დიდ დიღომში, “ვისოლის” ბაზაზე გამართული საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასკვნითი მატჩში თვალსასეირო საყურებელი გამოდგა. გუნდებმა ჯამში 9 ლელო გაიტანეს, თუმცა, აშკარა უპირატესობა “ვისოლი-ყოჩების” მხარესაა, რომელთაც მეტოქის ჩათვლის მოედანში 7-ჯერ შეაღწია. “არმაზმა”, რომელიც მდევრის როლში პირველსავე წამებზე აღმოჩნდა, ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, რამაც მატჩის გადარჩენის იმედი ჩაუსახა, მაგრამ საბოლოოდ უძლიერესმა დამსახურებულად იმარჯვა.
ამ თამაშის შედეგს უფრო დიდი მნიშვნელობა “არმაზისთვის” ჰქონდა, რომელსაც პირველ ლიგელთან საგაისოდ უძლიერესთა შორის დასარჩენი ფლეი ოფისთვის თავის დაღწევა სურდა. “ვისოლი-ყოჩებმა” მანამდეც კარგად იცოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რეგულარულ პირველობას პირველ-მეორე საფეხურზე ძნელად თუ დაასრულებდა. ამისათვის პარალელურ მატჩში “ლელო” უმოტივაციო “ხარებთან” უნდა დამარცხებულიყო და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ, მორაგბეები ახალ პოზიციებზე გამოსცადა, ზოგს კი დასვენების საშუალება მისცა.
დაიწყო თუ არა შეხვედრა, რამდენიმე წამში ლელო გავიდა. ბურთი თამაშში “ვისოლი-ყოჩებმა” შეიყვანა, მისთვის ბრძოლა მოიგო, მეტოქეს მარცხენა ფლანგიდან მიაწვა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი მარჯვნივ ჩაათამაშა, ბრეგვაძემ ის რაქიდან გამოიტანა, გადაცემის იმიტაცია გააკეთა და “არმაზის” ჩათვლის მოედანში შეხტა. მახარაშვილმა რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და მისი გუნდი 7:0 დაწინაურდა. უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში “ვისოლი-ყოჩები” პირქარში თამაშობდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია. “არმაზს” ჯარიმების შესრულებისას ზურგის ქარი ეხმარებოდა და ეს პირველ ტაიმში კარგად გამოიყენა, მთლიანობაში კი, ქარი ბურთის ტრაექტორიას ხშირად ცვლიდა და ეს დამრტყმელებს საქმეს ურთულებდა.
“არმაზმა” თამაში ცენტრიდან განაახლა თუ არა, “ყოჩები” დაჯარიმდა და კიკნაძემ კარის გასწვრიდან ზუსტად დაჰკრა. ამას “ვისოლი-ყოჩებმა” სწრაფი შეტევით უპასუხა, ბურთი კვლავ მარჯვნივ ჩაათამაშა, ადანაიამ მეორე ლელო გაიტანა, მაგრამ მახარაშვილს რეალიზაცია გაუცუდდა. სამ წუთში “არმაზმა” ჯარიმა 42 მეტრიდან დაკრა და სხვაობა შეამცირა - 6:12. “ვისოლი-ყოჩები” მეტოქის შედარებით სუსტ მარცხენა ფლანგს არ მოეშვა და მე-20 წუთზე არჩუაშვილმა ლელოთი უპირატესობა კვლავ გაზარდა. ამჯერად გარდასახვა გეგენავამ გააფუჭა, კიკნაძემ კი 28-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა. სამაგიეროდ, 33-ე წუთზე გეგენავამ თავისუფალი დერეფანი შენიშნა, მეტოქის ხაზი გაჭრა და დაახლოებით 40 მეტრი ჩათვლის მოედნამდე ირბინა. რაღა თქმა უნდა გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა, “არმაზმა” კი ტაიმის მიწურულს მეოთხე ლელოს მეოთხე ჯარიმით უპასუხა - 12:22.
მოკლედ, საწყისი 40 წუთი ასეთი გამოდგა - “ვისოლი-ყოჩები” მეტოქეს ძალაში, სისწრაფეში და ხელით თამაშში ჯობდა, მაგრამ დისციპლინა არ უვარგოდა და ხშირად ჯარიმდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ მათი რეალიზაციების უმეტესობა არაზუსტი აღმოჩნდა, შესვენების შემდეგ “ვისოლი-ყოჩების” უპირატესობა არცთუ შთამბეჭდავი იყო და მეორე ნახევარში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. პირველსავე წუთზე “არმაზმა” სახიფათო გარღვევა განახორციელა, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთი წინ დაუვარდათ. დაახლოებით 15-მა წუთმა მშვიდად ჩაიარა, მერე კი, “არმაზი” დაჯარიმდა და გეგენავამ კარის წინიდან გაიტანა. “ვისოლი-ყოჩები” მოეშვა და “არმაზი” კვლავ მიეძალა, რასაც 63-ე წუთზე სოსელიას ლელო მოჰყვა, კიკნაძემ კი ვიზავისგან განსხვავებით რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და თანაგუნდელებს იმედი ჩაუსახა.
“ყოჩებმა” მეტოქეს ეს არ აპატია, 66-ე წუთზე მახარაშვილი გაიჭრა, ის კი შეაჩერეს, მაგრამ ბრეგვაძე დროულად ჩაერთო საქმეში და ლელო. მახარაშვილმა რეალიზაცია ვერ გამოიყენა – 30:19. სამ წუთში “არმაზმა” საპასუხო შეტევა განახორციელა და სოსელიამ მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა, ხოლო კიკნაძემ გარდასახვით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა და შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. “ვისოლი-ყოჩები” საბოლოოდ გამოფხიზლდა, მოლით შეუტია, ბურთი მარცხნიდან ცენტრისკენ ჩაათამაშა და ხელაძემ მცველთან ჭიდილში ლელო გაიტანა, მახარაშვილმა კი თითქმის ცენტრიდან რეალიზაცია გამოიყენა. “არმაზმა” ერთხელაც გაიბრძოლა, არაფერი გამოუვიდა, სულ ბოლოს კი, ნიჟარაძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი აიტაცა და ლელოთი საბოლოო ანგარიში დაფიქსირა - 42:26.
ამ ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში იმართებოდა, სადაც “აია” “ლოკომოტივს” მასპინძლობდა. აღსანიშნავია, რომ რეგულარულ პირველობაში, ქუთაისელებს “ვისოლი-ყოჩები” და “ლელო” ორ-ორჯერ ჰყავდათ დამარცხებული, “ლოკომოტივთან” კი პირველ წრეში 9:15 დამარცხდნენ და ახლა რევანში სწყუროდათ, თანაც, გამარჯვება რეგულარულ პირველობაში პირველი ადგილის მომტანი იქნებოდა. ვერ უშველა “აიას” საკუთარი ქალაქის ატმოსფერომ. მატჩში ახლაც მხოლოდ ჯარიმები გავიდა და უკეთ კვლავ “ლოკომოტივმა” ურტყა. თბილისელებმა ტაიმი 9:3, მატჩი კი 12:6 მოიგეს და რეგულარული პირველობა მეორე ადგილზე დაასრულეს, რაც ავსტრალიურ ფლეი ოფში მათ გარკვეულ შეღავათს აძლევს.
რეგულარული პირველობის გამარჯვებული ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის “ლელო” გახდა, რომელმაც უმოტივაციო რუსთავის “ხარებს” 46:14 აჯობა. უმაღლესში დარჩენის ფლეი ოფს თავი დააღწია თბილისის “აკადემიამ”, რომელმაც უკვე დაქვეითებულ “ბათუმი XV”-ს 26:10 აჯობა. ახლა სამ ორ უმაღლესლიგელ გუნდს მომავალი გათამაშებისთვის ფიქრის დაწყება შეუძლია, ხუთს კი ნოემბრის დასაწყისამდე შესვენება და მზადება, ხოლო მერე უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ელის. საჩემპიონო, ავსტრალიურ ფლეი ოფში, პირველ ეტაპზე “ლელო” “ლოკომოტივს”, ხოლო “ვისოლი-ყოჩები” “აიას” დაუპირისპირდება, საგაისოდ უძლიერესთა შორის თამაშის უფლებისთვის კი, ორრაუნდიან ჯახში ერთმანეთს “არმაზი” და “ივერია” შეებმებიან.
საქართველოს XXII ჩემპიონატი რაგბიში. მეორე წრე
12 ოქტომბერი. სამშაბათი. XIV ტური (ბოლო)
თბილისი. “ვისოლი”. 200 მაყურებელი
არმაზი (თბილისი) - ვისოლი-ყოჩები (თბილისი) 26:42 (12:22)
არმაზი: 15. კოტორაშვილი, 14. ხუციშვილი, 13. ლაბაძე (გაბროშვილი 35), 12. კაიფაჯიანი, 11. პეტრიაშვილი, 10. კიკნაძე, 9. მჟავანაძე (მისროშვილი 62); 1. ბუკია, 2. სოსელია, 3. ესართია, 4. ჟღენტი, 5. კანდელაკი (ჯიშკარიანი 62), 6. ი. მინაშვილი (თაგაური 53), 7. ო. მინაშვილი, 8. თიგიშვილი.
2 ლელო: სოსელია
2 გარდასახვა: კიკნაძე
4 ჯარიმა: კიკნაძე
ვისოლი-ყოჩები: 15. სოხაძე, 14. მახარაშვილი, 13. სონღულაშვილი, 12. ადანაია, 11. ნიჟარაძე, 10. გეგენავა, 9, ბეგაძე; 1. გოგიშვილი, 2. ბრეგვაძე, 3. შენგელია (ბალიაშვილი 52), 4. არჩუაშვილი, 5. ბალაშვილი, 6. ცხვედიანი (ხელაძე 63), 7. ტყეშელიაძე (დგებუაძე 41, ჩაჩუა 72), 8. ნიკოლეიშვილი.
7 ლელო: ბეგაძე, ტყეშელიაძე, არჩუაშვილი, გეგენავა, ბრეგვაძე, ხელაძე, ნიჟარაძე
2 გარდასახვა: მახარაშვილი
1 ჯარიმა: გეგენავა
ქუთაისი. “ცენტრალური”
აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 6:12
თბილისი. “მიხეილ მესხი” (სათადარიგო)
აკადემია (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი) 26:10
თბილისი. “ლოკომოტივი” (ბაზა)
ლელო (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 46:14
1. ლელო | 14 | 10 | 0 | 4 | 380-207 | 20 |
2. ლოკომოტივი | 14 | 10 | 0 | 4 | 303-206 | 20 |
3. ვისოლი-ყოჩები | 14 | 9 | 1 | 4 | 321-248 | 19 |
4. აია | 14 | 9 | 0 | 5 | 315-242 | 18 |
5. ხარები | 14 | 6 | 0 | 8 | 164-315 | 12 |
6. აკადემია | 14 | 4 | 2 | 8 | 206-223 | 10 |
7. არმაზი | 14 | 4 | 1 | 9 | 232-337 | 8 |
8. ბათუმი XV | 14 | 2 | 0 | 12 | 236-379 | 4 |
3 ნოემბერი. ავსტრალიური ფლეი ოფი. იმართება ერთი მატჩი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) (შესარჩევი)
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - აია (ქუთაისი) (გასავარდნი)
4-11 ნოემბერი. ფლეი ოფი უმაღლესი ლიგის საგზურისთვის (იმართება ორი მატჩი)
ივერია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
შენიშვნა 1: “არმაზს” დაკლებული აქვს ქულა;
შენიშვნა 2: ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში, ადგილები ნაწილდება შემდეგი კრიტერიუმებით - 1. მეტი ქულა ურთიერთშეხვედრებში; 2. ბურთების უკეთესი სხვაობა ურთიერთშეხვედრებში; 3. ლელოთა უკეთესი სხვაობა ურთიერთშეხვედრებში.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია