ამბები

13:23 | 14.10.2010 | ნანახია 4136 - ჯერ

19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატისთვის საფრანგეთში მოემზადებიან

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, 24-31 ოქტომბერს, ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამავდროულად 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიცაა.
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მომავალი ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად, ქართველი ახალგაზრდები საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც 9-დღიან მზადებას გაივლიან.
ქართული დელეგაცია, რომელსაც მერაბ ბესელია ხელმძღვანელობს, პარიზის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ მასში 13 ოქტომბერს გაემგზავრა. ფრანგული შეკრების მოწყობაში მათ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მასის” ყოფილი მორაგბე ვიქტორ დიდებულიძე დაეხმარა, რომელსაც საქართველოს ეროვნული თუ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებისთვის, მსგავსი დახმარება არაერთხელ გაუწევია. ის ახლა “მასში” მწვრთნელად მუშაობს და ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები სწორედ ამ კლუბის ბაზაზე იცხოვრებენ და ივარჯიშებენ. იგეგმება ამხანაგური შეხვედრის გამართვაც, ბრიუსელისკენ კი, გეზს ქართველები 23 ოქტომბერს აიღებენ.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 26 მორაგბე ირიცხება, რომელთაგან ყველაზე მეტი - 6 წარმომადგენელი ქუთაისი “აია”-ს ჰყავს. სამი მორაგბე საფრანგეთის კლუბებში მობურთალი ლეგიონერები არიან - ორი “ტულონიდან”, ხოლო ერთი “დიჟონიდან” და ისინი გუნდს ფრანგულ შეკრებაზე შეუერთდებიან. სამი მორაგბითაა წარმოდგენილი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურის მომპოვებელი გორის თსუ-“ლომები”, დანარჩენები კი თბილისურ კლუბებს წარმოადგენენ. გუნდს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი პაატა ნარიმანაშვილი და ზურაბ ამონაშვილი ავარჯიშებენ, ნაკრების მენეჯერი დიმიტრი ობოლაძეა, ხოლო ფიზმომზადების მწვრთნელი მარკ დიქსონია. მარკი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ დიქსონის ძმისშვილია და საქართველოს რაგბის კავშირში 19-წლამდე მორაგბეთა ფიზმომზადებას კურირებს.
ევროპის ჩემპიონატში რვა გუნდი იღებს მონაწილეობას და თითოეულ მათგანს სამი შეხვედრის გამართვა უწევს, რადგან იქ ყველა ადგილი თამაშდება. გუნდები გასული წლის გათამაშების შედეგების მიხედვით მეოთხედფინალში არიან დაწყვილებული, გამარჯვებულები პირველობისათვის ბრძოლას ნახევარფინალში აგრძელებენ, დამარცხებულები კი V ადგილისთვის ითამაშებენ. სულ ბოლოს ფინალების დღეა, სადაც წინა ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, გუნდები ყველა ადგილისთვის იბრძოლებენ. 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი, საგაისოდ 20-წლამდელთა მსოფლიო თასის “ალაფაზე” თამაშის უფლებას მიიღებს. თუ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ევროპამ მიიღო, მაშინ, შესაძლოა, იქ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალისტიც მოხვდეს.
ბრიუსელში ევროპის ჩემპიონობისთვის რუმინეთის, უკრაინის, ბელგიის, პოლონეთის, რუსეთის, ესპანეთის, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები იბრძოლებენ. წინა გათამაშების შედეგების მიხედვით, 1/4-ფინალში რეიტინგით უკეთესი გუნდი ნაბოლარას შეხვდება, მეორეადგილოსანი VII-ს დაუპირისპირდება, მესამე მეექვსეს და მეოთხე მეხუთეს. რვაგუნდიან რეიტინგში პირველი ადგილი რუმინეთს უჭირავს და ტურნირის გახსნის დღეს ის ნაბოლარა უკრაინას შეხვდება. ბელგია პოლონეთს ეთამაშება, რუსეთი ესპანეთს, ხოლო რეიტინგით მეოთხეადგილოსანი საქართველო, მეხუთეადგილოსან პორტუგალიას დაუპირისპირდება. მეოთხედფინალური შეხვედრები 24 ოქტომბერს გაიმართება, ნახევარფინალები 27 ოქტომბერს, ფინალები კი 30 ოქტომბერსაა დანიშნული.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
ზურაბ ჟვანია (“აია”, ქუთაისი), კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), მერაბ მატკავა (“აია”, ქუთაისი), ზურაბ ერისთავი (“აია”, ქუთაისი), ბექა ბიწაძე (“ივერია”, თბილისი), ირაკლი ჩომახაშვილი (“არმაზი”, თბილისი), ვანო გაბროშვილი (“არმაზი”, თბილისი), რამაზ ჯინაშვილი (თსუ-“ლომები”, გორი), გიორგი ტყეშელიაძე (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), ლუკა კვარაცხელია (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჭყოიძე (“ლელო”, თბილისი), ბახვა კობახიძე (თსუ-“ლომები”, გორი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), დავით ლოსაბერიძე (“დიჟონი”, საფრანგეთი), გიორგი ჟღენტი (“თსუ-“ლომები”, გორი), უშანგი მჭედლიშვილი (“ლელო”, თბილისი), ჯიმი ღამბაშიძე (“ლელო”, თბილისი), გიგა თხილაიშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), ლაშა ლომიძე (“აკადემია”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (“აკადემია”, თბილისი), ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი), გოდერძი ჭინჭარაული (“ლელო”, თბილისი), გიგა გაგოშვილი (“შევარდენი”, თბილისი), ბექა ხიპაშვილი (“აკადემია”, თბილისი), გიორგი აბრამიძე (“აია”, ქუთაისი), ტარიელ ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი).

ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
ბელგია. ბრიუსელი. 24 ოქტომბერი. 1/4-ფინალი

რუმინეთი - უკრაინა
რუსეთი - ესპანეთი
ბელგია - პოლონეთი
საქართველო - პორტუგალია

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078153