ამბები

13:01 | 18.10.2010 | ნანახია 1775 - ჯერ

“ჰეინეკენის” მეორე კათხა ქართველებმა ვერ შესვეს

ევროპის მორაგბეთა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასზე”, ქართველი ლეგიონერების სამი კლუბიდან, ორი ტურის შემდეგ, ყველას თითო-თითო მოგება დაუგროვდა. პირველ ტურში წარმატებამიღწეული “კლერმონი” და “ტულონი” ამჯერად დამარცხდნენ. სამაგიეროდ, იმარჯვა აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, რომელსაც პირველ ტურში “ნორთჰემპტონთან” ჰქონდა წაგებული.
“კასტრი” საკუთარ “პიერ ანტოინზე” უელსის “კარდიფს” მასპინძლობდა და პირველ ტაიმში უდიდესი სამუშაო გასწია. სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე ნახევარში მათ სიტუაციის გამოსწორება შეძლეს და საფრანგეთიდან პრემიალური ქულა წაიღეს. 28-ე წუთამდე ფრანგებმა სამი ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანეს, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, “კარდიფმა” 36-ე წუთზე მეორე ჯარიმით სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანა - 6:15, მერე კი “კასტრმა” აიშვა და შესვენებამდე დარჩენილ 3 წუთში ორი ლელო გაიტანა, რომელთაგან ერთ-ერთი რეალიზაცია გამოიყენა და ტაიმი 27:6 მოიგო.
მეორე ტაიმში “კარდიფმა” სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა. თამაშის განახლებიდან ხუთ წუთში, მათ ლელო-გარდასახვა გაიტანეს. მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა და უელსელები ქულის აღებას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე ფრანგთა დაცვის გარღვევა მაინც შეძლეს, ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოაყოლეს და სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანეს. ამრიგად, “კასტრმა”, რომლის რიგებშიც ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ, ორი ტურის შემდეგ 5 ქულა მოაგროვა და მეორე საფეხურზეა.
პირველ ტურში “სარაცენის” დამმარცხებელ შემადგენლობასთან შედარებით, “კლერმონის” მთავარმა მწვრთნელმა “ძირითადის” 11 მორაგბე შეცვალა და შედეგად, მისი გუნდი მხოლოდ პრემიალურ ქულას გამორჩა. “მეტრო რასინგმა” საფრანგეთის ჩემპიონს 10 512 გულშემატკივრის თვალწინ უმასპინძლა. პირველი ტაიმის ბოლო წუთამდე გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, მერე კი მასპინძლებმა ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და ტაიმი 13:6 მოიგეს. მეორე ნახევარი 20 წუთის დაწყებული იყო, როცა მასპინძლებმა ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, მაგრამ “კლერმონმა” მიწურულს საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და მხოლოდ 9:16 დამარცხდა. დავით ზიქაშვილი განაცხადში იყო და მოედანზე შესვენების შემდეგ გავიდა. “კლერმონს” ორი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და მეორე საფეხურს ინარჩუნებს.
ირლანდიაში ადგილობრივ “მანსტერთან” 18:45 შერცხვა დავით ქუბრიაშვილის “ტულონი”. მასპინძელთა 26 ათასმა გულშემატკივარმა შოკი მეორე წუთზევე მიიღო, როდესაც ფრანგებმა ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. მაგრამ მე-20 წუთისთვის მასპინძლებმა ორი საპასუხო ლელო-გარდასახვის გატანა მოახერხეს და 14:7 დაწინაურდნენ. ამას “ტულონმა” ჯარიმით უპასუხა, მაგრამ “მანსტერმა” შესვენებამდე მესამე ლელოც გაიტანა და ტაიმი 21:10 მოიგო. მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კი, კვლავ ირლანდიელებმა იმძლავრეს და ორი ლელო გაიტანეს. “ტულონმა” ერთი საპასუხო ლელო 75-ე წუთზე გაიტანა, თუმცა, ბოლო სიტყვა მაინც მასპინძლებმა თქვეს და მეექვსე ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. ქუბრიაშვილი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. “ტულონი” მეოთხე საფეხურამდე დაქვეითდა, თუმცა მისთვის დაკარგული ჯერჯერობით არაფერი არაა.

“ჰეინეკენის თასი”. მეორე ტური
I ჯგუფი

კასტრი - კარდიფი 27:20
ედინბურგი - ნორთჰემპტონი 27:31

1 ნორთჰემპტონი 2 2 0 0 49-41 8
2 კასტრი 2 1 0 1 41-38 5
3 კარდიფი 2 1 0 1 38-44 5
4 ედინბურგი  2 0 0 2 44-49 2


მომდევნო ტური
11 დეკემბერი: ნორთჰემპტონი - კარდიფი, კასტრი - ედინბურგი

II ჯგუფი

მეტრო რასინგი - კლერმონი 16:9
სარაცინი - ლინსტერი 23:25

1 ლინსტერი 2 2 0 0 63-45 9
2 კლერმონი 2 1 0 1 34-26 5
3 მეტრო რასინგი 2 1 0 1 38-47 4
4 სარაცინი 2 0 0 2 33-50 1



მომდევნო ტური
11 დეკემბერი:
სარაცინი - მეტრო რასინგი; 12 დეკემბერი: კლერმონი - ლინსტერი

III ჯგუფი

ოსპრეი - ლონდონ აირიში 27:16
მანსტერი - ტულონი 45:18

1. მანსტერი    2 1 0 1 62-41 6
2. ოსპრეი    2 1 0 1 41-35 5
3. ლონდონ აირიში  2 1 0 1 39-44 4
4. ტულონი    2 1 0 1 37-59 4


მომდევნო ტური
12 დეკემბერი: მანსტერი - ოსპრეი, ლონდონ აირიში - ტულონი

IV ჯგუფი
აირონი - ბათი 6:22
ბიარიცი - ოლსტერი 35:15

1. ბიარიცი     2  2  0  0  47--26 9
2. ბათი     2  1  0  1  33-18 6
3. ოსლტერი     2  1  0  1  45-41 5
4. აირონი     2  0  0  2  12-52 0

მომდევნო ტური
11 დეკემბერი:
აირონი - ბიარიცი, ოლსტერი - ბათი

V ჯგუფი
პერპინიანი - ბენეტონი 35:14
ლესტერი - სკარლეტსი 46:10

1. ლესტერი    2  2  0  0 80-39 10
2. პერპინიანი    2  1  0  1 69-57 6
3. სკარლეტსი    2  1  0  1 53-80 5
4. ბენეტონი    2  0  0  2 43-69 1



მომდევნო ტური
11 დეკემბერი:
პერპინიანი - ლესტერი, სკარლეტსი - ბენეტონი

VI ჯგუფი
ნიუპორტი - ტულუზა 19:42
უოსპსი - გლაზგო 38:26

1 ტულუზა     2  2  0  0  60-35 8
2 უოსპსი     2  1  0  1  54-44 6
3 გლაზგო     2  1  0  1  47-51 4
4 ნიუპორტი     2  0  0  2  32-63 0

მომდევნო ტური
10 დეკემბერი:
გლაზგო - ტულუზა; 12 დეკემბერი: ნიუპორტი - უოსპსი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082276