ამბები

17:22 | 29.10.2010 | ნანახია 3237 - ჯერ

მოედანზე ბრძოლა, მის გარეთ მეგობრობა

“მოსკოველი “დრაკონების” თბილისში ჩამოსვლის უმთავრესი მიზანი მესამე ტაიმია. იმ საათნახევრის განმავლობაში, რასაც გუნდები მოედანზე გაატარებენ, ნამდვილი ვაჟკაცური ბრძოლა იქნება, დანარჩენი დრო კი მათთან მეგობრულ მოლხენას დაეთმობა” - თქვა რუსული სამოყვარულო კლუბის სტუმრობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის კავშირის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჭუმბურიძემ, რომელიც ერთ დროს სამოყვარულო კლუბ თბილისის “დევებს” თავად ავარჯიშებდა.
მოკლედ, მოსკოვური და თბილისური სამოყვარულო კლუბების ურთიერთობას, სათავეს სწორედ 30 ოქტომბერს დანიშნული შეხვედრა დაუდებს. ამ მატჩის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და მომავალში სხვა ქვეყნების კლუბების მონაწილეობით საერთაშორისო ტურნირიც გაიმართება. მეგობრული ვიზიტის ფარგლებში, ქართველები სტუმრების დამარცხებას როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, მესამე ტაიმზე ეცდებია. სად გაიმართება თავად შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია და მისი ჩატარების ზუსტი ადგილი უშუალოდ თამაშის დღეს გაირკვევა. ვარიანტი ორია - თუ ამინდმა სპორტსმენებს მოწყალე თვალით გადმოხედა, ის თბილისში, დიდ დიღომში მდებარე “ვისოლის” ბაზაზე 14:00 საათზე დაიწყება, მაგრამ თუ იწვიმა, მაშინ ამ დაპირისპირებას გორი უმასპინძლებს და “თენგიზ ბურჯანაძეზე” 13:30 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები დაგვპირდნენ, რომ ზუსტ ადგილს და დროს შაბათ დილითვე რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის მეშვეობით შეგვატყობინებენ.
გიორგი ჭუმბურიძე: “დევებისთვის” ღირშესანიშნავ მოვლენასთან გვაქვს საქმე - პირველად გვესტუმრება უცხოური სამოყვარულო კლუბი, მოსკოველი “დრაკონები”. იმედია, ეს ურთიერთობა მხოლოდ ამ ერთი შეხვედრით არ შემოიფარგლება. ეს ვიზიტი სამოყვარულო რაგბის სულისკვეთებაში სრულიად ჯდება. რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, სამოყვარულო რაგბისადმი ინტერესი თითქოს შენელდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მის გარეშე სპორტის ეს სახეობა წარმოუდგენელია. დღეისათვის, მსოფლიოში რეგისტრირებული მორაგბეთა 97 პროცენტი, სწორედ მოყვარულია და მხოლოდ მათი ნაწილი გადადის პროფესიონალურ რაგბიში. მოყვარული მორაგბეები უმთავრესი მცველები არიან იმ დაწერილი და დაუწერელი კანონებისა, იმ პრინციპების, რომელიც რაგბს ესოდენ სასიამოვნოს ხდის. ჩვენს გუნდში დიდი აჟიოტაჟია და მრავლად არიან მსურველები, რომელთაც რაგბის თამაში უნდათ. იმედია, საქართველოში სამოყვარულო კლუბები მომრავლდებიან და მასში ჩაებმებიან სხვადასხვა სასწავლებლების, კორპორაციების და უბრალოდ, მეგობრების გუნდები”.
აღსანიშნავია, რომ “დრაკონების” შემადგენლობის 80 პროცენტს არარუსი სპორტსმენები შეადგენენ. იქ გამოდიან ბრიტანელი და ფრანგი საქმოსნები, რომლებიც მოსკოვში თამაშობენ. მათთან ერთად არიან ქართველი მორაგბეებიც, რომლებთანაც “დევების” წარმომადგენლებს და არა მარტო მათ, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის, “VTB ბანკმა” “დევებს” წითელ-ლურჯ ფერებში მაისურები დაუმზადა. ამასთან, ამ შეხვედრის ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს რაგბის კავშირს და “ლუდსახარ ნატახტარს”. სამომავლოდ, საქართველოში სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ტურნირის გაიმართვა იგეგმება, რომელშიც ქართულ და რუსულ კლუბებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ უკრაინული, თურქული და აზერბაიჯანული გუნდებიც.
 

 

ზურა ქსოვრელი  

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087896