“ეს არის მაგალითი ხალხთა ურთიერთობისა. ნათლად აქვს ყველას ბრწინვალე მაგალითი და მას მიბაძვა უნდა. მინდა იცოდეს ყველამ ჩვენს ქვეყანაში, რომ საქართველოში ცხოვრობენ დიდებული ადამიანები, რომლებმაც საუკეთესო დახვედრა და მასპინძლობა იციან” - თქვა ნამატჩევს მოსკოველი “დრაკონების” ერთ-ერთმა რუსმა მორაგბემ.
მოსკოველი “დრაკონები”, რომელთა რიგებშიც 80 პროცენტს უცხოელი სპორტსმენები წარმოადგენენ, მათ შორის ქართველებიც, საქართველოს გამარჯვების იმედად ეწვივნენ, მაგრამ თბილისის “დევებმა” მათ ოცნება არ აუსრულეს. გორში სუფთა სარაგბო ატმოსფერო იყო. ტრიბუნაზე შეკრებილი 200-მდე მაყურებელი საქართველოს დროშებით შეიარაღდა და “დევებს” მხარი გულიანად დაუჭირა.
ამ მხარდაჭერით გამხნევებულმა “დევებმა”, ინიციატივა ხელში აიღეს და მალევე ლელო გაიტანეს, მაგრამ რეალიზაცია არზუსტი იყო. მალევე ქართველებმა კონტრშეტევაზე მნიშვნელოვანი მანძილი მოიგეს, ბურთი მარცხნივ ჩაათამაშეს და თითქმის მთელი გუნდის მონაწილეობით გათამაშებული კომბინაცია ლელოთი დაგვირგვინდა. გარდასხვა ისევ არაზუსტი იყო. სტუმრები მალევე გამოფხიზლდნენ და ბინა ქართველთა 5-მეტრაში დაიდეს. მათმა მიწოლამ შედეგი გამოიღო და “დრაკონთა” პირველი საპასუხო ლელო საკუთარ ანგარიშზე მოსკოველთა ქართველმა ლეგიონერმა ჩაიწერა. ქართველებს ტაიმის ბოლოს დაღლა დაეტყოთ, მათი შეტევა შეცდომის გამო ჩაიშალა, “დრაკონებმა” კონტრშეტევა ფეხით დაიწყეს და ის მეორე ლელოთი დააგვირგვინეს, რის შედეგადაც ანგარიში საყაიმო გახდა. გარდასახვა არზუსტი იყო და ტაიმი ამხანაგური მატჩის შესაფერისად ფრედ - 10:10 დასრულდა.
მეორე ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. გარკვეული დროის შემდეგ, “დევებმა” უპირატესობის მოპოვება შეძლეს, მოედნის ცენტრში შერკინება მოიგეს, ბურთი ფლანგზე ჩაათამაშეს და ლელო გაიტანეს. შეხვედრა ისევ ქართველთა უპირატესობით გაგრძელდა, მაგრამ რეფერიმ ორი ლელო ვიდეორეფერის არყოფნის გამო გააუქმა, თუმცა, “დევებმა” მაინც იმძლავრეს და მესამე ცდით მსაჯს ლელოს დაფიქსირების გარდა შანსი არ დაუტოვეს. ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო. დანარჩენმა დრომ მოედნის ცენტრში, ბრძოლაში განვლო და “დევებმა” “დრაკონები” 22:10 წააქცია.
მსაჯმა საფინალო ჩასყვინა და დღესასწაულიც დაიწყო. მორაგბეებმა ერთმანეთი დერეფნებით და ტაშით გააცილეს, მაგრამ რუსული კლუბის წევრებს მოედანი არ დაატოვებინეს და იქვე მიართვეს “ნატახტარის კასრი”. ლუდი შესვეს, სული მოითქვეს და ამ შეხვედრის მონაწილეებმა გეზი უმთავრესი ბრძოლის ველისკენ, “მესამე ტაიმისკენ” აიღეს...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია