ამბები

13:46 | 23.10.2010 | ნანახია 2903 - ჯერ

პატარა “ბორჯღალოსნები” პორტუგალიას ბრიუსელში შეუტევენ

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, 22 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩავიდა, სადაც 24 ოქტომბერს ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გამართავს.
ევროპის ჩემპიონატი ფლეი ოფის სისტემით ტარდება და მასში რვა გუნდი იღებს მონაწილეობას. თითოეულ მათგანს სამი შეხვედრის გამართვა უწევს, რადგან იქ ყველა ადგილი თამაშდება. გუნდები, გასული წლის გათამაშების შედეგების მიხედვით, მეოთხედფინალში არიან დაწყვილებული, გამარჯვებულები პირველობისათვის ბრძოლას ნახევარფინალში აგრძელებენ, დამარცხებულები კი V ადგილისთვის ითამაშებენ. სულ ბოლოს ფინალების დღეა, სადაც, წინა ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, გუნდები ყველა ადგილისთვის იბრძოლებენ. 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი, საგაისოდ 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფაზე” თამაშის უფლებას მიიღებს. ეს უკანასკნელი, ამ ასაკობრივ ჯგუფში მეორე დონეა, სადაც ყველა კონტინენტის 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. თუ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ევროპამ მიიღო, მაშინ, შესაძლოა, იქ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალისტიც მოხვდეს.
ბრიუსელში ევროპის ჩემპიონობისთვის რუმინეთის, უკრაინის, ბელგიის, პოლონეთის, რუსეთის, ესპანეთის, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები იბრძოლებენ. წინა წლის გათამაშების შედეგების მიხედვით, 1/4-ფინალში რეიტინგით უკეთესი გუნდი ნაბოლარას შეხვდება, მეორეადგილოსანი VII-ს დაუპირისპირდება, მესამე მეექვსეს და მეოთხე მეხუთეს. რვაგუნდიან რეიტინგში პირველი ადგილი რუმინეთს უჭირავს და ტურნირის გახსნის დღეს ის უკრაინას შეხვდება. ბელგია პოლონეთს ეთამაშება, რუსეთი ესპანეთს, ხოლო რეიტინგით მეოთხედაგილოსანი საქართველო, მეხუთეადგილოსან პორტუგალიას დაუპირისპირდება. სწორედ ეს მატჩი მიიჩნევა პირველი დღის შეხვედრებში ცენტრალურად, რადგანაც იქ ერთმანეთს მეტნაკლებად თანაბარძალოვანი გუნდები ეთამაშებიან. მეოთხედფინალური შეხვედრები 24 ოქტომბერს გაიმართება, ნახევარფინალები 27 ოქტომბერს, ფინალები კი 30 ოქტომბერსაა დანიშნული.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ბრიუსელში, Stade Roi Baudouin-ზე ითამაშებენ და მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება (ადგილობრივი დროით 14:00 საათი). ამავე სტადიონზე, თბილისის დროით 18:00 საათზე ბელგია პოლონეთს დაუპირისპირდება. დანარჩენ ორ მატჩს ლეუვენი უმასპინძლებს და იქ თბილისის დროით 15:00 საათზე რუსეთი ესპანეთს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც მოედანზე რუმინეთისა და უკრაინის გუნდები გავლენ. ნახევარფინალში საქართველოსა და პორტუგალიის წყვილს შორის გამარჯვებული რუმინეთსა და უკრაინას შორის მოგებულ გუნდს დაუპირისპირდება.  
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი პაატა ნარიმანაშვილი და ზურაბ ამონაშვილი ავარჯიშებენ, 9 დღიანი მზადება საფრანგეთში გაიარა, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთის ფედერალ 1-ის გუნდ “მასის” დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდა და მეტოქე მშრალი ანგარიშით, 26:0 დაამარცხა.
“მსოფლიო სპორტი” პატარა “ბორჯღალოსანთა” მთავარ მწვრთნელს ბრიუსელში დაუკავშირდა:
პაატა ნარიმანაშვილი: “ნორმალურად ვიმგზავრეთ. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა და საწუწუნო არაფერი გვაქვს.
- საფრანგეთში მზადების პერიოდში რა კომპონენტზე გააკეთეთ მთავარი აქცენტი?
- იქ სრული სავარჯიშო კურსი გავიარეთ, დაწყებული ფიზმომზადებით, დამთავრებული სათამაშო სტრატეგიების გარჩევით. ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა.
- იქ ამხანაგური შეხვედრაც გამართეთ, რომელიც 26:0 მოიგეთ...
- შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისე კი, მნიშვნელოვანი თამაში იყო. გუნდი სრული შემადგენლობით პირველად შეიკრიბა და გვაინტერესებდა, ვის რა შეეძლო. ახლა გუნდზე სრული წარმოდგენა გვაქვს.
- რა დადებითი და უარყოფითი მხარეები დაგანახათ ამ შეხვედრამ?
- ბევრი დადებითი დავინახეთ, მაგრამ იყო მინუსებიც, რომელთა აღმოფხვრასაც შეძლებისდაგვარად ვეცადეთ. ძალიან ხშირად ვჯარიმდებოდით შეტევაში. ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და ბევრს ვუტევდით, მაგრამ უაზრო შეცდომების გამო, მას ხშირად ვკარგავდით. სამაგიეროდ, გუნდი ძალიან კარგადაა ფიზიკურად მომზადებული და მოედანზე ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლიათ.
- გუნდის ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას იტყვით?
- ვცდილობთ, რომ ძლიერი რომელი კონკრეტული რგოლი კი არა, მთელი გუნდი იყოს. ტრადიციულად ძლიერი გვყავს შერკინება, თუმცა, ხაზის მოთამაშეებიც არანაკლებნი არიან.
- ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიელთა წინააღმდეგ თამაში უჭირს. ასაკობრივ გუნდში ამ მხრივ როგორი სიტუაციაა?
- ვერაფერს გეტყვით. პორტუგალიის ნაკრებზე თითქმის არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს, მაგრამ არა მგონია იოლი შეხვედრა გველოდეს. შარშანდელ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიამ ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა და ალბათ ახლაც კარგი გუნდი ეყოლებათ, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება.
- ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?
- უწინარესად, რუმინეთის ნაკრები.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
ზურაბ ჟვანია (“აია”, ქუთაისი), კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), მერაბ მატკავა (“აია”, ქუთაისი), ზურაბ ერისთავი (“აია”, ქუთაისი), ბექა ბიწაძე (“ივერია”, თბილისი), ირაკლი ჩომახაშვილი (“არმაზი”, თბილისი), ვანო გაბროშვილი (“არმაზი”, თბილისი), რამაზ ჯინაშვილი (თსუ-“ლომები”, გორი), გიორგი ტყეშელიაძე (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), ლუკა კვარაცხელია (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჭყოიძე (“ლელო”, თბილისი), ბახვა კობახიძე (თსუ-“ლომები”, გორი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), დავით ლოსაბერიძე (“დიჟონი”, საფრანგეთი), გიორგი ჟღენტი (“თსუ-“ლომები”, გორი), უშანგი მჭედლიშვილი (“ლელო”, თბილისი), ჯიმი ღამბაშიძე (“ლელო”, თბილისი), გიგა თხილაიშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), ლაშა ლომიძე (“აკადემია”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (“აკადემია”, თბილისი), ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი), გოდერძი ჭინჭარაული (“ლელო”, თბილისი), გიგა გაგოშვილი (“შევარდენი”, თბილისი), ბექა ხიპაშვილი (“აკადემია”, თბილისი), გიორგი აბრამიძე (“აია”, ქუთაისი), ტარიელ ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი).
მწვრთნელები: პაატა ნარიმანაშვილი, ზურაბ ამონაშვილი
ფიზმომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი
მენეჯერი: დიმიტრი ობოლაძე


ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
ბელგია. 24 ოქტომბერი. 1/4-ფინალი

ლეუვენი. RC
რუსეთი - ესპანეთი (15:00 საათი. თბილისის დრო)
რუმინეთი - უკრაინა (17:00 საათი)
ბრიუსელი. Stade Roi Baudouin
საქართველო - პორტუგალია (16:00 საათი)
ბელგია - პოლონეთი (18:00 საათი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083077