საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ბელგიაში მიმდინარე ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, პორტუგალიის ნაკრები 27:3 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება.
პატარა “ბორჯღალოსნებმა” თამაში აქტიურად დაიწყეს და მალევე თხილაიშვილის ლელოთი 5:0 დაწინაურდნენ, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენეს. შესვენებამდე პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებმა კიდევ ერთი ლელო მიითვალეს, თუმცა, რეალიზაცია ამჯერადაც არაზუსტი იყო. შესვენებამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და ქართველმა მორაგბეებმა ტაიმი 13:3 მოიგეს. მე-2 ტაიმში საქართველოს ნაკრებმა კიდევ უკეთ ითამაშა, მეტოქეს ქულა არ ააღებინა, თავად კი მონაგარს კიდევ 14 შემატა და 27:3 იმარჯვა.
“ბორჯღალოსანთა” მომავალმა მეტოქე რუმინეთმა უკრაინა 36:0 გაანადგურა. რუმინელებმა სულ 6 ლელო გაიტანეს, 2 პირველ ტაიმში, 4 კი მეორე ნახევარში. თასის ნახევარფინალში გავიდა რუსეთის ნაკრებიც, რომელიც ესპანეთს პირველი ნახევრის შემდეგ 22:0-ს უგებდა, ჯამში კი 27:15 იმარჯვა. მისი მეტოქე იქნება ბელგია, რომელმაც პოლონეთი დიდი სხვაობით – 45:10 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
ბელგია. 24 ოქტომბერი. 1/4-ფინალი
ლეუვენი. RC
რუსეთი - ესპანეთი 27:15
რუმინეთი - უკრაინა 36:0
ბრიუსელი. Stade Roi Baudouin
საქართველო - პორტუგალია 27:3
ბელგია - პოლონეთი 45:10
27 ოქტომბერი. ოთხშაბათი
თასის ნახევარფინალი
რუმინეთი - საქართველო
რუსეთი - ბელგია
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
უკრაინა - პორტუგალია
ესპანეთი - პოლონეთი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია