ამბები

14:47 | 15.10.2010 | ნანახია 2861 - ჯერ

“არმაზმა” შანსი დაიბრუნა

თბილისის “არმაზმა”, საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილება სრკ-ს გამგეობაში გაასაჩივრა და შედეგიც მიიღო. 2010 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება (ოქმი №33), რომლითაც 2010 წლის 7 ოქტომბერს თბილისში, ვარკეთილის სტადიონზე, რუსთავის “ხარებსა” (მასპინძელი გუნდი) და რკ “არმაზს” (სტუმარი გუნდი) შორის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კალენდარული მატჩის შეწყვეტის გამო, რკ “არმაზი” დაჯარიმდა 2000 ლარით, ჩაეთვალა წაგება და დააკლდა 1 ქულა, გაუქმებულია.
სასჯელის ძალაში დარჩენის შემთხვევაში, “არმაზი” რეგულარულ პირველობაში VII პოზიციაზე რჩებოდა და საგაისოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ორრაუნდიანი ბრძოლა პირველი ლიგის მეორეადგილოსან თბილისის “ივერიასთან” მოუწევდა. ახლა კი, რუსთავის “ხარებთან” შეწყვეტილი მატჩის გადათამაშების უფლება მიიღო და თუკი მასში გამარჯვება მოახერხა, სიტუაცია მისთვის სასიკეთოდ შეიცვლება. გადადებული შეხვედრა 17 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთავში გაიმართება და მის შედეგს “არმაზისთვის” და "ხარებისთვის" განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.
შეგახსენებეთ, რომ 7 ოქტომბრის მატჩი პირველი ტაიმის დასრულებამდე 8 წუთით ადრე გუნდური ჩხუბის გამო შეწყდა. მაშინ “არმაზი” 7:3 იგებდა, სრკ-ს სადისციპლინო კომისიამ დამნაშავედ “არმაზი” მიიჩნია და სასჯელი დააკისრა, მაგრამ გამგეობამ დისციპლინართა განაჩენის შეცვლა გადაწყვიტა. ზემოთნახსენები გამგეობის სხდომას შემდეგი წევრები ესწრებოდნენ: გოჩა სვანიძე (გამგეობის თავმჯდომარე), გიორგი ნიჟარაძე (სრკ-ის პრეზიდენტი, გამგეობის წევრი), ირაკლი კიზირია, ვასილ კევლიშვილი, გიორგი გეგენავა და კახა მხეიძე, რომელთაც სადისციპლინო კოდექსის 4,3 მუხლით მინიჭებული უფლება გამოიყენეს და დაადგინეს:
1. გაუქმდეს სრკ-ის სადისციპლინო კომისიის 2010 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება (ოქმი №33)
2. რუსთავის “ხარებისა” და რკ “არმაზის” 2010 წლის 7 ოქტომბრის მატჩი გადათამაშდეს; მატჩის ზუსტი თარიღი და ადგილი განსაზღვროს სრკ-ის საშეჯიბრო კომიტეტმა 3 დღის ვადაში
3. ორივე გუნდს, რუსთავის “ხარებსა” და რკ “არმაზს” მიეცეთ პირობითი დისკვალიფიკაცია 2011 წლის 1 ივნისამდე ვადით, რაც ნიშნავს მითითებულ პერიოდში საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე კალენდარული მატჩის მსვლელობისას აშკარა არასპორტული აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში, თუკი ამგვარი ქმედება გამოიწვევს მატჩის ჩაშლას, გუნდი მოიხსნება შეჯიბრიდან და დაქვეითდება ერთი ლიგით
4. რუსთავის “ხარების” მოთამაშე ლაშა შუბითიძეს მატჩის მსვლელობისას კონფლიქტის პროვოცირებისთვის მიეცეს დისკვალიფიკაცია 2 სათამაშო კვირით
5. რკ “არმაზის” მოთამაშეებს განესაზღვროთ შემდეგი სანქციები:
• გ. სოსელიას, მატჩის მსვლელობისას კონფლიქტის პროვოცირებისათვის - დისკვალიფიკაცია 2 სათამაშო კვირით;
• ბ. ჯიშკარიანს, მეტოქის შეგნებულად ტრავმის მიყენების მცდელობისთვის - დისკვალიფიკაცია 5 სათამაშო კვირით და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;
• გ. პატურაშვილს, მეტოქის შეგნებულად ტრავმის მიყენების მცდელობისთვის - დისკვალიფიკაცია 2 სათამაშო კვირით და ჯარიმა 200 ლარის ოდენობით;
6. მატჩის მომსახურე მსაჯების საკითხის განხილვა გადაიდოს და იგი განხილულ იქნას გამგეობის გაფართოებულ სხდომაზე მსაჯთა კომიტეტთან ერთად. სხდომის თარიღი განისაზღვრება დამატებით, ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ.
7. წინამდებარე გადაწყვეტილება განმარტებითი ნაწილის ჩათვლით გამოქვეყნდეს საჯაროდ და დამატებით გაეგზავნოთ რაგბის კლუბებსა და გუნდებს.
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის 2010 წლის 13 ოქტომბრიდან.

მატჩის ჩაშლის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, გამგეობის წევრებმა გამოტანილ დასკვნას შემდეგი ახსნა-განმარტება დაურთეს: რკ “არმაზის” მოთამაშე გ. სოსელია, რამდენიმე ეპიზოდში გასცდა დასაშვები სპორტული აქტივობის ზღვარს და გაუმართლებელი აგრესიით მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება, რასაც რუსთავის “ხარების” გულშემატკივართა მხრიდან მოჰყვა არანაკლებ მაპროვოცირებელი შეძახილები. ამგვარმა ქმედებებმა მოამზადა კონფლიქტი, რისი უშუალო დაწყება (ჯგუფური ჩხუბი, რამაც მატჩის მსვლელობის შეჩერება გამოიწვია) განაპირობა რკ “არმაზის” მოთამაშის ბ. ჯიშკარიანის მიერ წაქცეული მეტოქისათვის ფეხის ჩარტყმამ. ჯგუფური ჩხუბისას რკ “არმაზის” მოთამაშე გ. პატურაშვილმა ფეხი გამიზნულად ჩაარტყა მოწინააღმდეგეს, უშვებდა რა ამ უკანასკნელისათვის ტრავმის მიყენების შესაძლებლობას. ჩხუბი დასრულდა მატჩის მთავარი მსაჯის მიერ გუნდების კაპიტანთა სიტყვიერი გაფრთხილებით. თუმცა კონფლიქტი ამით არ ამოწურულა, ამჯერად იგი გაგრძელდა ორივე გუნდის მოთამაშეთა მიერ ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცხყოფით, რისი პროვოცირებაც მოახდინა რუსთავის “ხარების” მოთამაშე ლაშა შუბითიძემ. საბოლოოდ მატჩის მთავარმა მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება მატჩის შეწყვეტის შესახებ.
სრკ-ის გამგეობა მატჩის ვიდეოჩანაწერის შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მატჩი, მიუხედავად ზოგიერთი მოთამაშის არასპორტული აგრესიულობისა, მიმდინარეობდა კორექტულად და ხარისხიანად, რაც მთლიანობაში მეტყველებს მონაწილე გუნდების სასარგებლოდ და ადასტურებს მათ პოზიტიურ განწყობას მატჩის სასურველ შედეგს მიაღწიონ ხარისხიანი თამაშით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდის ხელმძღვანელობამ აქტიური პოზიტიური როლი ითამაშა კონფლიქტის აღკვეთაში. სრკ-ის გამგეობას მიაჩნია, რომ მსაჯთა ბრიგადის მიერ ცალკეულ მოთამაშეთა კონკრეტულ დარღვევებზე დროული რეაგირება არ დაძაბავდა სიტუაციას და შესაძლოა თავიდან ყოფილიყო აცილებული ჯგუფური ჩხუბი. ამ ინციდენტის მიუხედავად, მატჩის გაგრძელება მაინც შესაძლებელი იყო, მსაჯების მხრიდან პრევენციული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში. მსაჯების საკითხს, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მოგვიანებით, დეტალურად განიხილავს  სრკ-ის გამგეობა მსაჯთა კომიტეტთან ერთად.
ზოგადად, მსაჯთა საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ მსაჯები ვალდებულნი არიან მიმართონ ყველა დასაშვებ ზომას, რათა თავიდან იქნას აცილებული მატჩის შეწყვეტა. მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დროულ, ადეკვატურ და სამართლიან რეაგირებას მოთამაშეთა მხრიდან არასპორტულ ქმედებებზე, აგრესიაზე იმგვარად, რომ ამით უზრუნველყონ ასეთი ქმედებების აღკვეთა და არა მისი შემდგომი ესკალაცია.
რუსთავის “ხარებს” მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია იმის გამო, რომ ამ გუნდის გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან არაკორექტული და აგრესიული მოწოდებებით ხელი შეუწყვეს ინციდენტს, ხოლო მოთამაშეებმა არათუ სცადეს კონფლიქტის მონაწილეთა დაშოშმინება, არამედ აქტიურად მიიღეს მინაწილეობა ჯგუფურ ჩხუბში. გარდა ამისა, მატჩის შეწყვეტის შესახებ მსაჯის გადაწყვეტილება განაპირობა ჯგუფური ჩხუბის შეწყვეტის შემდეგ ამ გუნდის მოთამაშის მაპროვოცირებელმა ქმედებამ, რასაც მოჰყვა მეტოქე გუნდების მოთამაშეთა სიტყვიერი ურთიერთშეურაცხყოფები.
რკ “არმაზს” მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია იმის გამო, ამ გუნდის ორი მოთამაშის  ქმედებებმა მოახდინეს ჯგუფური ჩხუბის პროვოცირება, რომლის დროსაც დანარჩენმა მოთამაშეებმა, ნაცვლად კონფლიქტის აღკვეთისა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩხუბში.
სრკ-ის გამგეობა აცხადებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა არასპორტულ ქმედებებზე, მათ შორის გაუმართლებელ (არასპორტულ) აგრესიაზე რეაგირებას. რაგბის კლუბების, გუნდების ხელმძღვანელობამ და მწვრთნელებმა უნდა დაიყვანონ თითოეულ მოთამაშემდე, რომ რაგბი არის სპორტული თამაში და არ ჩხუბი, და რომ კონკრეტულ მატჩში ან ტურნირში გამარჯვება მაშინ არის ფასეული, როდესაც ეს კარგი, მაღალხარისხიანი თამაშის შედეგად არის მიღწეული. ღირსეული გამარჯვების მიღწევა კი მეტოქის პატივისცემის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, გამკაცრდება სასჯელები იმ მოთამაშეთა მიმართ, ვინც შეურაცხყოფს მოწინააღმდეგეს, თანაგუნდელს, მსაჯს ან გულშემატკივარს როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად. იმის გათვალისწინებით, რომ რაგბი კონტაქტური სპორტია, შესაძლოა მოთამაშის მიერ შესრულებულმა რომელიმე ილეთმა მასთან კონტაქტში შესულ მოწინააღმდეგეს ან საკუთარ თავს ტკივილი მიაყენოს ამ ილეთის არასწორი ტექნიკური შესრულების გამო, ან მოწინააღმდეგის არასწორი მოძრაობის, ან ორივე მიზეზის გამო. ამის შედეგად, შესაძლოა წარმოიშვას მცირე სპონტანური, ხანმოკლე კონფლიქტი, რაც დაუყოვნებლივ უნდა იქნას აღკვეთილი ჯერ თავად მონაწილეთა მიერ, ხოლო დაყოვნების შემთხვევაში თანაგუნდელთა მიერ მოთამაშის აქტიური ნეიტრალიზებით - მოთამაშეს თანაგუნდელებმა ხელი უნდა შეუშალონ მოწინააღმდეგესთან ფიზიკურ კონტაქტში და განარიდონ მას სანამ არ დაწყნარდება.
დასასრულს, სრკ-ის გამგეობა მიიჩნევს, რომ სადისციპლინო კომისია მოცემული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობდა მოქმედი სადისციპლინო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რის გამოც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად სადისციპლინო კოდექსის მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობისა, არ იყო სამართლიანი. იგივე აზრს იზიარებს თავად სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარეც, რომელიც დაესწრო გამგეობის სხდომას და მისცა მას განმარტებები.

 

1. ლელო    14  10  4 380-207 20
2. ლოკომოტივი    14  10 0 4 303-206 20
3. ვისოლი-ყოჩები    14   9 1 4 321-248 19
4. აია 14   9 0 5 315-242 18
5.  აკადემია 14   4 2 8 206-223 10
6.  ხარები 13   5 0 8 164-315 10
7.  არმაზი 13   4 1 8 232-337 9
8. ბათუმი XV 14   2 0 12 236-379 4

შენიშვნა: ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში, ადგილები ნაწილდება შემდეგი კრიტერიუმებით - 1. მეტი ქულა ურთიერთშეხვედრებში; 2. ბურთების უკეთესი სხვაობა ურთიერთშეხვედრებში; 3. ლელოთა უკეთესი სხვაობა ურთიერთშეხვედრებში.

 


17 ოქტომბერი. რუსთავი. 16:00 საათი
ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი)

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081611