ამბები

15:53 | 31.10.2010 | ნანახია 2125 - ჯერ

ზელანდია ავსტრალიამ შეაჩერა

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ახალი ზელანდია ჰონკონგში 26:24 დაამარცხა და “ოლ ბლექსთან” ათმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ამასთან, 2010 წელს, ზელანდიელებს ერთი მატჩიც არ ჰქონდათ წაგებული და მათი წარმატებული სვლა “კენგურუებმა” დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით შეაჩერეს.
ავსტრალიამ გამარჯვება ბოლო წამებზე მოიპოვა. შეხვედრის დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ჯეიმს ოკონერმა ლელო ალამთან გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. რეალიზაცია მანვე ზუსტად შეასრულა და გუნდს ის 2 ქულა შემატა, რომლითაც თავისი გუნდისათვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია. ეს შეხვედრა “ბლედისლოუს თასის” ეგიდით გაიმართა. ავსტრალიელებმა მეტოქე კი დაამარცხეს, მაგრამ თასი მაინც ზელანდიას დარჩა. ამ თასს ის გუნდი იღებს, რომელიც წლის განმავლობაში მეტოქეს მეტჯერ დაამარცხებს. თანაბარი ოდენობით მოგებების შემთხვევაში, თასი წინა წლის მფლობელს რჩება. 2010 წელს, ახალმა ზელანდიამ ავსტრალია სამჯერ დაამარცხა და წინასწარვე იყო ცნობილი, რომ თასი კვლავ “ოლ ბლექსის” მფლობელობაში დარჩებოდა.
არადა, გაშვებულ ლელომდე რამდენიმე წამით ადრე, ზელანდიელები მორიგ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა, დონალდმა ჯარიმა ვერ გამოიყენა, რასაც ავსტრალიელთა რამდენიმეფაზიანი შეტევა მოყვა და ოკონერი შეხვედრის გმირად იქცა. შეხვედრა უმაღლეს ტემპში დაიწყო და ბოლომდე ასე გაგრძელდა. ავსტრალიელებმა პირველსავე წუთებიდან მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და ზეწოლამ შედეგი მე-8 წუთზე გამოიღო, როდესაც ბურთი ხაზზე ჩათამაშდა და ქუადე კუპერმა ალამთან ლელო გაიტანა, მაგრამ მეტ ჟიტომ რეალიზაცია ააცილა. ამას ზელანდიელთა გააქტიურება მოყვა და დენ კარტერს სხვაობის შემცირების შანსი ორჯერ მიეცა, მაგრამ ჯარიმები ვერ გამოიყენა. ავსტრალიამ უპირატესობა 23-ე წუთზე გაზარდა, როდესაც საკუთარი დერეფანი მოიგო და ადამ ეშლი-კუპერმა ლელო ძელებს შორის გაიტანა, ჟიტომ კი მას რეალიზაცია დაურთო და “კენგურუები” 12:0 დაწინაურდნენ.
ზელანდიელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და 30-ე წუთზე ლელო გაიტანეს. თავი ჯიმი კოუენმა გამოიჩინა, კარტერმა კი რეალიზაცია გამოიყენა. “ოლ ბლექსი” სამ წუთში წინ გაიჭრა. ბურთი ფლანგზე კარგად ჩათამაშდა და კორი ჯეინმა ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, კარტერმა კი რეალიზაციით ზელანდიელები 14:12 დააწინაურა. ჟიტომ სიტუაციის გამოსწორება ჯარიმით სხცადა, მაგრამ დარტყმა გაუცუდდა, კარტერმა კი 45 მეტრიდან საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა და მისმა გუნდმა ტაიმი 17:12 მოიგო.
მე-2 ნახევარი ავსტრალიელთა შეტევებით დაიწყო, მაგრამ მათი სალელოვე შეტევა წარუმატებლად დასრულდა, მერე კი ჟიტოს კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდა. 53-ე წუთზე ახალი ზელანდია კიდევ უფრო დაწინაურდა. რიჩი მაკკოუს ფანტასტური გარღვევის შემდეგ, რომელმაც გზად რამდენიმე მცველი ჩამოიცილა, ბურთი მაა ნონუმ მიიღო და მცველთან ჭიდილში ლელო გაიტანა, კარტერმა კი ზუსტი რეალიზაციით “ოლ ბლექსის” უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. “კენგურუებს” წარმატების იმედი მე-60 წუთზე დაუბრუნდათ, როდესაც დრიუ მიჩელმა მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა და ლელო კუთხეში გაიტანა, ხოლო ოკონერმა გარსახვა მარცხენა ფლანგიდან ზუსტად შეასრულა. ზელანდიელებს მეტოქისთვის საქმის მოთავება ჯარიმიდან შეეძლოთ, მაგრამ მისი გამოყენება ვერ მოახერხეს, მერე კი ოკონორი ფლანგზე გაიჭრა, ლელო გაიტანა, რეალიზაცია თავადვე გამოიყენა და ავსტრალიას გამარჯვება მოუტანა.
იაპონიის ნაკრები სამოას მე-7 წუთისთვის 10:0-ს უგებდა და ტაიმი ასეთი უპირატესობით მოიგო, მაგრამ საბოლოოდ 10:13 დამარცხდა. იაპონელებმა მე-2 წუთზე გატანილ ჯარიმას ხუთ წუთში ლელო დაურთეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. სამოამ 2 ჯარიმით, 45-ე და 54-ე წუთებზე უპასუხა, 69-ე წუთზე ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და გაიმარჯვა.
რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა, არგენტინის A ნაკრებთან, “იაგუარებთან” მეორე შეხვედრა გამართა და ამჯერად 6:32 დამარცხდა. რუსებმა მხოლოდ პირველი ტაიმი გაძლეს, როდესაც თავად 2 ჯარიმა გაიტანეს, არგენტინელებმა კი ერთ ჯარიმას ლელო და რეალიზაცია შემატეს და შესვენებაზე გასვლისას 10:6-ს იგებდნენ. მე-2 ნახევარში “იაგუარებმა” გაილაღეს, მეტოქეს კიდევ 4 ლელო გაუტანეს და დიდი ანგარიშით იმარჯვეს. რუსეთის ნაკრები იაპონიაში გაემგზავრა და ექვს ნოემბერს ტოკიოში იაპონიის ეროვნული ნაკრების წინაშე წარსდგება.

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0834