საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიამ, თბილისის “არმაზს” რუსთავის “ხარებთან” ჩაშლილ მატჩში წაგება ჩაუთვალა, ერთი ქულა ჩამოაკლო და 2000 ლარის გადახდა დააკისრა.
ასეთი სასჯელი, საქართველოს ჩემპიონატის XIII ტურში რუსთავის “ხარებსა” და თბილისის “არმაზს” შორის 7 ოქტომბერს ჩაშლილ თამაშს მოყვა. “არმაზი” მეტოქეს 7:3 ამარცხებდა, როდესაც მოედანზე გუნდური ჩხუბი ატყდა. სიტუაცია თითქოს განიმუხტა და მატჩის რეფერი დამნაშავე მორაგბეების დასჯას და თამაშის გაგრძელებას აპირებდა, როდესაც გუნდური ჩხუბი ერთხელაც გაჩაღდა და მსაჯმა შეხვედრის გაგრძელება მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა. ამ დროს, პირველი ტაიმის დასრულებამდე ჯერ კიდევ 8 წუთი იყო დარჩენილი.
თავდაპირველი ინფორმაციით, იყო ვარაუდი, რომ ორივე გუნდს წაგება ჩაეთვლებოდა და ერთი საცხრილო ქულა დააკლდებოდა. როგორც ჩანს, სადისციპლინო კომისიამ ინციდენტის გამომწვევად “არმაზის” მორაგბეები მიიჩნია და სადისციპლინო კოდექსის 1,12 მუხლით ისარგებლა, სადაც წერია:
“თუ თამაში ჩაიშლება, რომელიმე გუნდის მოთამაშის (მოთამაშეების) ან მწვრთნელის (მწვრთნელების) ან გულშემატკივრის (გულშემატკივრების) მიზეზით, გუნდს ჩაეთვლება წაგება, დააკლდება ერთი ქულა, ხოლო კლუბი (გუნდი) დაჯარიმდება 2000 (ორი ათასი) ლარით. განსაკუთრებულ შემთხვევაში გამგეობა იმსჯელებს რომელიმე გუნდის სტადიონის დისკვალიფიკაციაზე”
რადგან თამაში ნეიტრალურ მოედანზე, ვარკეთილის მეურნეობაში იმართებოდა, სტადიონის დისკვალიფიკაციაზე საუბარი აღარ იქნება. ამ მომენტისთვის ვერაფერს გეტყვით იმ მორაგბეებზე, რომელთაც სადისციპლინო კომისია ინდივიდუალურად დასჯის. ცნობილია ის, რომ “არმაზმა” სასჯელის სახით დაკისრებული 2000 ლარი, მიმდინარე წლის 9 ნოემბრამდე უნდა დაფაროს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია