ამბები

10:18 | 30.10.2010 | ნანახია 8579 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” ფინალში სარევანშოდ გადიან

გასულ წელს, 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები რუსეთის გუნდს 17:3 ამარცხებდა, მაგრამ მერე ბიჭები მოეშვნენ, შეხვედრის მიწურულს ლელო მიიღეს და საბოლოოდ, 17:18 დამარცხდნენ. ახლა, იმ მატჩის მონაწილე სპორტსმენთა უმრავლესობა თავ-თავიანთი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებში გამოდის და პატარა “ბორჯღალოსნები”, შარშანდელი წყენისათვის ღირსეული რევანშის ასაღებად ემზადებიან.
ბელგიაში მიმდინარე 2010 წლის ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ერთმანეთს სწორედ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. რვაგუნდა ტურნირი, რომელიც 2011 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი ეტაპიცაა, ფლეი ოფის სისტემით ჩაიარა. საქართველოს ნაკრებმა 1/4-ფინალში პორტუგალია 27:3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი, უმთავრესი კონკურენტი რუმინეთი, 29:3 გაანადგურა. თავის მხრივ, რუსეთის ნაკრებმა პირველ ეტაპზე ესპანეთს 27:15, ხოლო მეორე ეტაპზე მასპინძელ ბელგიას 23:11 აჯობა.
ზემოთ ვთქვით, რომ ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი ეტაპიცაა. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ორ ჯგუფადაა დაყოფილი. უძლიერესი 12 გუნდი პირველობისთვის იბრძვის, ხოლო “ალაფაზე”, ანუ მეორე დონეზე, რეგიონალური პრინციპით გამარჯვებული 8 საუკეთესო ნაკრები გამოდის. მომავალ წელს, მსოფლიო თასის “ალაფას” ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. იქ თამაშის უფლება, თავ-თავიანთ ზონაში პირველობის შედეგად უკვე მოიპოვეს ზიმბაბვემ (აფრიკა), იაპონიამ (აზია), ურუგვაიმ (სამხრეთ ამერიკა) და სამოამ (ოკეანეთი). მათთან ერთადაა 20-წლამდე მორაგბეთა გასულ გათამაშებაში უძლიერეს გუნდებს შორის ბოლო ადგილზე გასული არგენტინის ნაკრებიც. წესით, ევროპიდან მათ მხოლოდ გამარჯვებული უნდა შეერთებოდა, მაგრამ,Fira-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, იქ ორივე ფინალისტი ითამაშებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები მხოლოდ პირველობისთვის და ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს, ბელგიაში მოთამაშე გუნდებს შორის ყველაზე კარგი დაცვა ჰყავს, რაზეც ორ თამაშში მხოლოდ 6 გაშვებული ქულაც მეტყველებს - ჯარიმა პორტუგალიისგან და არეკნი რუმინეთისგან. “ბორჯღალოსნები” ერთადერთნი არიან, რომელთაც ლელო არ გაუშვიათ და იმედია, ტურნირს ასეც ჩაამთავრებენ. ამასთან, მათ გატანილ-გაშვებულ ქულებში საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ - +50. მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეებს 7 ლელო გაუტანა. აქედან, საკუთარ ანგარიშზე ორი ლელო ჩაიწერა ბახვა კობახიძემ, თითო-თითო კი ჩილაჩავამ, ძნელაძემ, ლოსაბერიძემ, ჩხიკვაძემ და ჟვანიამ მიითვალეს. ერთადერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ რეფერიმ “ბორჯღალოსნებს” ორივე შეხვედრაში თითო-თითო მორაგბე გაუყვითლა და იმედია, მსგავსი რამ ფინალში აღარ განმეორდება.
საქართველოს ნაკრებში კარგი საბრძოლო განწყობაა. ერთადერთი, ვინც ტრავმირებულია და წინა მატჩებისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა, 10 ნომერი გოდერძი ჭინჭარაულია. ის რუმინელთა წინააღმდეგ დაშავდა, მაგრამ სათადარიგოთა შორის მაინც იქნება და საჭიროების შემთხვევაში, თანაგუნდელების დახმარებას შეძლებს.
შეხვედრა ბრიუსელში, “ეიზელის” სტადიონზე, თბილისის დროით 18:30 საათზე (16:30 ადგილობრივი დროით) დაიწყება. “სპორტული ამბები” საქართველოს ნაკრების მენეჯერ დიმიტრი ობოლაძეს ბელგიაში დაუკავშირდა და მატჩისწინა განწყობასა და მზადებაზე დაეკითხა:
-    ფინალს მშვენიერი განწყობით ვხვდებით. თითქმის ყველა მორაგბე ჯანმრთელადაა. მცირე ტრავმა აწუხებს ჭინჭარაულს და ის სათადარიგოთა შორის იქნება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მისი მოედანზე გამოყვანა, შეიძლება. მომავალ შეხვედრას მოუთმენლად ველოით. ზედმეტად არავინ ნერვიულობს და ყველა მშვიდადაა.
-    საქართველოს ნაკრებმა, ტურნირზე საუკეთესო დაცვა ითამაშა და მხოლოდ 6 ქულა გაუშვა.
-    სიმართლე გითხრათ, მეტოქეებს სალელოვე შანსი არც ჰქონიათ. იყო ეპიზოდები, როდესაც ისინი ჩვენს 22-ში თამაშობდნენ და 5-მეტრა შერკინებაც ჰქონდათ, მაგრამ ამ ეპიზოდებს გართულება არ მოჰყოლია. სიმართლე გითხრათ, პრესა და ტელევიზია ამ ტურნირს მაინცდამაინც არ სწყალობს და ამ ფაქტზე კომენტარი, არც არავისგან მომისმენია.
-    ასეთ მოკლე ვადაში ამდენმა თამაშმა, ჩვენს ბიჭებზე ხომ არ იმოქმედა?
-    ჩვენი ერთ-ერთი დადებითი მხარე საუკეთესო ფიზმომზადებაა. ყველა შეხვედრაში, ბიჭებმა მთელი 70 წუთი (19-წლამდელებში ტაიმების ხანგრძლივობა 35 წუთია - რედ.) ერთ დონეზე ჩაატარეს და ახლაც, დაღლის მხრივ, არანაირი პრობლემა არა აქვთ.
-    რუსეთის ნაკრებზე რას გვეტყვით?
-    მათი თამაშის ჩანაწერი უნდა მოეტანათ, მაგრამ საბოლოოდ, ეს ვერ მოხერხდა. გადმოცემით რაც ვიცით, ნორმალური გუნდია და ფიზიკურად კარგადაა მომზადებული.
-    ეს, ის გუნდია, რომელმაც გასულ წელს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დაგვამარცხა...
-    მაშინ 17:3 ვიგებდით, მაგრამ საბოლოოდ, 17:18 დავმარცხდით. ეს გაუგებრობა იყო, ახლა კი, რუსებს დიდ პრობლემებს შევუქმნით. სწორედ იმ მარცხის გამო, ბიჭებს რევანში სწყურიათ და საკუთარ თავში და გუნდის წარმატებაში დარწმუნებულები არიან.
-    რეფერიმ საქართველოს ნაკრებს ორივე შეხვედრაში თითო-თითო მორაგბე გაუსინბინა.
-    ამ თემაზე, ბიჭებთან საუბარი გვქონდა. რუსებისგან პროვოკაციას ნაკლებად ველით, ეს უფრო რუმინელებისგან იყო მოსალოდნელი. მაგრამ თუ მეტოქე პროვოკაციის მოწყობას მაინც გადაწყვეტს, საკადრის პასუხს მიიღებს.

აქვე გაგაცნობთ იმ შემადგენლობას, რომლითაც საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი ნახევარფინალში დაამარცხა:
საქართველო: 15. ზურაბ ძნელაძე, 14. ლევან გოგოლაშვილი (ბახვა კობახიძე 50), 13. დავით ლოსაბერიძე (გიგა გაგოშვილი 57), 12. უჩა მჭედლიშვილი, 11. გიორგი აბრამიძე, 10. გოდერძი ჭინჭარაული (ვანო გაბროშვილი 34), 9. ჯიმი ღამბაშიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. მერაბ მატკავა (ირაკლი ჩომახაშვილი 55), 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ბექა ბიწაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბექა ხიპაშვილი 49), 6. გიგა თხილაიშვილი (გიორგი ჟღენტი 48), 7. გიორგი ტყეშელიაძე (ლაშა ლომიძე 55), 8. გიორგი ჭყოიძე.
3 ლელო: ჩილაჩავა (38), ძნელაძე (46), ლოსაბერიძე (56)
1 გარდასახვა: მჭედლიშვილი (47)
4 ჯარიმა: მჭედლიშვილი (3, 9, 13, 26)
სინბინი: მჭედლიშვილი (29)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079759