ამბები

11:51 | 1.11.2010 | ნანახია 2079 - ჯერ

ფეიქრიშვილმა Top 14-ში ანგარიში გახსნა

“კასტრის” ქართველმა ლეგიონერმა, შერკინების პირველხაზელმა ანტონ ფეიქრიშვილმა, საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში თავისი მეორე შეხვედრა გამართა და უმაღლეს დონეზე პირველი ლელო გაიტანა. 23 წლის მორაგბე აქამდე მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში გამოდიოდა და “კასტრში” წელს გადავიდა. მან საფრანგეთის ჩემპიონატის ორივე შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა და მოედანზე ჯამში 53 წუთი გაატარა, თუმცა ლელოს გასატანად ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
XI ტურში “კასტრმა” ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბურგონს” უმასპინძლა და საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა შედეგიანი გამოდგა. მასპინძლებმა 6 ლელო გაიტანეს, სტუმრებმა კი 3. “კასტრმა” პირველ ტაიმში 3 ლელო გაიტანა, 2 რეალიზაცია გამოიყენა, მანამდე ერთხელ ჯარიმიდან იხეირა და ტაიმი 22:3 მოიგო. მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრებმა ერთი საპასუხო ლელო-გარდასახვა გაიტანეს. ფეიქრიშვილი თამაშში 53-ე წუთზე ჩაერთო და ერთ წუთში მისმა გუნდმა ლელო-გარდასახვა გაიტანა, თავად ქართველმა კი ლელო 63-ე წუთზე მიითვალა. მანამდე სტუმრებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. შეხვედრის ბოლომდე გუნდებმა ლელო-გარდასახვები გაცვალეს და “კასტრმა” თამაში 41:24 მოიგო. მან გამარჯვების ოთხ ქულასთან ერთად ერთი პრემიალური ქულაც მიითვალა და ახლა 29 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. “კასტრის” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი აქვსენტი გიორგაძე განაცხადში არ იყო.
გამარჯვება მოიპოვა და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის პრემიელური ქულა მიითვალა დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, რომელმაც “სტად ფრანსე” 27:3 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი მოედანზე 45-ე წუთზე გამოჩნდა და მისმა გუნდმა ლელოები ამის შემდეგ გაიტანა. პირველი ტაიმი 6:0 დასრულდა - მასპინძლებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, რაზეც სტუმრებმა მეორე ნახევრის დასაწყისში არეკნით უპასუხეს. “კლერმონმა” პირველი ლელო ერთ წუთში გაიტანა, მეორე 55-ეზე, პრემიალური ქულის მომტანი მესამე ლელო კი ბოლო წუთზე მიითვალა. “კლერმონს” 30 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.
მე-11 შეხვედრაში მერვე გამარჯვება იზეიმა მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიემ”. ამჯერად მათ სტუმრად “ბაიონს” 29:18 აჯობეს. პირველი ტაიმი ფრედ 12:12 დასრულდა - გუნდებმა ოთხ-ოთხი ჯარიმა გაიტანეს. “მონპელიე” მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა, როდესაც ლელო გაიტანა და რეალიზაცია გამოიყენა. 64-ე წუთამდე “ბაიონმა” ორი ჯარიმა გაიტანა, სტუმრებმა ერთი. ბოლო წუთებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა, შეხვედრის მიწურულს “მონპელიმ” მეორე ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მესამეხაზელი გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 73 წუთი გაატარა, ჟღენტი კი თამაშში 44-ე წუთზე ჩაერთო. “მონპელიეს” 36 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ის ლიდერ “ტულუზას” ერთი ქულით ჩამორჩება.
გამარჯვების გემო გაიხსენა ბექა შეყლაშვილის “აჟენმა”, რომელსაც Top 14-ში 28 აგვისტოს შემდეგ არ ემარჯვა. 7-მატჩიანი მოუგებელი სერია “ლა როშელთან” 29:14 მოგებით დასრულდა “აჟენმა” ბოლო ადგილს თავი დააღწია. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა ჯარიმას სტუმრებმა ლელო-გარდასახვით მე-16 წუთზე უპასუხეს, მაგრამ “აჟენმა” შესვენებამდე ორი ლელო გაიტანა, რეალიზაცები გამოიყენა, მონაგარს არეკნიც შემატა და ტაიმი 20:7 მოიგო. მეორე ტაიმში სტუმრებლა ლელო-გარდასახვა კი გაიტანეს, მაგრამ თავად სამი ჯარიმა გაუშვეს და 15 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. “აჟენი” 11 ქულით ბოლოსწინა მე-13 ადგილზეა.
მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის გუნდი, რომელიც საკუთარ მოედანზე “ბიარიცთან” 21:27 დამარცხდა. კაკოვინი განაცხადში არ იყო, ხინჩაგიშვილი კი თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ საკუთარ გუნდის უპირატესობის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა. “ბრივი” სამი ჯარიმით 9:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმის ბოლომდე ლელო გაიტანეს, ოღონდ რეალიზაცია ვერ გამოიყენეს და თავად სამი ჯარიმა მიიღეს. მეორე ტაიმის მეორე წუთზე მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და 21:9 დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, რითაც სტუმრებმა კარგად ისარგებლეს, საპასუხო ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. “ბიარიცმა” ჩამორჩენა 2 ქულამდე ჯარიმით 58-ე წუთზე დაიყვანა, 67-ე წუთზე კი ლელოთი დაწინაურდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ სტუმრებმა 71-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. “ბრივს” 19 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.
“ტულუზასთან” სტუმრად დიდი ანგარიშით დამარცხდა დავით ქუბრიაშვილის “ტულონი”. სტუმრების ერთ ლელოს მასპინძლებმა ექვსი ლელოთი, ოთხი გარდასახვით და ორი ჯარიმით უპასუხეს. ქუბრიაშვილი განაცხადში იყო და მოედანზე 48-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 0:32 აგებდა. “ტულონი” 28 ქულით მე-7 ადგილზეა. ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, “მეტრო რასინგსა” და “პერპინიანს” შორის ფრედ 18:18 დასრულდა. Top 14-ის მომდევნო ტურის შეხვედრები შუა კვირაში, 4 ნოემბერს გაიმართება.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078797