საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კვაჭის, შალვა მამუკაშვილის “სეილ შარქსმა” ინგლისის პრემიერშიპის მე-13 ტურში ერთპიროვნული ლიდერი “ნორთჰემპტონი” 20:7 დაამარცხა.
სამწუხაროდ, ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. მისმა თანაგუნდელებმა მეტოქესთან, რომელთანაც პირველ წრეში 10:43 დამარცხდნენ, ღირსეული რევანში აიღეს და შიდა ასპარეზზე მესამე მარცხი აგემეს. ტაიმის 13:0 მოგების შემდეგ, მასპინძლები 20:0 დაწინაურდნენ, 64-ე წუთზე ლელო გაუშვეს, მაგრამ ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.
“სეილს” “ექსეტერისა” და “ჰარლექუინის” დარად 34 ქულა აქვს, მაგრამ მათ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და მე-8 ადგილზეა.
მომდევნო ორი კვირა ჩემპიონთა თასისაა და “ზვიგენები” ჯერ დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილს “კლერმონს” მასპინძლობენ, მერე კი, ირლანდიაში “მანსტერს” ეთამაშებიან. ამას მოყვება ორი თამაში ინგლის-უელსის თასზე და პრემიერშიპის თამაშები 15 თებერვალს განახლდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია