19-წლამდე მორაგბეთა შორის ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაატა ნარიმანაშვილი უმთავრეს მეტოქედ რუმინეთს მიიჩნევდა. ისე მოხდა, რომ ეს გუნდები ერთურთს ნახევარფინალში გადაეყარნენ და ნაადრევ ფინალად მიჩნეულ მატჩში, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე 29:3 გაანადგურეს, რითაც ფინალში თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვეს და იქ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
სასიხარულოა, რომ 1/4-ფინალში პორტუგალიის 27:3 დამარცხების შემდეგ, ქართველმა ჯეელებმა უფრო ძლიერ მეტოქესთან უკეთ ითამაშეს და მეტი სხვაობით მოიგეს. “ბორჯღალოსნებს” ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ცოტა, 6 ქულა აქვთ მიღებული - ჯარიმა პორტუგალიისგან და არეკნი რუმინეთისგან, საკუთარი ჩათვლის მოედანი კი, აგერ უკვე ორი თამაშია ხელუხლებლად შეინახეს. ცუდია ის, რომ ორ შეხვედრაში ორი სინბინი დაიმსახურეს და რუმინეთთან რამდენჯერმე დაჯარიმდნენ. საბედნიეროდ, რუმინელებმა მათი გამოყენება ვერ მოახერხა, თორემ, შესაძლოა, მატჩის ბოლოს საქართველოს ნაკრებს საქმე სანერვიულოდ ჰქონოდა.
მთლიანობაში, საქართველოს ნაკრების გამარჯვება მწვრთნელების დიდი დამსახურებაა, რომლებმაც ბიჭები სწორი ტაქტიკით ათამაშეს. პირველ ტაიმში, ისინი უპირატესობას არ დახარბდნენ, ქულები ჯარიმებით აგროვეს და ლელოებზე მხოლოდ მას შემდეგ გადაერთვნენ, რაც დამამშვიდებელი უპირატესობა მოინაგრეს.
საქართველოს ნაკრები ჯარიმით მალევე დაწინაურდა, მაგრამ რუმინელებმა არეკნით წონასწორობა აღადგინეს. მალე საქართველოს ნაკრები კვლავ წინ გაიჭრა, ჯარიმა პირველი შემთხვევის მსგავსად, უჩა მჭედლიშვილმა გამოიყენა. მე-20 წუთისთვის მან მესამე შედეგიანი ჯარიმა შეასრულა - 9:3. რუმინელებმა ჩამორჩენის შემცირება შორეული ჯარიმით სცადეს, მაგრამ კონაკეს დარტყმული ძელმა აისხლიტა, მერე კი კვლავ მჭედლიშვილის დრო დადგა და უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა. რუმინელებს სხვაობის შემცირების შესაძლებლობა ერთხელაც მიეცათ, მაგრამ კონაკეს დარტყმა ამჯერადაც არაზუსტი იყო.
მთელი პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ერთ-ერთმა “ბორჯღალოსანმა” მეტოქე კისრით შებოჭა და რეფერიმ გაასინბინა, მაგრამ კაცნაკლულობა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რადგან რამდენიმე წუთში სინბინი რუმინელმა მორაგბემაც დაიმსახურა და მოედანზე სპორტსმენების რაოდენობა გათანაბრდა, ამასობაში კი, ტაიმიც დასრულდა - 12:3.
მე-2 ტაიმი კვლავ საქართველოს უპირატესობით დაიწყო, ამჯერად ქართველმა მორაგბეებმა რუმინელთა დაცვის ზღუდის გარღვევა მოახერხეს და ლელო გაიტანეს, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ორივე გუნდმა თითო-თითო ჯარიმა გააფუჭა, მერე კი კვლავ ქართველებმა გაილაღეს, მეტოქეს მეორე ლელო გაუტანეს, ამჯერად რეალიზაციაც გამოიყენეს და 24:3 დაწინაურდნენ, რითაც მატჩის გამარჯვებულის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტეს. საქართველოს ნაკრები მიღწეულზე არ გაჩერდა და მე-3 ლელოც მიითვალა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ საფინალო ანგარიში მაინც შთამბეჭდავად ჩანს - 29:3.
ფინალურ შეხვედრაში ქართველთა მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში მასპინძელი ბელგია 23:11 დაამარცხა. პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და რუსებმა ის მხოლოდ 10:6 მოიგეს, მაგრამ ობიექტურად სუსტმა ბელგიამ წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ მოახერხა.
1/4-ფინალში საქართველოსთან დამარცხებულმა პორტუგალიამ, V ადგილისთვის გამართულ ნახევარფინალში უკრაინა 33:0 გაანადგურა. დასკვნით დღეს მისი მეტოქე ესპანეთი იქნება, რომელმაც პოლონეთს 44:12 სძლია.
27 ოქტომბერი. ოთხშაბათი
თასის ნახევარფინალი
რუმინეთი - საქართველო 3:29
რუსეთი - ბელგია 23:11
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
პორტუგალია - უკრაინა 33:0
ესპანეთი - პოლონეთი 44:12
30 ოქტომბერი. შაბათი
VII ადგილისთვის
პოლონეთი - უკრაინა
V ადგილისთვის
პორტუგალია - ესპანეთი
III ადგილისთვის
რუმინეთი - ბელგია
ფინალი
საქართველო - რუსეთი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია