საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში 7-კაცა ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც დედაქა-ლაქების თასი ერქვა და სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიის გუნდის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირზე პატარა მორაგბეები დიდებისგან განსხვავებული სისტემით, მთელს მოედანზე თამაშობდნენ და მთელი შეჯიბრი ერთ დღეში მოილიეს. პატარა “ბორჯღალოსნებმა” 7-დან 5 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ, ორივეჯერ სამხრეთ აფრიკელებთან, თუმცა, ორივე ამ შეხვედრის მოგება შეეძლოთ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ობოლაძემ აღნიშნა, რომ უკეთესი მომზადების და სათამაშო პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში, ქართველ მორაგბეებს თასის მოგებაც შეეძლოთ.
ლევან ობოლაძე: მიწვეული ვიყავით შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, სადაც საერთაშორისო ტურნირი გაიმართა 15-წლამდე მორაგბეთა შორის 7-კაცა რაგბიში. ჩავატარეთ სელექცია და შევარჩიეთ 12 მორაგბე, რომლებმაც საქართველო წარადგინეს. ტურნირს დედაქალაქების ჩემპიონატი ერქვა, მაგრამ იქ უფრო ნაკრები გუნდები, ან რეგიონის, მაგალითად ბასკეთის ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას. 12 გუნდი ორ 6-გუნდა ჯგუფად დაიყო. შეხვედრები ერთ დღეს გაიმართა. სულ 7-მა თამაშმა მოგვიწია. ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი, 7 წუთიანი ტაიმი იმართებოდა, ფინალში კი ორი 7 წუთიანი ტაიმი იყო. ჯგუფიდან ორი გუნდი გადიოდა. ამ ეტაპზე მოვუგეთ ბასკურ “ბირიცის”, “პარიზს”, ჟენევის და პორტუგალიის გუნდებს, მაგრამ დავმარცხდით სამხრეთ აფრიკასთან 0:1. ჯგუფიდან მაინც გავედით და არგენტინელებს 15:5 მოვუგეთ, რის შემდეგაც, ფინალში კვლავ სამხრეთაფრიკელებს დავუპირისპირდით. ფინალურ მატჩს ვიგებდით, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დავმარცხდით.
- როგორ ფიქრობთ, უკეთესი შედეგის მიღწევა, ანუ ჩემპიონობა თუ იყო შესაძლებელი?
- იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დონის ტურნირზე პირველად ვითამაშეთ, ბიჭები ნერვიულობდნენ და ფსიქოლოგიურად უფრო გადაიღალნენ, ვიდრე ფიზიკურად. სწორედ ამ ფსიქოლოგიურმა გადაღლამ განაპირობა ფინალის წაგება. გადამწყვეტ შეხვედრას ვიგებდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავმარცხდით. მანამდე რაიმე სხვა ტურნირი, ან თუნდაც თბილისში ამხანაგური მატჩი რომ გვეთამაშა, უკეთეს შედეგს ვაჩვენებდით. მეტოქეები ჩვენზე წინ არაფრით იყვნენ, ამ ასაკში თითქმის თანაბარი დონეა და მათი დამარცხება შესაძლებელია.
- ქართული რაგბის მომავლის თაობა თქვენს ხელშია და რამდენად წარმატებით ვითარდება ქართული რაგბი?
- იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასაკის ბავშვებმა საერთაშორისო ტურნირების თამაში ახლაღა დაიწყეს, რისი საშუალებაც აქამდე არ იყო, ბევრად უკეთ მომზადებულნი შეხვდებიან მაღალი ასაკობრივი ნაკრებების და ეროვნული გუნდის შეხვედრებს. ისინი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად უფრო მომზადებულნი იქნებიან, ვიდრე ის ბიჭები, რომლებსაც პირდაპირ ეროვნულ გუნდში მოუწიათ საერთაშორისო შეხვედრების გამართვა.
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ნახევარდაცვასა და უკანა ხაზში უჭირს. თუ მოდის ღირსეული თაობა, რომლებსაც ამ პოზიციების გამაგრება შეუძლიათ?
- ჩვენს გუნდში გამორჩეულები იყვნენ 10 და 15 ნომრები. სამწუხაროდ, კაპიტანმა, 15-მა ნომერმა ირაკლი სვანიძემ, ტრავმა მიიღო და ბოლო შეხვედრები გამოტოვა. შეიძლება ითქვას, რომ ნახევარდაცვა და უკანა ხაზი მოდის, მით უმეტეს, რომ ამ პოზიციებზე, უფრო ასაკობრივ ნაკრებებშიც ნიჭიერი მორაგბეები მრავლად გავუშვით. პრინციპში, ამჯერად მოსამზადებლად მხოლოდ თვენახევარი გვქონდა, წინა ჯერზე კი, გუნდმა ერთად უფრო მეტხანს ივარჯიშა და შედეგი ამანაც განაპირობა.
- თქვენი უახლოესი გეგმები როგორია?
- მომავალ წელს, ეს გუნდი საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება ვიენაში, მერე კი კორსიკაზე. იქ ტურნირი 12-კაცა რაგბში იმართება და ამ ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატად ითვლება, სადაც შარშან ბრწყინვალე შედეგი ვაჩვენეთ. ჯამში 28 მორაგბეს წავიყვანთ და თითოეულ ტურნირში, მინიმუმ, 7 თამაში მოგვიწევს.
ირაკლი სვანიძე (საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი): ამ ტურნირმა, უწინარესად, ჩვენი შეცდომები დამანახა. მომეწონა ბიჭების თავდადება და ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ შეცდომების გამო ფინალში მარცხი განვიცადეთ, არადა, ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. დავინახეთ, რომ აფრიკელები ბევრად წინ არ არიან და ჯერჯერობით, ხელით თამაშში გვჯობნიან, რისი დახვეწაც, აუცილებლად გვჭირდება. სასურველია, რომ მათთან თამაშმა კიდევ მოგვიწიოს, რადგანაც მჯერა, მომავალში აფრიკელებს აუცილებლად მოვუგებთ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია