საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასკვნითი ტური რამდენიმე მოვლენის გამოა გამორჩეული: ამ დღეს დაწყვილდება ოთხი საუკეთესო გუნდი ავსტრალიურ ფლეი ოფში, გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც საგაისოდ უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად, პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან ორრაუნდიან ბრძოლას გამართავს და უმთავრესი - ქუთაისში დიდი რაგბი ბრუნდება!
ჯერ კიდევ გასულ წელს, საქართველოს რაგბის კავშირმა ქუთაისელი გულშემატკივრების საქციელი არ მოიწონა და ამ გუნდს, საშინაო შეხვედრების ჩატარება ვანში დააკისრა. პირველი წრის მიწურულს, ტრიბუნიდან ბოთლი ვანშიც ისროლეს, არც მსაჯებს დააკლეს შეურაცყოფა და სადამსჯელო კომისიამ “აია”-ს, საშინაო მატჩების ქუთაისიდან 100კილომეტრის დაშორებით გამართვა დააკისრა. ამრიგად, ჯამში, 2010 წელს “აია”-ს საკუთარ ქალაქში ერთი შეხვედრაც არ გაუმართავს, ახლა კი, ამის საშუალება ეძლევა და თანაც როგორ პრინციპულ მატჩში. Aხლა, ყველაფერი კვლავ ქუთაისელ გულშემატკივარზეა დამოკიდებული, ბოთლების სროლა და მსაჯის, ან მოწინააღმდეგე გუნდის მორაგბეების შეურაცხყოფა უნდა შეწყდეს და ვინ იცის, ეგებ, ამ ქალაქში ფლეი ოფის უმნიშვნელოვანესი შეხვედრებიც გაიმართოს.
მართალია, საჩემპიონო ფლეი ოფის საუკეთესო ოთხეული ორი ტურით ადრე გაირკვა, მაგრამ რეგულარული პირველობის შედეგად დაკავებული ადგილი რომ დიდ მნიშვნელობას იძენს, არაერთხელ ვახსენეთ. ეს ყველაფერი ავსტრალიური ფლეი ოფის პრინციპიდან გამომდინარეობს და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ იქ, რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსანი მეორეადგილოსანს ეთამაშება, გამარჯვებული ფინალის საგზურს იღებს, დამარცხებულს კი, ფინალში მოხვედრის შანსი კიდევ ეძლევა. ის, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მესამე და მეოთ¬ხედაგილოსან გუნდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო დამარცხებული, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ეთიშება. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებს, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მარცხის უფლება აქვთ, მესამე-მეოთხეადგილოსანს კი არა და რეგულარული პირველობის შემდეგ დაკავებული ადგილი, მნიშვნელობას ამ ფაქტორის გამო იძენს. ამასთან, ფლეი ოფში, რეგულარული პირველობის შედეგების მიხედვით უკეთეს პოზიციაზე მყოფი გუნდი, საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას იღებს, ანუ, პირველადგილოსანი მეორეს მასპინძლობს, მესამეადგილოსანი კი მეოთხეს. თბილისური გუნდებისთვის ამას, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ჰქონდეს, მაგრამ “აია”-სთვის უკეთესი ადგილი იმის წინაპირობა იქნება, რომ ფლეი ოფის შეხვედრას ქუთაისში, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ გამართავს.
ფლეი ოფამდე, ქუთაისი რეგულარული პირველობის დასკვნითი ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ცენტრალურ” სტადიონზე უმასპინძლებს. “აია” თბილისის “ლოკომოტივს” დაუხვდება. ეს ის გუნდები არიან, რომელთაც რეგულარულ პირველობაზე პირველ-მეორე ადგილების დაკავების საუკეთესო შანსი აქვთ და ამისათვის, ორივე მათგანს გამარჯვება სჭირდება. ქუთაისელთა მოგება იმის მანიშნებელი იქნება, რომ მათ, რეგულარულ პირველობაზე პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება და ამით, ფლეი ოფში შინაური კედლების უპირატესობასაც მიიღებს. თუ “ლოკომოტივმა” მოიგო, მას, მინიმუმ, მეორე ადგილი გარანტირებული ექნება, რაც მათ ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მარცხის უფლებას დაუტოვებს.
არსებობს იმის ალბათობაც, რომ ეს შეხვედრა ფრედ დასრულდეს და ამ შემთხვევაში, ქულათა თანაფარდობის პირობებში უპირატესობას “ლოკომოტივი” მიიღებს, რადგანაც მას “აია”-სთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ექნება. “ლოკომოტივი” მოწინავე ოთხეულის გუნდებიდან ერთადერთია, რომელმაც “აია”-ს მოუგო. ეს პირველ წრეში მოხდა, როცა თბილისელებმა ჯარიმები მეტოქეზე უკეთ გამოიყენეს და 15:9 იმარჯვეს. თავის მხრივ, “აია”-ს ოთხეულის დანარჩენ ორ გუნდთან - “ლე¬ლოსა” და “ვისოლი-ყოჩებთან” ორ-ორი გამარჯვება აქვს და ახლა, კიდევ ერთი ფლაგმანის წაქცევას ეცდება. “აია”-მ სამმატჩიანი წაგებათა სერია ორი ტურის წინ შეწყვიტა, გასულ ტურში კი, “ბათუმი XV”-ს სტუმრად 30:15 სძლია. გასულ ტურში, უფრო სერიოზულ მეტოქესთან - “ვისოლი-ყოჩებთან” 21:7 იმარჯვა “ლოკომოტივმა” და ქუთაისს ახლაც იმედიანად ეწვია. მაშ ასე, ეს შეხვედრა ქუთაისის “ცენტრალურ” სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.
გამარჯვების შემთხვევაში, პირველ-მეორე ადგილზე გასვლა გარანტირებული ექნება ქვეყნის ჩემპიონ თბილისის “ლელოს”, რომელიც დიღმის “ლოკომოტივის” ბაზაზე უმოტივაციო რუსთავის “ხარებს” მასპინძლობს. თუ რომელ ადგილს დაიკავებს ჩემპიონი, ეს, ქუთაისის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული. თბილისელებმა გასულ ტურში “აკადემია” მძიმე მბრძოლაში 17:16 დაამარცხეს, “ხარებისა” და “არმაზის” დაპირისპირება კი ჩხუბის გამო შეწყდა. რადგან სადისციპლინო კომისიამ ამ ინციდენტში რუსთაველთა დანაშაული ვერ დაინახა, მათ იმ შეხვედრაში მოგება ჩაეთვალათ და მე-5 ადგილზე დამკვიდრდნენ, რაც “ხარებს” ფლეი ოფისგან თავის დაღწევის საშუალებას და 12 ოქტომბრის შემდეგ მომავალ გათამაშებაზე ფიქრის საშუალებას აძლევს. პირველ წრეში, “ლელომ” რუსთავში 33:6 კი იმარჯვა, მაგრამ ეს ის “ხარები” აღარაა. ბოლო 7 შეხვედრიდან (“არმაზთან” ჩაშლილი და მოგებაჩათვლილი მატჩის ჩათვლით), რუსთაველებმა ექვსში გამარჯვებას მიაღწიეს და ჩემპიონის წაქცევის სურვილი, წესით, ახლაც არ უნდა აკლდეთ.
ოთხეულის კიდევ ერთი ბინადარი თბილისის “ვისოლი-ყოჩები”, დიდ დიღომში, “ვისოლის” ბაზაზე “არმაზს” ეთამაშება. “ყოჩები” ამჟამად მეოთხე ადგილზეა და მისი ბედი სრულად პარალელურ შეხვედრებზეა დამოკიდებული. პირველ-მეორე ადგილზე მოხვედრა მისთვის რთული იქნება, თუმცა, შეუძლებელი არაფერია და ამისათვის, მხოლოდ მოგება მართებს, მაგრამ ამის მიღწევა რთული იქნება. მიზეზი “არმაზის” მდგომარეობაა, რომელსაც “ხარებთან” ჩაშლილ მატჩში წაგება ჩაეთვალა, ერთი ქულა დააკლდა და იმის საშიშროების წინაშეა, რომ უძლიერესთა შორის საგაისოდ დასარჩენად, პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან გადათამაშება მოუწევს. ახლა ის, 8-8 ქულით “აკადემიასთან” VI-VII ადგილებს იყოფს და “ვისოლი-ყოჩებთან” მოგება, მას დამატებითი ნერვების წყვეტას აარიდებს, თუმცა, ამის შანსი მარცხის შემთხვევაშიც ექნება, ოღონდ მერე უკვე სხვაზე იქნება დამოკიდებული. პირველ წრეში “ვისოლი-ყოჩებმა” “არმაზი” 29:12 დაამარცხა და ახლა ვინ უფრო იყოჩაღებს - პირველობის მოსურნე, თუ უძლიერესთა შორის დარჩენის მსურველი, 16:00 საათიდან გამოჩნდება.
“არმაზის” კონკურენტი თბილისის “აკადემია”, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე, პირველ დივიზიონში უკვე დაქვეითებულ გასული პირველობის ვერცხლის მედალოსან ბათუმის “ბათუმი XV”-ს უმასპინძლებს. თბილისელებს უცილობლად გამარჯვება ჭირდებათ, რათა მერე “არმაზის” მარცხის იმედად იყვნენ და ორრაუნდიან საფლეიოფო ჯახს თავი აარიდონ. “აკადემია” მეორე წრეში განსაკუთრებული მონდომებით იბრძვის და ორ შეხვედრაში ფრესაც გამორჩა, მაგრამ საქმე მაინც სათუოდ აქვს. აღსანიშნავია, რომ აკადემიელები დიდი სხვაობით ლიდერებთანაც არ მარცხდებოდნენ და ამის ფონზე, უიმედო ბათუმელებთან მათი გამარჯვება ეჭვს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ ვინ იცის, ეგებ, ზღვისპირელებმა კუდი მოიქნიონ და თბილისელებს მოდუნება ძვირად დაუსვან.
ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ უძლიერესთა შორის მოხვედრის ფლეი ოფში, პირველი ლიგიდან მისი მეორეადგილოსანი თბილისის “ივერია” ითამაშებს, რომელსაც სპონსორის გამოჩენამ ფრთები შეასხა და გადამწყვეტ მატჩში “ხულიგანა” 22:12 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე, გუნდმა კიდევ ერთ კონკურენტს, ქუთაისის “ბაგრატს” 22:16 აჯობა და ცხადი გახდება, რომ უმაღლესი ლიგის VII ადგილოსანს სერიოზული მეტოქე ელის. ეს ფლეი ოფის მატჩები 4 და 11 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი, “ივერიას” მომავალი მეტოქის ვინაობა გაირკვევა - “აკადემია”, ან “არმაზი”.
საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატი. მე-2 წრე. წინასამატჩო მიმოხილვა
12 ოქტომბერი. სამშაბათი.
XIV ტური (ბოლო)
თბილისი. “ვისოლი”. 16:00
არმაზი (თბილისი) - ვისოლი-ყოჩები (თბილისი)
ქუთაისი. “ცენტრალური”. 16:00
აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “მიხეილ მესხი” (სათადარიგო). 16:00
აკადემია (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი)
თბილისი. “ლოკომოტივი” (ბაზა). 16:00
ლელო (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
1 | აია | 13 | 9 | 0 | 4 | 309-230 | 18 |
2 | ლელო | 13 | 9 | 0 | 4 | 334-193 | 18 |
3 | ლოკომოტივი | 13 | 9 | 0 | 4 | 291-200 | 18 |
4 | ვისოლი-ყოჩები | 13 | 8 | 1 | 4 | 281-222 | 17 |
5 | ხარები | 13 | 6 | 0 | 7 | 150-269 | 12 |
6 | არმაზი | 13 | 4 | 1 | 8 | 206-297 | 8 |
7 | აკადემია | 13 | 3 | 2 | 8 | 180-213 | 8 |
8 | ბათუმი XV | 13 | 2 | 0 | 11 | 226-353 | 4 |
შენიშვნა 1: “არმაზს” დაკლებული აქვს 1 ქულა;
შენიშვნა 2: ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში, ადგილები ნაწილდება შემდეგი კრიტერიუმებით - 1. მეტი ქულა ურთიერთშეხვედრებში; 2. ბურთების უკეთესი სხვაობა ურთიერთშეხვედრებში; 3. ლელოთა უკეთესი სხვაობა ურთიერთშეხვედრებში.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია