახარაშვილს ოთხ წუთში მიეცა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სულ მალე “ლოკომოტივს” ლელოს გატანის კარგი შანსი მიეცა, ჭურღულიას გარღვევა მახარაშვილმა შეაჩერა, ღვინჯილიამ ზვიად მაისურაძეს დროულად უპასა და ლელოც აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ მაისურაძემ ბურთი ვერ დაიმორჩილა და წინ დაუვარდა. მე-16 წუთზე კვინიხიძემ ჯარიმა დაახლოებით 38 მეტრიდან დაკრა და შორეული დარტყმაც ზუსტად შეასრულა. სამ წუთში მან 22-მეტრიანი ხაზიდან, კარიდან მარჯვენა პოზიციიდან დაკრა, მაგრამ ამჯერად დარტყმა გაუცუდდა.
“ლოკომოტივი” მეტოქეს ძალისმიერ თამაშში აშკარად ჯობდა, მოლით მნიშვნელოვანი მანძილის მოგებას ახერხებდა და “ვისოლი-ყოჩების” მორაგბეებს დაჯარიმებას აიძულებდა. შედეგად, 33-ე წუთზე კვინიხიძემ ჯარიმა თითქმის იმავე პოზიციიდან გაიტანა, საიდანაც წინა დარტყმა გაუფუჭდა - 9:0. ტაიმის მიწურულს სალელოვე შანსი “ყოჩებს” მიეცა, როდესაც ბეგაძის ფეხით გადაკიდებულ ბურთზე გეგენავა მიისწრაფოდა, მაგრამ მას კობერიძემ დაასწრო და ფეხით აუტში მოიგერია. ზედ შესვენების წინ კვინიხიძემ 35 მეტრიდან ჯარიმა კვლავ ზუსტად დაჰკრა და ტაიმის ანგარიში დააფიქსირა.
მეორე ტაიმი 3 წუთის განახლებული იყო, როდესაც “ვისოლი-ყოჩები” ერთხელაც დაჯარიმდა და კვინიხიძემ კვლავ ზუსტად დაარტყა. მანვე 50-ე წუთზე ანგარიში 23 მეტრიდან 18:0 გახადა და “ყოჩებს” ისღა დარჩენოდათ, რომ ბოლო ძალები მოეკრიბათ. მათ სასწრაფოდ ლელოს გატანა ჭირდებოდათ და ამიტომ, ჯარიმას კარში აღარ ურტყამდნენ, ბურთს სწრაფად ათამაშებდნენ და ხელდახელ უტევდნენ. ამასთან, მათ შეცვლებით ახალი ძალა მიიღეს და მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ. 54-ე წუთზე მათმა მიძალებამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე ფაზის შემდეგ არჩუაშვილმა ლელოს ხაზი გადაკვეთა, მახარაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა და თანაგუნდელებს მატჩის გადარჩენის იმედი დაუბრუნა.
მეორე ნახევრის შუაწელს, “ლოკომოტივმა” ცენტრის გადალახვა შეძლო და 22-მეტრის ხაზიდან კვინიხიძემ მორიგი ჯარიმა გაიტანა. ამის შემდეგ თამაში თითქმის სულ “ლოკომოტივის” ნახევარზე მიდიოდა. 68-ე წუთზე გეგენავამ მეტოქის ხაზი გაჭრა, დაახლოებით 40 მეტრი ირბინა, მაგრამ შებოჭეს და მომენტი გამოუყენებელი დარჩა. არადა, ლელო რომ გასულიყო, თამაშის ინტრიგა მაქსიმუმს მიაღწევდა. მონდომება არცერთი გუნდის მორაგბეებს არ დაეწუნებოდათ და მათმა ვნებებმა 78-ე წუთზე იფეთქა, როდესაც შეხვედრაში მეოთხედ გუნდური ჩხუბი ატყდა. ამჯერად რეფერიმ არ დააყოვნა და ნიშნიანიძე და გოგიშვილი გაასინბინა. “ლოკომოტივმა” დარჩენილი დროც გაძლო, 21:7 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მეტოქე უკან ჩამოიტოვა.
ბათუმში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის “აიამ”. მან ადგილობრივებს 30:15 აჯობა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. ამ მარცხმა “ბათუმი XV”-ის ბოლო იმედიც გააქარწყა, მათ ბოლო ადგილიდან თავის დაღწევის შანსი აღარ შერჩათ და საგაისოდ პირველ ლიგაში ითამაშებენ. გაიმარჯვა “ლელომაც”, რომელსაც “აკადემიამ” დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ მინიმალური სხვაობით მაინც დამარცხდა - 16:17.
საინტერესო და დაძაბული გამოდგა რუსთავის “ხარებისა” და თბილისის “არმაზის” დაპირისპირება. ეს გუნდები “აკადემიასთან” ერთად ბოლოსწინა ადგილისგან თავის დაღწევისთვის იბრძვიან, რათა პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან გადათამაშება თავიდან აიცილონ. პირველ ტაიმში, როდესაც “არმაზი” 7:3 იგებდა, მოედანზე ჩხუბი ატყდა. მისი შეწყვეტის შემდეგ, მსაჯმა კაპიტნებთან სცადა გასაუბრება, მაგრამ ამას კიდევ ერთი გუნდური ჩხუბი მოჰყვა და რეფერიმ მატჩის გაგრძელება მიზანშეუწონლად ჩათვალა. სადისციპლინო კომისიის სხდომა ამ დღეებში გაიმართება, მაგრამ უკვე შეიძლება იმ სასჯელზე საუბარი, რომელიც გუნდებს ელით. ამ შეხვედრაში ორივე გუნდს წაგება ჩაეთვლება და პლუს, სატურნირო ცხრილში თითო-თითო ქულა დაექვითებათ. ამრიგად, ბოლოსწინა ადგილიდან თავის დაღწევისთვის, ბოლო რაუნდში ბრძოლა კიდევ უფრო მძაფრი იქნება. სანამ სტკ გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებს, სატურნირო ცხრილს ამ მატჩის შედეგის გაუთვალისწინებლად შემოგთავაზებთ, მერე კი, ვნახოთ.       

 

საქართველოს XXII ჩემპიონატი. II წრე
7 ოქტომბერი. ხუთშაბათი. XIII ტური
თბილისი. “ლოკომოტივი” (ბაზა). 200 მაყურებელი
“ლოკომოტივი” (თბილისი) - “ვისოლი-ყოჩები” (თბილისი) 21:7 (12:0)

ლოკომოტივი: 15. კობერიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. ქავთარაძე, 12. ბერძენიშვილი, 11. ჭურღულია (ნადირაძე), 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი, 2. ზარიძე, 3. პეტრიაშვილი, 4. ოზგებაშვილი (ნიშნიანიძე), 5. გუჯარაიძე, 6. ბერიშვილი, 7. ჩიტიძე, 8. ზ. მაისურაძე.
7 ჯარიმა: კვინიხიძე
სინბინი: ნიშნიანიძე (78)
ვისოლი-ყოჩები: 15. მახარაშვილი, 14. გეგენავა, 13. გრძელიშვილი, 12. ადანაია (სონღულაშვილი), 11. ნიჟარაძე, 10. სოხაძე (ხელაძე), 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი, 2. ბრეგვაძე, 3. ხოსიტაშვილი (შენგელია), 4. არჩუაშვილი, 5. ბალიაშვილი (ბელაშვილი), 6. ცხვედიანი (კალმახელიძე), 7. ტყეშელიაძე (მამუკაშვილი), 8. ნიკოლეიშვილი (დგფებუაძე).
1 ლელო: არჩუაშვილი
გარდასახვა: მახარაშვილი
სინბინი: გოგიშვილი (78)

თბილისი. “ვარკეთილის მეურნეობა”
ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი) (ჩაიშალა)
ბათუმი. “ანგისა”
ბათუმი XV (ბათუმი) - აია (ქუთაისი) 15:30
თბილისი. “ვისოლი”
აკადემია (თბილისი) - ლელო (თბილისი) 16:17

 

1.    აია  13   9   0   4   309-230   18
2.    ლელო 13 9 0 4 334-193 18
3.    ლოკომოტივი 13 9 0 4 291-200 18
4.    ვისოლი-ყოჩები 13 8 1 4 281-222 17
5.    ხარები 12 5 0 7 150-269 10
6.    არმაზი 12 4 1 7 206-297 9
7.    აკადემია 13 3 2 8 180-213 8
8.    ბათუმი XV 13 2 0 11 226-353 4

 

მომდევნო ტური
12 ოქტომბერი: არმაზი - ვისოლი-ყოჩები, აია - ლოკომოტივი, აკადემია - ბათუმი XV, ლელო - ხარები.

ზურა ქსოვრელი



 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083044