ჯეიმს ო’კონორის მიერ გარდასახულმა ლელომ ავსტრალიის სარაგბო ნაკრებს ახალ ზელანდიასთან ნანატრი გამარჯვება ხომ მოუტანა და რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) განახლებულ რეიტინგში ჩამორჩენის შემცირების საშუალებაც მისცა.
“ვოლაბიზს” “ოლ ბლექსთან” 2008 წლიდან მოყოლებული 10 მატჩი ჰქონდა წაგებული და კლასიფიკაციაში 9.21 ქულით ჩამორჩებოდა. ზელანდიელებს გასული შეხვედრა 15 ქულაზე მეტით რომ მოეგოთ, 2007 წელს 25 ივნისს დაფიქსირებულ სარეკორდო სხვაობასაც (მაშინ “ოლ ბლექსი” მე-2 ადგილზე მყოფ საფრანგეთს 9.41 ქულით უსწრებდა) კი აუმჯობესებდნენ, თუმცა, საწადელს ვერ მიაღწიეს.
ჰონგ კონგში გამართული ბლედისლოუს თასის ფინალის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც თავში ხსენებულ ო’კონორს ფეხი არ აუკანკალდა და მის მიერვე გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. შედეგად, ავსტრალიელებმა 26:24 იმარჯვეს და ზელანდიელებთან ჩამორჩენა 5.37 ქულამდე დაიყვანეს, უახლოეს მდევარ სამხრეთ აფრიკას კი 2 ქულაზე მეტით გაუსწრეს.
კიდევ ერთი მატჩი, რომელმაც რეიტინგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, გასულ უქმეებზე ტოკიოში შედგა. პრინც ჩიჩიბუს სახელობის სტადიონზე იაპონელები სამოას დაუხვდნენ და მართალია, პირველი ტაიმის შემდეგ 10:0-ს იგებდნენ, საბოლოოდ, 10:13 დამარცხდნენ.
შედეგად, ოკეანეთის წარმომადგენლებმა მე-11 პოზიციიდან იტალია ჩამოაქვეითეს, იაპონია კი მე-13 ადგილზე დარჩა, თუმცა, კანადელებს ორ ქულაზე ნაკლებითღა უსწრებს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელნი ნოემბრის ბოლოს თბილისს ეწვევიან და ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრებთან გამართავენ, მანამდე კი, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნულ გუნდსაც ვიხილავთ. “ბორჯღალოსნებთან” დაკავშირებულ სარეიტინგო ცვლილებებს სწორედ ამ მატჩების შემდეგ უნდა ველოდეთ, მანამდე კი, ქართველები 66.38 ქულით მე-17 ადგილზე რჩებიან.
1. ახალი ზელანდია 92.85
2. ავსტრალია 87.48
3. სამხრეთ აფრიკა 85.22
4. საფრანგეთი 82.75
5. ირლანდია 82.03
6. ინგლისი 81.82
7. შოტლანდია 79.81
8. არგენტინა 79.70
9. უელსი 78.58
10. ფიჯი 74.39
11. სამოა 74.02
12. იტალია 72.97
13. იაპონია 71.22
14. კანადა 69.43
15. აშშ 67.86
16. ტონგა 67.35
17. საქართველო 66.38
18. რუსეთი 65.80
19. რუმინეთი 65.10
20. ნამიბია 62.69
21. ურუგვაი 61.38
22. პორტუგალია 61.27
23. ესპანეთი 57.70
24. ჩილე 56.68
25. მაროკო 56.11
26. ბელგია 55.36
27. ყაზახეთი 55.20
28. ბრაზილია 54.56
29. უკრაინა 54.35
30. გერმანია 53.22
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია