გასულ კვირაში, ქართველი მორაგბე ლეგიონერთა ფრანგული კლუბები ევროტურნირებში ჩაერთვნენ. ჩემპიონთა ლიგის დარ ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასზე”, ქართველი ლეგიონერების 3 კლუბი თამაშობს, ორმა მათგანმა გაიმარჯვა, ერთი კი, მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. 3 კლუბი თამაშობს რანგით მე-2 საკლუბო ტურნირ “ამლენ ჩელენჯ ქაფ”-ზეც და პირველ ტურში სამივე მათგანმა იმარჯვა.
პირველი ტური იმითაც იყო გამორჩეული, რომ სამმა ქართველმა ლეგიონერმა სინბინი დაიმსახურა, მაგრამ მათმა გუნდებმა გამარჯვებები მაინც მოიპოვეს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფრანგული კლუბები ევროტურნირებში განსხვავებულ მიზნებს ისახავენ. უფრო კონკრეტულად, “ჰეინეკენის თასზე” გუნდები უძლიერესი შემადგენლობით თამაშობენ, “ჩელენჯ ქაფ”-ზე მონაწილე გუნდები კი, ევროტურნირებში შედარებით შესუსტებული გუნდებით გამოდიან და ლიდერებს დასვენების საშუალებას აძლევენ.
საფრანგეთის ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, წლეულს აქცენტს “ჰეინეკენის თასზე” აკეთებს და მის მოპოვებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ლიდერმა სეზონთაშორის შესვენებისას “მსოფლიო სპორტს” თავად განუცხადა და ჩვენი მიმოხილვაც ამ შეხვედრით დავიწყოთ.
“მარსელ მიხელენის” სტადიონზე, ინგლისის “სარაცინის” წინააღმდეგ გამართულ მატჩს 16 ათასზე მეტი ფრანგი გულშემატკივარი დაესწრო და საკუთარი გუნდის თავგანწირული დაცვის წყალობით მოპოვებული გამარჯვება იზეიმა.
ინგლისელებმა აქცენტი სწრაფ, ხელით თამაშზე გააკეთეს. ისინი მთელი მოედნის სიგანის გამოყენებას ცდილობდნენ, რითიც ფრანგთა დაცვის ხაზის გაჭიმვას და მის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ “კლერმონი” კლდესავით იდგა, სწრაფი გადაწყობის ხარჯზე, მუდამ ახერხებდა ბურთის სიახლოვეს რიცხობრივი უპირატესობის შექმნას და “სარაცინს” წინ წაწევის საშუალებას არ აძლევდა. ბურთის ფლობა ინგლისელების კი იყო, მაგრამ როგორც კი ის “კლერმონელთა” ხელში აღმოჩნდებოდა, მას უფრო რაციონალურად იყენებდა და სახიფათო შეტევებს ახორციელებდა. მასპინძლებმა პირველი შედეგიანი შეტევა მე-10 წუთზე განახორციელეს. კუდმორმა ლელო გაიტანა, მორგან პარამ რეალიზაცია გამოიყენა და `კლერმონი~ 7:0 დაწინაურდა.
ინგლისელებმა ზეწოლა გააძლიერეს, რასაც მე-20 წუთზე კუდმორის სინბინი მოჰყვა და “სარაცინმა” ჯარიმით სხვაობა შეამცირა. მასპინძლებმა ცენტრიდან თამაში განაახლეს, 25-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, თავისუფალი სივრცით ისარგებლეს, მელზუ მცველთან ერთი-ერთზე დარჩა და “კლერმონის” საუკეთესო მელელოვემ, რომელმაც ბოლო 4 მატჩში თავისი მე-5 ლელო გაიტანა, შანსი ხელიდან არ გაუშვა. გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა - 12:3. ტაიმის ბოლომდე დიდი ბრძოლა გაიმართა. ინგლისელები მასპინძლებს მთელი ძალით უტევდნენ, მაგრამ მასპინძლები თავს თავგანწირვით იცავდნენ. ამ თავგანწირვას მე-40 წუთზე ზირაქაშვილი შეეწირა, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 10 წუთით გამოაკლდა, მაგრამ ინგლისელებს ჯარიმა გაუფუჭდათ. ამრიგად, ფრანგებმა საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებლად შეინახეს და შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მე-2 ტაიმი იგივე სცენარით დაიწყო და 43-ე წუთზე ინგლისელებმა ლელო გაიტანეს, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი, ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს. “კლერმონმა” პრესინგის ხარჯზე მეტოქე საკუთარ ნახევარზე ამოკეტა, ამას “სარაცინის” მხრიდან დაჯარიმება მოჰყვა და პარამ 47-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, ხოლო 65-ე წუთზე, მანვე ჯარიმით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. დასკვნით 20 წუთში “კლერმონმა” მეტოქეს გამძლეობით აჯობა, ახლა ის მიეძალა და ამან შედეგი 78-ე წუთზე მოიტანა, როდესაც ნალაგა ჭიდილში გაიჭიმა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზს იქით გადადო. პარამ რეალიზაცია გამოიყენა და “კლერმონმა” 25:10 იმარჯვა.
“ჰეინეკენის თასის” მეორე ტურში, მეორე ჯგუფში ფრანგული დერბი გაიმართება. “კლერმონი” გასვლით მატჩს “მეტრო რასინგთან” გამართავს, რომელიც პირველ ტურში დუბლინში, 2009 წლის “ჰეინეკენის თასის” მფლობელ ირლანდიურ “ლინსტერთან” 22:38 დამარცხდა და ახლა დაკარგულის ანაზღაურებას ეცდება. საფრანგეთის თოპ 14-ის ეგიდით გამართულ მატჩში, “კლერმონი” “მეტრო რასინგთან” სტუმრად 17:28 დამარცხდა და 16 ოქტომბერს მძიმე ბრძოლა ელის.
გამარჯვებით დაიწყო “ჰეინეკენის თასის” მიმდინარე გათამაშება დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, რომელმაც უელსის “ოსპრეი” 19:14 დაამარცხა. საფრანგეთში, “ფელიქს მეიოლზე” გამართულ ამ შეხვედრას 13 000 მაყურებელი დაესწრო. ტულონელთათვის, კლუბის 102 წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს მატჩი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე სადებიუტო იყო და მათ მძიმე ბრძოლაში იმარჯვეს, ქართველი პირველხაზელი კი, ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა.
შეხვედრა ერთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ქუბრიაშვილი დაჯარიმდა და ბიგარმა სტუმრები დააწინაურა. უნდა ითქვას, რომ 21 წლის უელსელმა დამრტყმელმა, რამდენიმე შესაძლებლობა ვერ გამოიყანა, თორემ მასპინძელთა ზეობა იმ დღეს ვერაფრით ვერ შედგებოდა. “ტულონი” ბურთს კი აკონტროლებდა, მაგრამ ამით ხეირი ნაკლებად ჰქონდა, რადგან გაგრძელებას ვერ პოულობდა და ჩახურვისთვის ხშირად ჯარიმდებოდა. თავის მხრივ, სტუმრებიც ხელით თამაშს ცდილობდნენ, მაგრამ ხაზის გარღვევას თითქმის არ ცდილობდნენ და ისინი ჯარიმების იმედად იყვნენ.
“ტულონის” გამარჯვება დიდწილად ინგლისელმა ჯონ უილკინსონმა განაპირობა, რომელმაც ჯარიმით წონასწორობა მე-14 წუთზე აღადგინა. მართალია მას შემდეგი ორი დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ 31-ე წუთზე ფრანგები ჯარიმითვე დააწინაურა. ტაიმი 6:6 დასრულდა, რადგან ბიგარმა 60 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაჰკრა. მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში, უილკინსონმა და ბიგარმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო მე-60 წუთზე უელსელებმა ლელო გაიტანეს. ბიგარმა რეალიზაცია ვერ გამოიყენა, მერე ჯარიმაც ააცილა და “ტულონს” იმედი დაუტოვა. უილკინსონმა ჯარიმით ჩამორჩენა 74-ე წუთზე ორ ქულამდე დაიყვანა, 75-ე წუთზე კი, მისი გადაცემით სეკი მარცხენა ფლანგზე არსებულ თავისუფალ ზონაში გაძვრა და ლელო გაიტანა, ხოლო უილკინსონმა რეალიზაციით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “ტულონელები” შემდეგ შეხვედრას 16 ოქტომბერს სტუმრად, “მანსტერთან” გამართავენ, რომელიც “ლონდონ აირიშთან” 17:23 დამარცხდა.
სულ ცოტა დააკლდა აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” ინგლისში, ადგილობრივ “ნორთჰემპტონთან” გამარჯვების მისაღწევად. მეორე ტაიმი 27 წამის დაწყებული იყო, როდესაც მასპინძლებმა ლელო გაიტანეს, დაწინაურდნენ და მერე უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს. არადა, ფრანგები ლელოთი 21-ე წუთზე დაწინაურდნენ. მათ რეალიზაცია ვერ გამოიყენეს, მაგრამ როდესაც ინგლისელებმა საპასუხო ლელო გაიტანეს, გარდასახვა მათაც გაუფუჭდათ, “კასტრმა” კი 34-ე წუთზე არეკნი გაიტანა და ტაიმი 8:5 მოიგო. სტუმრები მალევე მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ და მეორე ნახევრის დასაწყისში გაშვებულ ლელოს, ზუსტი რეალიზაცია მოყვა. ფრანგებმა ჯარიმით ორჯერ შეძლეს ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანე, მაგრამ ორივე შემთხვევაში საპასუხო ჯარიმები მიიღეს და 14:18 დამარცხდნენ.
ქართველ პირველხაზელთაგან განაცხდაში მხოლოდ ფეიქრიშვილი იყო და მოედანზე 56-ე წუთზე გავიდა. 7 და ნაკლები ქულით მარცხისათვის, “კასტრმა” ერთი პრემიალური ქულა მიიღო. ჯგუფის მეორე შეხვედრაში, “კარდიფმა” “ედინბურგი” მინიმალური სხვაობით 18:17 დაამარცხა. მეორე ტურში, 15 ოქტომბერს, “კასტრი” სწორედ “კარდიფს” მასპინძლობს და პირველ ადგილზე აღზევების შანსი ექნება.
“ამლენ ჩელენჯ ქაფ”-ის პირველი ტურის შეხვედრაში, ბექა შეყლაშვილი “აჟენმა” საკუთარ “სტად არმანდიზე” 7 395 მაყურებლის თვალწინ ინგლისის “გლოსტერი” 26:19 დაამარცხა. თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართველ ლეგიონერს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, ფრანგებმა კი, გამარჯვება საეჭვო ლელოს წყალობით მოიპოვეს. სტუმრები ნიკ რობინსონის ორი ჯარიმით დაწინაურდნენ. “აჟენს” პირველი ორი დარტყმა გაუცუდდა, მესამე ჯერზე კი იხეირა და ჩამორჩენა შეამცირა. ტაიმის შუაწელს “გლოსტერმა” ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და შესვენებაზე გასვლისას 13:3 იგებდა. “აჟენმა” თავისი მეორე ჯარიმა 49-ე წუთზე გაიტანა, მერე ინგლისელები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, ტონგელმა ფონუამ ლელო გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა.
“აჟენი” ჯარიმით 64-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ 72-ე წუთამდე ორი ჯარიმა გაუშვა და კვლავ მდევრის როლში აღმოჩნდა. 74-ე წუთზე ინგლისელები ერთხელაც დარჩნენ მოედანზე კაცნაკლულნი, შეხვედრის ბედი კი, დასკვნით 3 წუთში გადაწყდა. მასპინძლებმა ჯარიმით ჯერ წონასწორობა აღაგინეს, ხოლო უკანასკნელ წამებზე ფონუამ მეორე ლელო გაიტანა. შოტლანდიელმა რეფერიმ ის ჩათვალა, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს ტონგელმა ხაზის გადაკვეთისას ბურთზე კონტროლი დაკარგა. ასე თუ ისე, “აჟენმა” ოთხი ქულა მიიღო და მომდევნო მატჩს “ლა როშელთან” 16 ოქტომბერს გამართავს, რომელმაც იტალიური “როვიგო” სტუმრად 38:3 გაანადგურა.
დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივმა”, საკუთარ მოედანზე იტალიური “პეტრარკა” 32:6 გაანადგურა. “სტად მუნიციპალზე” გამართულ მატჩს 4 185 მაყურებელი დაესწრო. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ კაკოვინი იყო და მოედანზე 64 წუთი გაატარა. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და 74-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 36-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთით დასჯილთა სკამზე აღმოჩნდა. იტალიელებმა პირველ ტაიმში თითო-თითო ჯარიმა და არეკნი გაიტანეს. შესვენებამდე სტუმრებმა დაცვაშიც ყოჩაღად ითამაშეს და მხოლოდ ჯარიმა და ლელო გაუშვეს. “ბრივმა” არ გარისკა და მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმა კარში დაარტყა - 11:6, მერე კი ლელოზე ითამაშა და შეხვედრის მიწირულს პრემიალურ ქულასაც გამორჩა. ფრანგებმა მეორე ლელო 57-ე წუთზე გაიტანეს, მესამე და მეოთხე კი 75-ე და 79-ე წუთებზე. “ბრივი” მომდევნო შეხვედრას ესპანეთში, “ელ სალვადორთან” 16 ოქტომბერს გამართავს.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიემ”, ინგლისში, “სენდი პარკზე”, 5 437 მაყურებლის თვალწინ 20:13 დაამარცხა “ექსეტერ ჩიფსი”. მე-7 წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს. ფრანგებმა მე-15 წუთზე ლელო გაიტანეს და რეალიზაცია გამოიყენეს, სამ წუთში კი, ჯარიმით უფრო დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ჯარიმით უპასუხეს და “მონპელიემ” ტაიმი 13:6 მოიგო. მეორე ტაიმი ორი წუთის დაწყებული იყო, როცა სტუმრებმა კიდევ ერთი ლელო და გარდასახვა გაიტანეს. მასპინძლებმა გაიბრძოლეს და 68-ე წუთზე ლელო-გარდასახვით სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს. ქართველ ლეგიონერთან განაცხადში მხოლოდ ორი მოხვდა და ორივემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. პირველხაზელი შველიძე მწვრთნელმა 54-ე წუთზე შეცვალა, მესამეხაზელმა ჩხაიძემ კი სრულად ითამაშა, ოღონდ, ყვითელი ბარათის გამო 10 წუთი დასჯილთათვის განკუთვნილ სკამზე გაატარა. “მონპელიე” მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს გამართავს და ინგლისის “ნიუკასლს” უმასპინძლებს.
“ჰეინეკენის თასი”.
პირველი ტური
I ჯგუფი
ნორთჰემპტონი (ინგლისი) - კასტრი (საფრანგეთი) 18:14
კარდიფი (უელსი) - ედინბურგი (შოტლანდია) 18:17
1. ნორთჰემპტონი | 1 | 1 | 0 | 0 | 18-14 | 4 |
2. კარდიფი | 1 | 1 | 0 | 0 | 18-17 | 4 |
3. ედინბურგი | 1 | 0 | 0 | 1 | 17-18 | 1 |
4. კასტრი | 1 | 0 | 0 | 1 | 14-18 | 1 |
მომდევნო ტური
15 ოქტომბერი: კასტრი - კარდიფი; 16 ოქტომბერი: ედინბურგი - ნორთჰემპტონი
II ჯგუფი
ლინსტერი (ირლანდია) - მეტრო რასინგი (საფრანგეთი) 38:22
კლერმონი (საფრანგეთი) - სარაცინი (ინგლის) 25:10
1. ლინსტერი | 1 | 1 | 0 | 0 | 38-22 | 5 |
2. კლერმონი | 1 | 1 | 0 | 0 | 25-10 | 4 |
3. სარაცინი | 1 | 0 | 0 | 1 | 10-25 | 0 |
4. მეტრო რას | 1 | 0 | 0 | 1 | 22-38 | 0 |
მომდევნო ტური
16 ოქტომბერი: მეტრო რასინგი - კლერმონი, სარაცინი - ლინსტერი
III ჯგუფი
ტულონი (საფრანგეთი) - ოსპრეი (უელსი) 19:14
ლონდონ აირიში (ინგლისი) - მანსტერი (ირლანდია) 23:17
1. ლონდონ აირიში | 1 | 1 | 0 | 0 | 23-17 | 4 |
2. ტულონი | 1 | 1 | 0 | 0 | 19-14 | 4 |
3. ოსპრეი | 1 | 0 | 0 | 1 | 14-19 | 1 |
4. მანსტერი |
1 | 0 | 0 | 1 | 17-12 | 1 |
მომდევნო ტური
15 ოქტომბერი: ოსპრეი - ლონდონ აირიში; 16 ოქტომბერი: მანსტერი - ტულონი
IV ჯგუფი
ოლსტერი (ირლანდია) - აირონი (იტალია) 30:6
ბათი (ინგლისი) - ბიარიცი (საფრანგეთი) 11:12
1. ოსლტერი | 1 | 1 | 0 | 0 | 30-6 | 5 |
2. ბიარიცი | 1 | 1 | 0 | 0 | 12-11 | 4 |
3. ბათი | 1 | 0 | 0 | 1 | 11-12 | 1 |
4. აირონი | 1 | 0 | 0 | 1 | 6-30 | 0 |
მომდევნო ტური
16 ოქტომბერი: აირონი - ბათი; 17 ოქტომბერი: ბიარიცი - ოლსტერი
V ჯგუფი
ბენეტონი (იტალია) – ლესტერი (ინგლისი) 29:34
სკარლეტსი (უელსი) – პერპინიანი (საფრანგეთი) 43:34
1. სკარლეტსი | 1 | 1 | 0 | 0 | 43-34 | 5 |
2. ლესტერი | 1 | 1 | 0 | 0 | 34-29 | 5 |
3. ბენეტონი | 1 | 0 | 0 | 1 | 29-34 | 1 |
4. პერპინიანი | 1 | 0 | 0 | 1 | 34-43 | 1 |
მომდევნო ტური
17 ოქტომბერი: პერპინიანი - ბენეტონი, ლესტერი - სკარლეტსი
VI ჯგუფი
გლაზგო (შოტლანდია) - ნიუპორტი (უელსი) 21:13
ტულუზა (საფრანგეთი) - ლონდონ უოსპსი (ინგლისი) 18:16
1. გლაზგო | 1 | 1 | 0 | 0 | 21-13 | 4 |
2. ტულუზა | 1 | 1 | 0 | 0 | 18-16 | 4 |
3. უოსპსი | 1 | 0 | 0 | 1 | 16-18 | 1 |
4. ნიუპორტი | 1 | 0 | 0 | 1 | 13-21 | 0 |
მომდევნო ტური
16 ოქტომბერი: ნიუპორტი - ტულუზა; 17 ოქტომბერი: უოსპსი - გლაზგო
“ამლენ ჩელენჯ ქაფი”.
პირველი ტური
I ჯგუფი
კავალიერი (იტალია) - კონახტი (ირლანდია) 23:21
ბაიონი (საფრანგეთი) - ჰარლექუინსი (ინგლისი) 16:12
1. ბაიონი | 1 | 1 | 0 | 0 | 16-12 | 4 |
2. კავალიერი | 1 | 1 | 0 | 0 | 23-21 | 4 |
3. კონახტი | 1 | 0 | 0 | 1 | 21-23 | 1 |
4. ჰარლექუინსი | 1 | 0 | 0 | 1 | 12-16 | 1 |
მომდევნო ტური
15 ოქტომბერი: კონახტი - ბაიონი; 16 ოქტომბერი: ჰარლექუინსი - კავალიერი
II ჯგუფი
სეილ შარქსი (ინგლისი) - ელ სალვადორი (ესპანეთი) 97:11
ბრივი (საფრანგეთი) - პეტრარკა (იტალია) 32:6
1. სეილ შარქსი | 1 | 1 | 0 | 0 | 97-11 | 5 |
2. ბრივი | 1 | 1 | 0 | 0 | 32-6 | 5 |
3. პეტრარკა | 1 | 0 | 0 | 1 | 6-32 | 0 |
4. ელ სალვადორი | 1 | 0 | 0 | 1 | 11-97 | 0 |
მომდევნო ტური
16 ოქტომბერი: პეტრარკა - სეილ შარქსი, ელ სალვადორი - ბრივი
III ჯგუფი
ნიუკასლი (ინგლისი) - ბურგონი (საფრანგეთი) 22:16
ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) - მონპელიე (საფრანგეთი) 13:20
1. მონპელიე | 1 | 1 | 0 | 0 | 20-13 | 4 |
2. ნიუკასლი | 1 | 1 | 0 | 0 | 22-16 | 4 |
3. ბურგონი | 1 | 0 | 0 | 1 | 16-22 | 1 |
4. ექსეტერი | 1 | 0 | 0 | 1 | 13-20 | 1 |
მომდევნო ტური
14 ოქტომბერი: მონპელიე - ნიუკასლი; 15 ოქტომბერი: ბურგონი - ექსეტერი
IV ჯგუფი
სტად ფრანსე (საფრანგეთი) - კროსიატი (იტალია) 57:6
ბუქარესტი (რუმინეთი) - ლიდსი (ინგლისი) 9:23
1. სტად ფრანსე | 1 | 1 | 0 | 0 | 57-6 | 5 |
2. ლიდსი | 1 | 1 | 0 | 0 | 23-9 | 4 |
3. ბუქარესტი | 1 | 0 | 0 | 1 | 9-23 | 0 |
4. კროსიატი | 1 | 0 | 0 | 1 | 6-57 | 0 |
მომდევნო ტური
16 ოქტომბერი: ბუქარესტი - კროსიატი; 17 ოქტომბერი: ლიდსი - სტად ფრანსე
V ჯგუფი
აჟენი (საფრანგეთი) - გლოსტერი (ინგლისი) 26:19
როვიგო (იტალია) - ლა როშელი (საფრანგეთი) 3:38
1. ლა როშელი | 1 | 1 | 0 | 0 | 38-3 | 5 |
2. აჟენი | 1 | 1 | 0 | 0 | 26-19 | 4 |
3. გლოსტერი | 1 | 0 | 0 | 1 | 19-26 | 1 |
4. როვიგო | 1 | 0 | 0 | 1 | 3-38 | 0 |
მომდევნო ტური
16 ოქტომბერი: გლოსტერი - როვიგო, ლა როშელი - აჟენი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია