ამბები

21:14 | 30.10.2010 | ნანახია 9954 - ჯერ

19-წლამდე მორაგბეებმა რუსეთსაც ძლიეს

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონის ტიტული რუსთა ძლევით მოიპოვა. ამასთან, პატარა “ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო თასის ალაფაზე მონაწილეობის უფლებაც დამსახურებულად მიიღეს.
პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებმა ფინალში რუსები არ დაინდეს. მჭედლიშვილმა ანგარიში ჯარიმით კი გახსნა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ეს არ იკმარა და მალევე მეტოქეს 3 ლელო დაუდო. “დათვების” ჩათვლის მოედანში, ერთმანეთის მიყოლებით, ლოსაბერიძემ, თხილაიშვილმა და აბრამიძემ შეაღწიეს, მჭედლიშვილი კი, გარდასახვებიდან აუცდომელი იყო.
მე-2 ტაიმის პირველმა ნახევარმა თანაბარ ჭიდილში განვლო. ტაიმის შუაწელს ქართველებმა რუსებს კიდევ ერთი ლელო დაუდეს და იმხელა უპირატესობა შეიქმნეს, თავს მოდუნების საშუალება მისცეს, რის შედეგადაც რუსებმაც შეძლეს ქულების აღება.
საბოლოო ჯამში, ქართველებმა მეტოქე 38:7 დაამარცხეს. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი საუკეთესოდ ჩაატარა, ზედიზედ სამ მატჩში გაიმარჯვა, ტიტული ზურგზე მოიკიდა და შინ ხელდამშვენებული ბრუნდება.

 

ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის ფინალი. ბრიუსელი (ბელგია)
საქართველო - რუსეთი 38:7 (24:0)
საქართველო (ძირითადი შემადგენლობა):
15. ბახვა კობახიძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით ლოსაბერიძე, 12. ვანო გაბროშვილი, 11. გიორგი აბრამიძე, 10. უშანგი მჭედლიშვილი, 9. ჯიმი ღამბაშიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. მერაბ მატკავა, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ბექა ბიწაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიგა თხილაიშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. გიორგი ჭყოიძე.
5 ლელო: ლოსაბერიძე (10), თხილაიშვილი (19), აბრამიძე (21), ლოსაბერიძე (53), გოგოლაშვილი (59).
5 გარდასახვა: მჭედლიშვილი (10, 19, 22, 55, 60)
1 ჯარიმა: მჭედლიშვილი (5)
 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079793