ამბები

17:49 | 28.10.2010 | ნანახია 3056 - ჯერ

“დევები” “დრაკონებს” გორში დაუხვდებიან

პირველად, 2008 წლის აგვისტოს აგრესიის შემდეგ, საქართველოში რუსული სარაგბო გუნდი ჩამოდის. ეს სამოყვარულო კლუბი, მოსკოველი “დრაკონებია”, რომლებსაც ასევე სამოყვარულო თბილისის “დევები”, ქალაქ გორის ცენტრალურ სტადიონ “თენგიზ ბურჯანაძეზე” დაუხვდება. შეხვედრა 30 ოქტომბერს, შაბათს გაიმართება და 13:30 საათზე დაიწყება.
რუსები ჩამოდიან მეგობრულად, ამხანაგური მატჩის გასამართად და არა საბრძოლველად, რაც გულშემატკივარმა უნდა გაითვალისწინოს. რაგბი ის ფენომენია, სადაც ერთაშორის მეგობრობა განსაკუთრებულად ფასობს. იგივე 2008 წლის ომის დროს, რუსეთის რაგბის კავშირი იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ქართველებს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა და თითოეულმა გულშემატკივარმა, რომელიც სტადიონზე მივა, რაგბის დაუწერელი კანონების გათვალისწინებით, პატივი უნდა მიაგოს მეტოქე გუნდის მორაგბეებს - ისინი ქართველების მეგობრები არიან და სამეგობროდ ჩამოდიან.
რა თქმა უნდა, ქართველთა გამარჯვება ყველას გაუხარდება, მაგრამ შედეგი, აქ, უფრო მეორეხარისხოვანია. მთავარია, ყველას დავანახოთ, თუ როგორ შეგვიძლია მასპინძლობა, მეტქის პატივისცემა. მატჩის დასრულების შემდეგ, ძველი სარაგბო ტრადიციის თანახმად, ორივე გუნდის მორაგბეები და წარმომადგენლები მესამე ტაიმზე, ერთ სუფრაზე შეიკრიბებიან და ერთმანეთს ურთიერთპატივისცემისთვის მადლობას გადაუხდიან. თავად ის ფაქტი, რომ რუსი მორაგბეები თამაშს გორში, ორიოდე წლის წინ რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქში დათანხმდნენ, მათი მხრიდან ქართველთა პატივისცემის დასტურია და ქართველი ქომაგებიც ვალდებულნი არიან, რომ მათ პატივი მიაგონ და ლამაზად შესრულებული მოწინააღმდეგის კომბინაციები ტაშით დააჯილდოვონ.
ზემოთაც ვთქვით, რომ “დევები” და “დრაკონები” სამოყვარულო კლუბები არიან, უფრო სწორედ, თავ-თავიანთი ქვეყნის სამოყვარულო რაგბის ფლაგმანებს წარმოადგენენ. რა არის სამოყვარულო რაგბი? - მას შემდეგ, რაც მეცხრამეტე საუკუნეში, ლეგენდარული ინგლისელი, ვებ ელისი ოვალური ბურთით ხელში გაიქცა, რაგბი, დიდი ხნის განმავლობაში სამოყვარულო სპორტად რჩებოდა. 1995 წლიდან მოყოლებული, პროფესიულ სახეობად ქცეულ სპორტში, სამოყვარულო მიმართულება უკვე ცალკე ვითარდება. დღეს, სამოყვარულო რაგბი უამრავი ტრადიციისა და მხიარული, უნიკალური ისტორიების ერთობას წარმოადგენს. უწინარესად კი, ეს გახლავთ ერთობა ადამიანებისა, რომელთათვის რაგბი ცხოვრების წესია. ანუ, ერთობა იმ ადამინებისა, რომელბიც საკუთარი ნებით დებენ თავს ოვალური ბურთისთვის და დიდი სიხარულით ებმებიან რთულ და სერიოზულ თამაშში.
სამოყვარულო რაგბს მსოფლიოში დღესაც უამრავი მიმდევარი ყავს. თითქმის ყველა წამყვან სარაგბო ქვეყანაში ტარდება ჩემპიონატები სამოყვერულო რაგბიში. ბევრი ვეტერანი მორაგბე დღესაც მიიჩნევს, რომ სპორტის ამ სახეობის პროფესიონალურ რელსებზე გადაყვანა არასწორი იყო და ის, მთლიანად სამოყვარულოდ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ...
რაც შეეხება თავად გუნდებს...
მოსკოველი “დრაკონები” პირველი რუსული გუნდია, რომელმაც სამოყვარულო რაგბის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თანამოაზრენი გააერთიანა. ამ ენთუზიასტებმა, ბრაიან მაკჰეილის თაოსნობით, მოსკოვში მომუშავე უცხოელები და რაგბის მოყვარული ემიგრანტები შეკრიბეს. შემდგომში, მათ ძველი ინგლისური თამაშის რუსი თაყვანისმცემლებიც შეუერთდნენ. ეს იყო 10 წელზე მეტი ხნის წინ.
მოგვიანებით, “დრაკონები” სხვადასხვა ტურნირებში ჩაერთვნენ: მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის ჩემპიონატებსა და თასის გათამაშებებში. 1998 წელს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სამოყვარულო რაგბის დედაქალაქთა თასის გათამაშებაზე გაემართნენ. 2000, 2003 და 2005 წლებში ამ თასის მფლობელებიც გახდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ იქ, “დრაკონები” უელსისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშეებმა დააჯილდოვეს. ასე რომ, ნელნელა, მოსკოველი მოყვარულები სერიოზულ მეტოქეებად იქცნენ და თავიანთი კლუბი, სამოყვარულო რაგბის, ლამის, საფირმო ნიშნად აქციეს. კარგა ხანია, “დრაკონები” საზღვარგარეთ ამხანაგურ მატჩებს მართავენ. საგულისხმოა, რომ ამ გასვლებს “დრაკონები”, პროფესიონალთა მსგავსად, ტურებს უწოდებენ და ყოველი ტურის წინ, ტრადიციის თანახმად, კოსტიუმირებულ თეატრალიზებულ შოუებს აწყობენ. რისთვის? მხოლოდ გასართობად! სერიოზული თამაში რაგბი ხომ იუმორისა და დიდი ემოციების გარეშე წარმოუდგენელია! “დრაკონებმა” სხვადასხვა დროს უკვე მოასწრეს რუს მაფიოზებად, რომაელ სენატორებად და მეკობრეებად გახდომა.
კლუბ “დრაკონებს” მკაფიოდ ჩამოყალიბებული მართვის ვერტიკალი აქვს. ჰყავთ პრეზიდენტი, მდივნები და ხაზინადარი. რა თქმა უნდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი. თქვენ წარმოიდგინეთ და, თავიანთი კონსტიტუციაც გააჩნიათ. კლუბის კომიტეტს ყოველწლიური ფარული კენჭისყრით ირჩევენ, შედეგებს საზეიმოდ აცხადებენ და გრანდიოზული ბანკეტით აგვირგვინებენ. ყოველი წლის თებერვალში, მათი ინიციატივით უშველებელი საქველმოქმედო ბანკეტი იმართება და მიღებული ფულით, “დრაკონები” ბავშვთა ფონდებს ეხმარებიან.
“დრაკონების” მოთამაშე, როელიც მოედანზე სერიოზულ შეცდომებს დაუშვებს, ან თანაკლუბელთან შეეშლება რამე, ძალზე საინტერესო წესით ისჯება: ეს გახლავთ ტეკილას შესმა “დრაკონულად”, ანუ, დასჯილმა მარილი, გალოკვის მაგივრად, ცხვირში უნდა შეიყაროს, ლიმონი კი თვალში ჩაიწვეთოს. ამ მტკივნეულ პროცედურას მოყვება ტეკილას შესმა. ამბობენ, რომ “დრაკონულად” მირთმეული ტეკილა, მართლაც დაუვიწყარი რამაა.
მოსკოველი “დრაკონების” კომიტეტის წევრი ქართველი დავით დგებუაძე გახლავთ, რომელიც თავის დროზე, თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა. ამას გარდა, “დრაკონების” ერთ-ერთი დამფუძნებელი პეტია პერცოვი, სამოცდაათიან წლებში თბილისში ცხოვრობდა და მაშინდელი “გეპეის” გუნდში გამოდიოდა. ქართულ-რუსული მეგობრობის ისტორიის მიუხედავად, “დევებისა” და “დრაკონების” შეხვედრა წლეულს შემთხვევით მოხდა: ზემოთნახსენები დავით დგებუაძე, “დევების” ყოფილ მწვრთნელს - კახა ალანიას, შვიდკაცას მოსკოვურ ეტაპზე შეხვდა და თბილისში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ამ ორი კლუბის შეხვედრის ორგანიზებაზე ზრუნვა.
ახლა გადავინაცვლოთ მასპინძლებზე, თბილისელ “დევებზე” , რომლებიც ქართული სამოყვარულო რაგბის ფლაგმანები არიან. კლუბი 2006 წლის 19 მაისს, ირაკლი ხუნდაძისა და ლევან გოშაძის ინიციატივით დაარსდა და ქართული საზოგადოებისთვის, თვითორგანიზების მშვენიერ მაგალითს წარმოადგენს. მალე, კლუბმა რაგბის უამრავი მოყვარული შემოიკრიბა, რომელბიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მისდევდნენ, ან უბრალო ინტერესის გამო ჩაებნენ ამ ახალ აქტივობაში.
კლუბს, სხვადასხვა დროს, ხან შვიდკაცას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ალანია წვრთნიდა, ხანაც ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, “ბურძგლად” წოდებული გურამ მოდებაძე, ხან - ასევე ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მალხაზ ჭეიშვილი, მეტსახელად “ცუნცულა”. ამ სოლიდურ ჩამონათვალშია რაგბის კავშირის ტექნიკური დირექტორი გიორგი ჭუმბურიძე, იგივე – “ჭუკი”.
კლუბის მოთამაშეთა ასაკობრივი დიაპაზონი 18 წლიდან 45 წლამდე მერყეობს. ყველა მათგანი საწევროს იხდის. ვინც მუშაობს - 25 ლარს, სტუდენტები - 5-15 ლარს.
სპონსორი არ ჰყავთ. მოედნებს საწევროებიდან შემოსული თანხებით ქირაობენ. ვარჯიშობენ ვაკის პარკში. ყველა მათგანი იზიარებს კლუბის მთავარ პრინციპს, რომლის თანახმადაც, რაგბი ცხოვრების წესია. დემოკრატიზმზე დაფუძნებული კლუბის მართვის ფორმა უხვად არის “შეზავებული” მეგობრული სულისკვეთებით: გადაწყვეტილებები კლუბის სათითაოდ ყველა წევრთან თანხმდება და მხოლოდ ამის შემდგომ განიხილება გამგეობაზე. ამბობენ, “დევები” “მესამე ტაიმის” საქართველოს ჩემპიონები არიან რაგბიშიო, მათ რაგბის კავშირში ხუმრობით “არისტოკრატებსაც” ეძახიან.
სამოყვარულო კლუბების არარსებობის გამო (“დევების” გარდა, ჯერჯერობით, სამოყვარულო კლუბი მხოლოდ “თიბისი”-ა), თბილისელ “დევებს” პროფესიონალებთან უწევთ თამაში: ისინი პირველ ლიგაში ასპარეზობენ. კლუბის მმართველების დიდი სურვილია “დევების” ბავშვთა სკოლის ჩამოყალიბება-განვითარება და სამომავლოდ, ყოველწლიური სამოყვარულო ტურნირების ორგანიზება. ეს ტურნირი, ბუნებრივია, მოსკოველი “დრაკონების”, უკრაინელი “ორკების”, თურქი “ოტომანებისა” და რაგბის აზერბაიჯანელი ენთუზიასტების მონაწილეობით ჩატარდება.
მოსკოველი “დრაკონები” თბილისს 29 ოქტომბერს, საღამოს ეწვევიან.

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086473