7-კაცა რაგბიში, საქართველოს 2010 წლის ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, თბილისის “ვისოლი-ყოჩებმა” ქუთაისი “აია”, ლამაზ სტილში, 22:7 დაამარცხა და ქვეყნის უძლიერესი გუნდი ზედიზედ მეორედ გახდა.
წლეულს 7-კაცა რაგბის ჩემპიონატი განსხვავებული სისტემით ჩატარდა. ორ შესარჩევ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი მიხედვის, 10 საუკეთესო გუნდი ფინალური ეტაპისთვის “ვისოლის” ბაზაზე შეიყარა. ჯგუფური ეტაპის ძირითადი შეხვედრები შაბათს გაიმართა, თითო-თითო ტური კი კვირას.
“ა” ჯგუფში “აკადემიამ” თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება პირველსავე დღეს მოიპოვა, “ბათუმი XV”-მა კი, ბოლო მატჩში ქუთაისი “ბაგრატს” 29:0 სძლია და “აკადემიას” შეუერთდა. ამავე ჯგუფის მეორე მატჩი, რუსთავის “ხარებსა” და თბილისის “ივერიას” შორის, ფრედ 12:12 დასრულდა.
“ბ” ჯგუფში უდანაკარგო “ვისოლი-ყოჩებმა” “ხულიგანას” აჯობა და ფინალში პირველი ადგილიდან გავიდა, ქუთაისი “აიამ” კი მე-2 პოზიცია დაიკავა. “ლოკომოტივმა” ვერც ფოთის “კოლხ რაინდებს” აჯობა და ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩა.
კვირასვე შედგა ნახევარფინალები და ფინალები. უწინარესად, მოედანზე V-VIII ადგილისთვის მებრძოლი ნახევარფინალისტთა წყვილები გავიდა. “ივერიამ” “კოლხ რაინდებს” იოლად აჯობა, “ხულიგანასა” და “ხარებს” შორის დაძაბული ბრძოლა გაიმართა. გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს, მაგრამ რუსთაველებმა რეალიზაციაც გამოიყენეს და V ადგილისთვის ბრძოლის უფლება მიიღეს.
თასის პირველი ნახევარფინალი “აკადემიას” მორაგბეთა შეცდომით და ქუთაისელთა ლელოთი დაიწყო. შესვენებამდე ქუთათურებმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშეს და მეორე ლელო მიითვალეს - 10:0. პირველი ნახევრის მიწურულს “აკადემიამ” კარგი სალელოვე შანსი ხელიდან გაუშვა, მე-2 ტაიმის დასაწყისში კი, “აიამ” მე-3 ლელო გაიტანა, რეალიზაციაც გამოიყენა და მატჩი 17:0 მოიგო.
მხოლოდ ერთმა გუნდმა აგროვა ქულები მეორე ნახევარფინალშიც. “ვისოლი-ყოჩები” ბათუმელთა წინააღმდეგ კალმახელიძის ლელოთი დაწინაურდნენ. შესვენებამდე, ნიჟარაძის კარგი შეტევა კვლავ კალმახელიძემ დააგვირგვინა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა - 12:0. მე-2 ნახევარში თბილისელებმა თავისი ჩათვლის მოედნიდან დაწყებული შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს, მერე კი ბათუმელთა შეცდომით ისარგებლეს და მატჩი 26:0 მოიგეს.
გადამწყვეტი ადგილებისთვის ბრძოლის დრო კი დადგა, მაგრამ 2 შეხვედრა არ შედგა. IX ადგილისთვის საბრძოლველად, “ლოკომოტივმა” ქუთაისის “ბაგრატთან” თამაშზე უარი თქვა და მას წაგება ჩაეთვალა. წაგება ჩაეთვალა “ხულიგანასაც”, ვინაც “კოლხ რაინდებს” VII ადგილისთვის არ შეება. V ადგილისთვის თბილისის “ივერია” რუსთავის “ხარებს” შეერკინა. შეხვედრა რუსთაველთა უპირატესობით დაიწყო. მათ ორჯერ გადაკვეთეს მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზი, მაგრამ ჯერ ბურთი წინ დაუვარდათ, მერე კი რეფერიმ ბოლო მომენტში წინპასი დააფიქსირა. “ხარებს” მესამე ცდაზე გაუმართლათ და ლელო გაიტანეს, მაგრამ ზედ შესვენების წინ “ივერიამ” წონასწორობის აღდგენა მოახერხა. მე-2 ტაიმში რუსთაველებმა უპირატესობა კიდევ ერთ ლელოში ასახეს, გარდასახვაც გამოიყენეს და 12:5 მოგებით, საპატიო მე-5 ადგილი დაიკავეს.
III ადგილისთვის მატჩი ძნელი საყურებელი გამოდგა. “აკადემია” და “ბათუმი XV” 7-კაცა რაგბისთვის საჭიროსგან სრულიად განსხვავებულ თამაშს აჩვენებდნენ. პირველი ტაიმის დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ბათუმელებმა ლელო გაიტანეს და 5:0 დაწინაურდნენ. მე-2 ნახევარში “აკადემია” მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა და ფეხით გადაკიდების შემდეგ, ლელოთი წონასწორობა აღადგინა. ამ ეპიზოდში ერთ-ერთი ბათუმელი მორაგბე მსაჯს შეეკამათა და 2 წუთით თანაგუნდელები მოედანზე კაცნაკლული დატოვა. თბილისელებმა ამ უპირატესობით ვერ ისარგებლეს, მაგრამ როგორც კი მოწინააღმდეგეს სასჯელის ვადა გაუვიდა, “აკადემიამ” ცენტრში ლელო გაიტანა, თუმცა, რეალიზაცია ვერ გამოიყენა. თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ზღვისპირელებმა გაიბრძოლეს, ცენტრთან ახლოს ხაზი გაჭრეს და ზედ ბოლო წუთზე ლელო ძელებსშუა გაიტანეს, მერე გარდასახვაც გამოიყენეს და III ადგილი დაისაკუთრეს.
“ვისოლი-ყოჩებსა” და “აიას” შორის გამართული ფინალი საინტერესო სანახავი გამოდგა. მაღალ ტემპში მიმდინარე ჯახში, პირველმა თბილისელებმა იხეირეს და შესვენების წინ ლელოთი დაწინაურდნენ. მე-2 ტაიმი დაძაბულად დაიწყო, “ვისოლი-ყოჩები” ბურთს მეტოქის ნახევარზე ინარჩუნებდა, მერე კი, თემურ სოხაძემ ლამაზი ინდივიდუალური გარღვევა განახორციელა - 10:0. ამან ქუთაისელები არია და ცენტრიდან გარღვევის შემდეგ, მათ კიდევ ერთი ლელო მიიღეს. “აიამ” ერთი საპასუხო ლელო მალევე გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა, მაგრამ დრო ცოტა იყო და ქუთათურები აჩქარდნენ, რასაც შეცდომა და “ვისოლი-ყოჩების” მე-4 ლელო მოყვა. საბოლოოდ, თბილისელებმა 22:7 იმარჯვეს და თასს ზედიზედ მეორედ დაეპატრონენ. შეგახსენებთ, რომ თუ გუნდი საქართველოს 7-კაცა ჩემპიონატს სამჯერ მოიგებს, თასი მის საკუთრებაში სამუდამოდ დარჩება და ახალი გათამაშებისთვის ახალი თასი დამზადდება.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ თემურ სოხაძე დასახელდა “ვისოლი-ყოჩებიდან”, რომელმაც ფინალში 2 ლელო მიითვალა, საუკეთესო მელელოვე კი, 8 გატანილი ლელოთი ბაჩო გოშაძე გახდა ქუთაისი “აიადან”.
ა ჯგუფი
23 ოქტომბერი. შაბათი
ივერია - ბათუმი XV 7:29
აკადემია - ბაგრატი 19:0
ბათუმი XV - ხარები 19:12
აკადემია - ივერია 19:5
ბაგრატი - ხარები 21:26
ბათუმი XV - აკადემია 0:26
ბაგრატი - ივერია 0:26
აკადემია - ხარები 19:5
24 ოქტომბერი. კვირა
ბათუმი XV - ბაგრატი 29:0
ხარები - ივერია 12:12
1 | აკადემია (თბილისი) | 4 | 4 | 0 | 0 | 83-10 | 8 |
2 | ბათუმი XV (ბათუმი) | 4 | 3 | 0 | 1 | 77-45 | 6 |
3 | ივერია (თბილისი) | 4 | 1 | 1 | 2 | 50-60 | 3 |
4 | ხარები (რუსთავი) | 4 | 1 | 1 | 2 | 55-71 | 3 |
5 | ბაგრატი (ქუთაისი) | 4 | 0 | 0 | 4 | 21-100 | 0 |
ბ ჯგუფი
23 ოქტომბერი. შაბათი
კოლხი რაინდები - ვისოლი-ყოჩები 0:45
აია - ხულიგანა 26:7
ვისოლი-ყოჩები - ლოკომოტივი 35:0
აია - კოლხი რაინდები 43:0
ხულიგანა - ლოკომოტივი 28:0
ვისოლი-ყოჩები - აია 14:12
ხულიგანა - კოლხი რაინდები 22:7
აია - ლოკომოტივი 32:0
24 ოქტომბერი. კვირა
ვისოლი-ყოჩები - ხულიგანა 19:7
ლოკომოტივი - კოლხი რაინდები 5:15
1 |
ვისოლიყოჩები(თბილისი) |
4 | 4 | 0 | 0 | 113-19 | 8 |
2 | აია (ქუთაისი) | 4 | 3 | 0 | 1 | 113-21 | 6 |
3 | ხულიგანა (თბილისი) | 4 | 2 | 0 | 2 | 64-52 | 4 |
4 | კოლხი რაინდები (ფოთი) | 4 | 1 | 0 | 3 | 22-115 | 5 |
5 | ლოკომოტივი (თბილისი) | 4 | 0 | 0 | 4 | 5-110 | 0 |
24 ოქტომბერი. ფლეი ოფები
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
ივერია - კოლხი რაინდები 17:5
ხულიგანა - ხარები 5:7
თასის ნახევარფინალები
აკადემია - აია 0:17
ვისოლი-ყოჩები - ბათუმი XV 26:0
IX ადგილისთვის
ბაგრატი - ლოკომოტივი (ლოკომოტივი არ გამოცხადდა)
VII ადგილისთვის
კოლხი რაინდები - ხულიგანა (ხულიგანა არ გამოცხადდა)
V ადგილისთვის
ივერია - ხარები 5:12
III ადგილისთვის
აკადემია - ბათუმი XV 10:12
ფინალი
ვისოლი-ყოჩები - აია 22:7
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია