საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და მისი ძლევით ფინალში თამაშის უფლების მიღებას ეცდება.
ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე, პატარა “ბორჯღალოსანთა” დამრიგებელი პაატა ნარიმანაშვილი, მთავარ მეტოქედ “მუხის ფოთლებს” მიიჩნევდა. 1/4-ფინალი ორივე ამ გუნდმა უპრობლემოდ გადალახა და შეიძლება ითქვას, რომ ნახევარფინალში ერთგვარი მცირე ფინალი გაიმართება, თუმცა, ფორმატიდან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატის ყველა შეხვედრა ერთგვარი ფინალის ტოლფასია. პირველ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალის 27:3 სძლია, რუმინეთმა კი უკრაინა 36:0 გაანადგურა.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა შეხვედრა ბრიუსელიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ მონსში გაიმართება, რომელიც VII საუკენეში დაარსდა და დღეისათვის მისი მოსახლეობა 100 ათასს შეადგენს. ნარიმანაშვილი დარწმუნებულია, რომ რუმინელები წარმატების მისაღწევად არაფერს მოერიდებიან, თუმცა, საქართველოს ნაკრები გამოწვევისთვის მზდაა და მისი მიზანი არა მარტო ამ შეხვედრაში, არამედ მთელს ტურნირში გამარჯვებაა. რუმინელებზე უნდა ვთქვათ, რომ ისინი ცნობილნი არიან “ბინძური თამაშით” და ამ შემთხვევაში, დიდი როლი ქართველი მორაგბეების დისციპლინას ენიჭები, რომლებიც მოწინააღმდეგის პროვოკაციებს არ უნდა წამოეგნენ. ეს შეხვედრა 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ორიოდე სიტყვით პორტუგალიის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაზეც ვთქვათ. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს. პირველი ლელო მე-6 წუთზე მესამეხაზელმა ტარიელ ჩხიკვაძემ გაიტანა, 26-ე წუთზე კი, მეორე ლელო საკუთარ ანგარშზე უკანახაზელმა ბახვა კობახიძემ ჩაიწერა. გარდასახვები არაზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ 32-ე წუთზე დავით ლოსაბერიძემ ჯარიმა გაიტანა და “ბორჯღალოსნები” 13:0 დაწინაურდნენ, თუმცა, შესვენების წინ ჯარიმა გაუშვეს. მეორე ტაიმის დასაწყისში, პორტუგალიელებს მორაგბე გაუსინბინეს, საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა კარგად გამოიყენა და მე-40 წუთზე (19-წლამდელთა შეხვედრებში ტაიმი 35 წუთს გრძელდება) ბახვა კობახიძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა, ლოსაბერიძემ კი გარდასახვა გამოიყენა. 45-ე წუთზე ლელო თავის ანგარიშზე პირველხაზელმა ზურაბ ჟვანიამ ჩაიწერა, ლოსაბერიძემ კი რეალიზაცია გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილმა 25-მა წუთმა უქულოდ განვლო, საინტერესო კი ის იყო, რომ 52-ე წუთზე ზურაბ ერისთავმა სინბინბი დაიმსახურა.
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: (1-15) ზურაბ ჟვანია (ბექა ბიწაძე 48), ზურაბ ერისთავი (ვანო გაბროშვილი 63), მერაბ მატკავა (გიორგი ტყეშელიაძე 63), ირაკლი ჩომახაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ჯიმი ღამბაშიძე 63), ტარიელ ჩხიკვაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, ლაშა ლომიძე, გიორგი ჟღენტი (გიგა თხილაიშვილმა 48), გოდერძი ჭინჭარაული, უშანგი მჭედლიშვილი, დავით ლოსაბერიძე, ბახვა კობახიძე, გიორგი ჭყოიძე, რამაზ ჯინაშვილი.
აქვე გეტყვით, რომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული, 2011 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფაზე” თამაშის უფლებას მიიღებს, სადაც სხვადასხვა კონტინენტის 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო თასს აშშ უმასპინძლებს და იქ თამაშის უფლება, თავ-თავიანთ ზონაში პირველობის შედეგად უკვე მოიპოვეს ზიმბაბვემ (აფრიკა), იაპონიამ (აზია), ურუგვაიმ (სამხრეთ ამერიკა) და სამოამ (ოკეანეთი). მათთან ერთადაა 20-წლამდე მორაგბეთა გასულ გათამაშებაში უძლიერეს გუნდებს შორის ბოლო ადგილზე გასული არგენტინის ნაკრებიც.
ევროპის 2010 წლის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
27 ოქტომბერი. ოთხშაბათი
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
უკრაინა - პორტუგალია (18:00 საათი)
პოლონეთი - ესპანეთი (18:00 საათი)
თასის ნახევარფინალები
რუმინეთი - საქართველო (20:00 საათი)
ბელგია - რუსეთი (20:00 საათი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია