ამბები

14:38 | 21.10.2010 | ნანახია 3203 - ჯერ

ჭაბუკთა “ა” ლიგა “ყოჩებისაა”

ჭაბუკთა “ა” ლიგის 2010 წლის გათამაშების გადამწყვეტ ეტაპზე, თბილისის “ყოჩებმა” დაძაბული ფლეი ოფი წარმატებით დაძლია, ფინალში “ჯიქები” დასცა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სანამ უშუალოდ გადამწყვეტ მატჩზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ ჭაბუკთა “ა” ლიგაში, 1992-1993 წლებში დაბადებული მორაგბეებისგან დაკომპლექტებულმა 15-მა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილნი და ერთ წრედ ითამაშეს, რის შემდეგაც, თითოეული ჯგუფის ოთხ-ოთხმა საუკეთესო გუნდმა, ფლეი ოფში ჩემპიონობისთვის გააგრძელა ბრძოლა. ერთ ჯგუფში თბილისის ექვსი კლუბი - “ჯიქები”, “ლელო”, “აკადემია”, შევარდენი”, “უნივერსიტეტი” და “ლოკომოტივი”, ასევე თელავის “მუტრუკები” და ქუთაისი “სკოლა 2” თამაშობდნენ. მეორე ჯგუფი 7-გუნდიანი იყო და იქ, სამ თბილისურ კლუბთან ერთად (“ყოჩები”, “არმაზი” და “ხულიგანა”), ერთბაშად ოთხი რეგიონის წარმომადგენელი გამოდიოდა - ქუთაისის “სკოლა 1”, რუსთავის “ხარები”, ლანჩხუთის “გურია” და ახალციხის “ტაო”.
ერთი ჯგუფიდან ფლეი ოფში მხოლოდ თბილისური კლუბები გავიდნენ. მათგან დაუმარცხებელი არავინ იყო, ადგილები კი ასე განაწილდა - “ჯიქები”, “ლელო”, “აკადემია” და “შევერდენი”. მეორე ჯგუფში ქუთაისი “სკოლა 1”-მა ყველა შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა, მეორე საფეხური “ხარებს” ერგო, ორი თამაშის წამგები “ყოჩები” მესამე იყო, ხოლო მეოთხე საფლეიოფო ადგილი “გურიას” შეხვდა, რომელმაც “არმაზს” ურთიერთშეხვედრაში მოგების წაყლობით აჯობა. ფლეი ოფის პირველ ეტაპზე, ერთი ჯგუფის პირველადგილოსანი მეორე ჯგუფის მეოთხედაგილოსანს, მეორე მესამეს, მესამე მეორეს და მეოთხე პირველს ხვდებოდა. 1/4 და ნახევარფინალებში ორ-ორი შეხვედრა იმართებოდა.
“სკოლა 1”-მა და “ჯიქებმა” პირველი ეტაპი იოლად დაძლიეს. ქუთაისელებმა პირველი შეხვედრა 31:6, მეორე კი 40:10 მოიგეს. “ჯიქებმა” ლანჩხუთში “გურია” 64:0 გაანადგურეს და გურულები განმეორებითი შეხვედრისთვის თბილისში აღარ ჩამოსულან. შედარებით დაძაბული გამოდგა დანარჩენი ორი წყვილის მატჩები. “ხარებმა” “აკადემიას” ჯერ 28:22, მერე კი 14:6 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა. “ყოჩებმა” “ლელოს” პირველ მატჩში 19:9 მოუგო, განმეორებითი შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა, მაგრამ კვლავ “ყოჩებმა” იმარჯვა - 8:6.
ნახევარფინალები უფრო საინტერესო აღმოჩნდა. “ყოჩებისა” და “სკოლა 1”-ს შორის გამართული პირველი შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა, ფრედ, 10:10 დასრულდა და განმეორებით მატჩში ფავორიტად ქუთაისელები ითვლებოდნენ, მაგრამ ქუთაისში გამართული დაპირისპირება, თბილისელებმა ერთი ქულის სხვაობით, 16:15 მოიგეს და ფინალში გავიდნენ. მეორე ნახევარფინალური წყვილის პირველ მატჩში, რუსთავში “ხარებმა” თბილისის “ჯიქები” 13:11 დაამარცხეს. განმეორებით შეხვედრაში “ჯიქებმა” რევანში აიღეს, მეტოქეს 3 ქულის სხვაობით, 13:10 სძლიეს და ფინალში თამაშის უფლება მიიღეს. ამრიგად, ორივე ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული ერთმა ქულამ გამოავლინა.
მესამე ადგილის მფლობელისა და გამარჯვებულის გამოსავლენად, უკვე თითო-თითო შეხვედრა გაიმართა. ბრინჯაოს მედლებისთვის, ქუთაისის “სკოლა 1” რუსთავის “ხარებს” დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, გამარჯვებას მაინც მიაღწია. ანგარიში რუსთაველებმა ჯარიმით გახსნეს, მაგრამ ქუთაისელებმა შესვენებამდე ლელო გაიტანეს, რეალიზაცია ვერ გამოიყენეს და ტაიმი 5:3 მოიგეს. მეორე ნახევრის დასაწყისში, “სკოლა 1”-მა მეორე ლელო გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა. მალე, ქუთაისელები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, მაგრამ რუსთაველებმა ამით ვერ ისარგებლეს, სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, ქუთაისელებმა ლელო-გარდასახვა გაიტანეს და 19:3 დაწინაურდნენ. სამ წუთში, ლელო “ხარებმაც” გაიტანა, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენა და ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირა. შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ქუთაისელებს კიდევ ერთი მორაგბე გაუსინბინეს, მაგრამ კაცნაკლულებმა ლელოს გატანა შეძლეს და გარდასახვაც გამოიყენეს. აქ, გამარჯვებულის ბედი გაირკვა, თუმცა, მიწურულს “ხარებმა” თავისი წილი მეორე ლელოს გატანა შეძლეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - ქუთაისელებმა 26:13 მოიგეს.
ფინალში ერთმანეთის პირისპირ ორი თბილისური კლუბი წარსდგა. “ჯიქები” არეკნით მე-4 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე “ყოჩებისგან” ორი ლელო მიიღო. მომავალმა გამარჯვებულმა ვერცერთი რეალიზაცია ვერ გამოიყენა და ტაიმი 10:3 მოიგო. ამასთან, ტაიმის ბოლოს, “ჯიქები” მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. ამით “ყოჩებმა” ვერ ისარგებლა, “ჯიქებმა” კი მეორე ნახევარში ჯარიმით ჯერ სხვაობა შეამცირა, მერე “ყოჩებს” მორაგბე გაუსინბინეს, უპირატესობა “ჯიქებმა” კარგად გამოიყენა და ლელოთი 11:10 დაწინაურდა, მაგრამ რეალიზაცია მათაც არაზუსტად შეასრულეს. გაშვებული ლელოდან ხუთ წუთში, “ყოჩებმა” ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნა, ორ წუთში კი, თავისი მესამე ლელო გაიტანა და შეხვედრა 18:11 მოიგო. გამარჯვებულთაგან ლელოები გარუჩავამ, ცუცქირიძემ და კერესელიძემ მიითვალეს, ამასთან, გარუჩავამ ჯარიმაც გაიტანა. “ჯიქების” მხრიდან, ლელო საკუთარ ანგარიშზე სურმავამ ჩაიწერა, ჯარიმა წიკლაურმა, არეკნი კი საჩეჩელაშვილმა გაიტანეს.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079456