საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის X ტურში, ექვსი ქართველი ლეგიონერის კლუბებიდან გამარჯვება მხოლოდ ორმა მოიპოვა, ხოლო ორმა საუკეთესო მორაგბემ - მამუკა გორგოძემ და დავით ზირაქაშვილმა მორიგი ყვითელი ბარათები მიიღეს.
ამ რაუნდის უმთავრესი მოვლენა ისაა, რომ ყველაზე ქართულმა კლუბმა “მონპელიემ”, საკუთარი შეხვედრა პრემიალური ქულის აღებით მოიგო და რადგან იგივე, ანუ პრემიალური ქულის აღება “მეტრო რასინგმა” ვერ შეძლო, სატურნირო ცხრილის სათავეს დაუბრუნდა.
Top 14-ის გასულ ტურში “სტად ფრანსესთან” დამარცხების შემდეგ, “მონპელიე” ორი კვირით ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფზე” გადაერთო და მიუხედავად იმისა, რომ ლიდერების გარეშე ითამაშა, ორივე მატჩში გამარჯვება მოიპოვა. შიდა ასპარაზზე მწვრთნელმა დასვენებული ლიდერები ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და “მონპელიემ” ერთ-ერთი აუტსაიდერი “ბურგონი” ნერვების წყვეტის გარეშე 28:3 დაამარცხა, რითაც სატურნირო ცხრილის სათავეში მიმდინარე გათამაშებაში მეორედ მოექცა.
10 ათასი გულშემატკივრის შეძახილებით გამხნევებულმა “მონპელიემ”, მოწინააღმდეგეზე იერიშე პირველივე წუთებიდან მიიტანა, მამუკა გორგოძის შეჩერებას სტუმართა ბოლო მცველების ერთობლივი ძალისხმევა დასჭირდა, რის შედეგადაც პელოს თავისუფალი სივრცე შეექმნა და ლელო გაიტანა. უნდა ითქვას, რომ მასპინძლები ხშირად ჯარიმდებოდნენ და მეტოქეს სამი გასატანი ჯარიმა რომ არ გაეფუჭებინა, შესვენებისას ანგარიში სხვაგვარი იქნებოდა, ისე კი, ტაიმის ბოლომდე “მონპელიემ” სამი, “ბურგონმა” კი ერთი ჯარიმა გაიტანა და შესვენებაზე გასვლისას მასპინძლები 14:3 იგებდნენ.
მეორე ტაიმი იმით დაიწყო, რომ მოედანზე ჩხუბი ატყდა და რაღა თქმა უნდა, მასში მამუკა გორგოძე მონაწილეობდა. რეფერიმ ის 10 წუთით გაასინბინა, მაგრამ მასთან ერთად გაასინბინა მეტოქის ორი მორაგბეც - ერთი ჩხუბისთვის, მეორე ყელს ზევით ბოჭვისთვის. ეს 49-ე წუთზე მოხდა და 57-ე წუთზე კაცმეტმა “მონპელიემ” ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. მასპინძლებს ლიდერობის დასაბრუნებლად პრემიალური ქულა სჭირდებოდათ, ბოლოსკენ უფრო მეტი მოინდომეს და 76-ე წუთზე მესამე ლელო გაიტანეს, რასაც ასევე ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში პრემიალურ ქულას მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა იძლევა.
გორგოძე საკუთარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და თუ არ ჩავთვლით დასჯილთათვის განკუთვნილ სკამზე გატარებულ 10 წუთს, სრულად ითამაშა. მთლიანობაში, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, ქართველმა მესამეხაზელმა, რომელმაც “ბურგონის” წინააღმდეგ 7 ნომერზე ითამაშა, 10 შეხვედრიდან 9-ში მიიღო მონაწილეობა, 8 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო და ჯამში მოედანზე 655 წუთი გაატარა. ამ პერიოდში მან ორი ლელო გაიტანა და ორჯერ ყვითელი ბარათით დაისაჯა. “ბურგონის” წინააღმდეგ 56-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშეს პირველხაზელებმა გოდერძი შველიძემ და გიორგი ჟღენტმა, აი გიორგი ჩხაიძე კი, რომელმაც “ჩელენჯ ქაფის” ორივე განვლილ მატჩში სრულად იბურთავა, ამჯერად განაცხადშიც ვერ მოხვდა. “მონპელიეს” 32 ქულა აქვს, “ტულუზას” და “მეტრო რასინგს” დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის და პირველ ადგილზეა.
საფრანგეთის ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, ზედიზედ მეორედ დამარცხდა და “ბიარიცთან” სტუმრად გამართულ მატჩში მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას გამორჩა. უნდა ითქვას, რომ ქართული ფესვების, მაგრამ საფრანგეთის პასპორტის მქონე დიმიტრი იაშვილის “ბიარიცი”, ბოლო პერიოდში წარმატებით თამაშობს, “ჰეინეკენის თასის” ორი შეხვედრის ჩათვლით, ბოლო 8 მატჩიდან 7-ში გამარჯვება იზეიმა და ეს Top 14-ის სატურნირო ცხრილზეც აისახა. ტრიბუნაზე შეკრებილი 10 ათასზე მეტი მაყურებელი ტრაილეს არეკნის შემდეგ გამხიარულდა, მაგრამ 29-ე წუთზე სტუმრებმა ჯერ ჯარიმით ანგარიში გაათანაბრეს, ორ წუთში კი ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და წინ გაიჭრნენ. პირველ ტაიმში მათ ზურგქარიც ეხმარებოდათ, მაგრამ ტრაილემ არ მოისვენა, შესვენებამდე მეორე არეკნიც ძელებსშუა გააძვრინა და “კლერმონმა” ტაიმი მხოლოდ ოთხი ქულის სხვაობით მოიგო - 10:6.
მეორე ტაიმში ქარი უკვე მასპინძლის მხარეს იყო და მეტოქის ნახევარზე დამკვიდრებას ეცადა. საწყის 10 წუთში სტუმრები კარგად იდგნენ, მაგრამ ზირაქაშვილი რეფერიმ უხეშობისთვის 51-ე წუთზე გაასინბინა და იაშვილმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. რეფერიმ სტუმრთა მეორე მორაგბე 58-ე წუთზე გაასინბინა და 13 მეტოქეს 15-მა მასპინძელმა ლელო გაუტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოაყოლა. “კლერმონმა” ჯარიმით ჩამორჩენა 3 ქულამდე 66-ე წუთზე დაიყვანა და ბოლო 10 წუთში სიტუაციის სათავისოდ შემობრუნებას ეცადა, მაგრამ მასპინძლებმა გაძლეს და სტუმრებს შინ მხოლოდ ერთი პრემიალური ქულა გაატანეს. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და სინბინიდან მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ამრიგად, “კლერმონი” 10 მატჩიდან ხუთ-ხუთი მოგება წაგებით და 25 ქულით, მე-8 ადგილზეა, “ბიარიცს” კი 27 ქულა დაუგროვდა და მე-5 საფეხურამდე აღზევდა.
Top 14-ში ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ, პარიზში დამარცხდა დავით ქუბრიაშვილის “ტულონი”. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა შესვენების შემდეგ შეცვალა. უილკინსონის ორი ჯარიმის შემდეგ, სტუმრები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ მათ შესვენებამდე ჯამში ოთხი ჯარიმა გაუშვეს და ტაიმი 6:12 დათმეს. მე-60 წუთამდე უილკინსონმა ორი ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, 66-ე წუთზე კი, არეკნი გაიტანა და “ტულონი” წინ გაიჭრა. სტუმრები ბოლო 10 წუთში გატყდნენ, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაუშვეს და 15:22 დამარცხდნენ. შედეგად, “ტულონი” მხოლოდ პრემიელურ ქულას დასჯერდა და 28 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი უკავია.
აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, ქართულ დერბიში 38:11 დაამარცხა ბექა შეყლაშვილის “აჟენი”. გიორგაძე ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში არაა და განაცხადში ვერ მოხვდა, ფეიქრიშვილმა კი შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა. სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო შეყლაშვილი და მოედანზე 60 წუთი გაატარა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში აქცენტი ქულების დაგროვებაზე გააკეთეს, ჯარიმები კარში ურტყეს, 4 ჯარიმას ერთი ლელო-გარდასახვაც შემატეს და რადგან თავად მხოლოდ ორი ჯარიმა მიიღეს, 19:6 დაწინაურდნენ. “კასტრმა” მეორე ტაიმში ლელოებზე ითამაშა, რათა პრემიალური ქულა მიეღო და მიზანსაც უწია. მათ სამი ლელო გაიტანეს, “აჟენმა” კი თავისი წილი პრესტიჟი ლელოს გატანა მატჩის მიწურულსღა შეძლო. “კასტრი” 24 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს, 7 ქულის ამარა დარჩენილი “აჟენი” კი ბოლო საფეხურზეა.
მხოლოდ პრემიელურ ქულას დასჯერდა დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივი”, რომელიც სტუმრად უშუალო კონკურენტ “ლა როშელთან” 21:26 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ხინჩაგიშვილი იყო და ის თამაშში 49-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრები ადრეული ჯარიმით კი დაწინაურდნენ, მაგრამ 23-ე წუთამდე ორი ლელო და თითო-თითო ჯარიმა-გარდასახვა გაუშვეს. “ბრივმა” ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ 35-ე წუთზე შეხვედრაში მესამე ლელო გაუშვა. შესვენებამდე თავისი წილი ლელო სტუმრებმაც გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და ტაიმი 7 ქულის სხვაობით დათმეს - 13:20. “ლა როშელმა” უპირატესობა 10 ქულამდე 50-ე წუთზე გატანილი ჯარიმით გაზარდა, მაგრამ ჯარიმით და ლელოთი, მე-60 წუთისთვის სხვაობა უკვე 2 ქულამდე დავიდა. ამან სტუმრებს მატჩის გადარჩენის იმედი დაუბრუნა, მაგრამ მათ ქულის აღება ვეღარ შეძლეს, მასპინძლებმა კი ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. “ბრივს” 18 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.
X ტურის დანარჩენ შეხვედრებში, “მეტრო რასინგმა” “ბაიონს” 15:9 სძლია, “ტულუზამ” კი “პერპინიანს” 38:29 აჯობა. თოპ 14-ის მომდევნო ტურის მატჩები 30 ოქტომბერს გაიმართება.
სატურნირო მდგომარეობა: 1-3. მონპელიე, ტულუზა, მეტრო რასინგი - 32, 4. ტულონი - 28, 5-6. ბიარიცი, სტად ფრანსე - 27, 7. პერპინიანი - 26, 8. კლერმონი - 25, 9-10. ბაიონი, კასტრი - 24, 11. ბრივი - 18, 12. ლა როშელი - 15, 13. ბურგონი - 10, 14. აჟენი - 7.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია