ევროპის ერთა თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პრინციპულმა მეტოქემ რუსეთის ნაკრებმა, საშემოდგომო ტესტები არგენტინის “იაგუარებთან” (მეორე ნაკრები) მატჩით გახსნა და 20:40 დამარცხდა.
მოსკოვის “სლავას” სტადიონი მაყურებელმა პირთამდე იმ იმედით შეავსო, რომ საყვარელი გუნდის გამარჯვებას იხილავდა, მაგრამ არგენტინელებმა საწყის წუთებში ორი ლელო გაიტანეს. შესვენებამდე რუსებმა თითო ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანეს, მაგრამ ქულები თავადაც მიიღეს და ტაიმი არგენტინელებმა 19:10 მოიგეს. მეორე ნახევარში “იაგუარების” ლელო-რეალიზაციას მასპინძლებმა კვლავ ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს და ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანეს - 20:26, მაგრამ ამის შემდეგ ქულები მხოლოდ არგენტინელებმა აგროვეს, ორ-ორი ლელო-რეალიზაცია მიითვალეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ოთხმა დებიუტანტმა ითამაშა. ამათგან ერთ-ერთი ქართული წარმოშობის, მაგრამ რუსული პასპორტის მქონე პირველხაზელი ვალერი ცნობილაძე იყო, რომელიც ნიკოლაი ნერუშს გაფართოებულ შეკრებაზე აქამდეც ჰყავდა, მაგრამ განაცხადში ერთხელაც არ შეუყვანია. ცნობილაძე მეორე ტაიმში შეცვალეს. ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს კიდევ ერთი ქართული წარმოშობის პირველხაზელი კარლო მაღლაკელიძე, რომლისთვისაც ეს მატჩი “დათვების” რიგებში მეათე იყო. რუსეთის ეროვნული ნაკრები და არგენტინის “იაგუარები” მეორე შეხვედრას ერთი კვირის თავზე გამართავენ. ამ დროს საქმეში სხვა წამყვანი სარაგბო ქვეყნების ეროვნული გუნდებიც ჩაერთვებიან.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია