25 ოქტომბერს, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები შვეიცარიის ქალაქ ჟენევადან დაბრუნდა, სადაც მსოფლიოს დედაქალაქების შვიდკაცა რაგბის ტურნირზე, მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
პირველად, ქართული რაგბის ისტორიაში, თხუთმეტწლამდელთა ნაკრები საერთაშორსო შვიდკაცას ტურნირის ფინალისტი გახდა: 24 ოქტომბერს, ტურნირის დახურვის დღეს, ჟენევას “ბუდემონდის“ სტადიონზე, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ჰიმნები აჟღერდა.
საქრთველოს თხუთმეტწლამდელთა ნაკრების კაპიტანს, ირაკლი სვანიძეს საზეიმოდ გადასცეს ჩამოსხმული თასი, რომელიც ორ ხელს უჭირავს. სამხრეთაფრიკელებს იგივე თასი გადაეცათ, ოღონდ, შედარებით დიდი ზომის.
ეს პრესტიჟული ტურნირი ხუთი წელია საფრანგეთის რაგბის კავშრის ინიციატივით ტარდება. რაგბის განვითარების მიზნით, წლეულს შეჯიბრი ჟენევაში გაიმართა, გაისად კი კვლავ პარიზს დაუბრუნდება.
საქრთველოს თხუთმეტწლამდელებმა ამ შეჯიბრში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ჩვენი დელეგაციის წევრთა სიტყვით, ტურნირი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული: თამაშებისგან თავისუფალ დროს, მორაგბეები მერიაში დაპატიჟეს ვახშამზე, სადაც მონაწილე გუნდებს ერთმანეთი წარუდგინეს. ახალგაზრდა მორაგბეები ციურიხისა და ჟენევის გუნდებს შორის გამართულ ჰოკეის მატჩზეც დაპატიჟეს და ციგურებზეც დააყენეს.
შეჯიბრში ორ ჯგუფად განაწილებული 6-6 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ტაიმები შვიდწუთიანი იყო. მხოლოდ ნახევარფინალები და ფინალური მატჩი გაიმართა ორ შვიდწუთიან ტაიმებად. ქართველებთან ერთად ჯგუფში იყვნენ სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, პორტუგალია, ფრანგული გუნდები “ბიარიცი“ და “პარიზი“.
ჯგუფში გაიმარჯვა სამხრეთ აფრიკამ და საქართველომ – ყველა გუნდს 4 მოგება და 1 წაგება ქონდა. აქედან გამომდინარე, პირველობას გატანილი ლელოების რაოდენობა წყვეტდა. პორტუგალიასთან მატჩში ქართველებს, ჯგუფიდან გასასვლელად, ხუთი ლელოს გატანა სჭირდებოდათ. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენება შემართების საოცარი მაგალითი აჩვენეს და პორტუგალიას 7 წუთში 6 ლელო დაუდეს.
მართალია, მსაჯმა ერთი ლელო არ ჩათვალა, მაგრამ ქულების რაოდენობა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებისთვის უკვე საკმარისი აღმოჩნდა ნახევარფინალში გასავლელად, სადაც ჩვენი მეტოქე მეორე ჯგუფის გამარჯვებული არგენტინა იყო. ქართველმა მორაგბეებმა სამხრეთამერიკელებს იოლად მოუგეს და ფინალში სამხრეთ აფრიკას შეხვდნენ, რომელთანაც 2:3 დამარცხდნენ და მეორე ადგილს დასჯერდნენ.
ცნობისთვის, საქართველოს თხუთმეტწლამდელთა ნაკრები მხოლოდ მეორედ შეიკრიბა. ამ ასაკობრივი გუნდის საერთაშორისო მატჩზე გაგზავნა პირველად შარშან მოხდა. ეს იყო საფრანგეთის რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული შეჯიბრი, სახელწოდებით Al’ouverture, რომელიც მსოფლიოს 15 წლამდელთა შორის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მაშინ, ქართველ მოზარდებს საფრანგეთის პატარა ქალაქ ვიენაში, შემდეგ კი კორსიკაზე, ბასტიასა და კალვიში მოუწიათ ყოფნა.
აქამდე, მწირი ფინანსური შესაძლელობების გამო, ამ ასაკობრივი ნაკრების სხვადასხვა ტურნირებზე გაგზავნა ვერ ხერხდებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია