ამბები

14:40 | 21.10.2010 | ნანახია 1861 - ჯერ

ჭაბუკთა “ბ” ლიგაში ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

წაბუკთა “ბ” ლიგის ნახევარფინალში სამი თბილისური და ერთი ქუთაისური გუნდი ითამაშებს. ნახევაფინალური შეხვედრები ორ ეტაპად, შინ და გარეთ გაიმართება, ხოლო მერე ფინალისა და მესამე ადგილის მატჩების ჯერი დადგება.
ჭაბუკთა “ბ” ლიგაში 1994-1995 წლებში დაბადებული მორაგბეები თამაშობენ და მისი პირველი ეტაპი რეგიონალური პრინციპით ტარდება. აღმოსავლეთ ზონაში 16 გუნდი გამოდის და მათი უმრავლესობა თბილისის წარმომადგენელია - “ლელო” და “ყოჩები” ორ-ორი გუნდით, “ჯიქები”, “აკადემია”, “ივერია”, “ხულიგანა”, “უნივერსიტეტი”, “არმაზი”, შევარდენი”, “ლოკომოტივი” და “ტორნადო”, სამი კი რეგიონის გუნდია: რუსთავის “ხარები”, პატარძეულის “ვეფხვები” და დედოფლის წყაროს “მიმინო”. რეგულარული პირველობა ერთ წრედ ტარდება და ხუთი საუკეთესო გუნდი საჩემპიონო ფლეი ოფში გადადის. წელს, საჩემპიონო ფლეი ოფში თამაშის უფლება “ჯიქებმა”, “აკადემიამ”, “ლელომ”, “ივერიამ” და “ხარებმა” მოიპოვეს.
დასავლეთ ზონაში მხოლოდ 9 გუნდია. აქედან სამი, ქუთაისი სკოლის წარმომადგენელია. ქუთაისს წარმოადგენს მეოთხე გუნდი “ბაგრატიც”. მათ გარდა, იქ ფოთის “კოლხი რაინდები”, ჭიათურის “სპორტსკოლა”, წყალტუბოს “სპორტსკოლა”, ოზურგეთის “ჯიქები” და ასპინძის “ლომები” გამოდიან. ერთწრიანი რეგულარული პირველობის შემდეგ, რათა დასავლეთის წარმომადგენელთა სიმცირის გამო გუნდებს სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეთ, იმართება ორრაუნდიანი ნახევარფინალები.  პირველადგილოსანი მეოთხეს, ხოლო მეორეადგილოსანი მესამეადგილოსანს ეთამაშება. გამარჯვებულები, ორრაუნდიან ფინალში, დასავლეთ საქართველოში საუკეთესო გუნდის გამოსავლენად იბრძვიან, დამარცხებულები კი, ასევე ორმატჩიან დუელში, მესამე ადგილისთვის იბრძვიან. აქ, მე-3 ადგილის დაკავებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის, საჩემპიონო ფლეი ოფში გადადის, დასავლეთ ზონის მეოთხეადგილოსანი კი ბრძოლას ეთიშება. წელს, ფლეი ოფების შემდეგ, ადგილები ისე გადანაწილდა, როგორც რეგულარული პირველობა დასრულდა, ანუ პირველი ადგილი ქუთაისის “სკოლა1”-მა, მეორე ქუთაისის “სკოლა 2”-მა, მესამე კი ფოთის “კოლხმა რაინდებმა” დაიკავეს.
ქვეყნის საჩემპიონო ფლეი ოფის 1/4-ფინალში, აღმოსავლეთის პირველი გუნდი “ჯიქები”, ამავე ზონის მეხუთეადგილოსან რუსთავის “ხარებს” დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა “ჯიქებმა” 24:5 მოიგეს, განმეორებით მატჩში მათ ისევ 24 ქულა მოაგროვეს, მაგრამ თავად აღარაფერი გაუშვეს, 24:0 მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ. აღმოსავლეთის მეორე გუნდი “აკადემია”, დასავლეთის მესამე გუნდ “კოლხ რაინდებს” შეხვდა და მალთაყვაში თბილისელებმა 16:8 იმარჯვეს. განმეორებითი შეხვედრა თბილისში გაიმართა და ფოთელებმა 19:18 მოიგეს, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში მაინც დამარცხდნენ და ნახევარფინალში გზა “აკადემიას” დაუთმეს. აღმოსავლეთის მესამე გუნდი დასავლეთის მეორე გუნდ ქუთაისის “სკოლა 2”-ს შეხვდა და თბილისში 36:5, ხოლო ქუთაისში 19:7 იმარჯვა. ერთადერთი დასავლური გუნდი, რომელმაც ნახევარფინალში გააღწია დასავლეთ ზონის გამარჯვებული ქუთაისის “სკოლა 1” გახდა, რომელმაც აღმოსავლეთის ზონის მეოთხე წარმომადგენელი “ივერია” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა. თბილისში “ივერიამ” მეტოქეს 30:21 კი აჯობა, მაგრამ ქუთაისში მას წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, 0:40 განადგურდა და საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშა.
ნახევარფინალები 25 ოქტომბერს და 7 ნოემბერს გაიმართება და მასში “აკადემია” ქუთაისის “სკოლა “1-ს, “ლელო” კი “ჯიქებს” დაუპირისპირდება. ფინალი და მატჩი მე-3 ადგილისთვის 13 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080008