ამბები

10:40 | 2.11.2010 | ნანახია 5319 - ჯერ

პაატა ნარიმანაშვილი: "ეს რა ძალა ვყოფილვართ"

სამშობლოში დაბრუნებულმა საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელმაც ბრიუსელში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, აეროპორტსა და სპორტის სამინისტროში ღირსეული დახვედრა მიიღო.
პატარა “ბორჯღალოსნები” თბილისში პირველი ნოემბრის გამთენიისას დაბრუნდნენ და აეროპორტში მათ 500-მდე გულშემატკივარი დახვდათ. იქ იყო საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, სპორტსმენთა და მწვრთნელთა ახლობლები და 15-მდე “ქართული სპორტის ქომაგი”. მიუხედავად რიცხობრივი სიმცირისა, აერო¬პორტში მყოფი თითოეული ადამიანი დამეთანხმება, რომ სწორედ ამ ქომაგებმა განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს და გამარჯვებული ბიჭების გმირობა სიმღერებითა და შეძახილებით სათანადოდ დაამშვენეს.
მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ პაატა ნარიმანაშვილს სიძე, დის მეუღლე ჯერ კიდევ რუსეთთან გასამართი ფინალის წინ გარდაეცვალა, რის გამოც “მსოფლიო სპორტი” მას სამძიმარს უცხადებს. სწორედ ამ მიზეზის გამო, ნარიმანაშვილი სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შუადღისას გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა. “მსოფლიო სპორტი” ქართველთა მწვრთნელს აეროპორტშივე გაესაუბრა და მთავარმა მწვრთნელმაც განვლილ ტურნირზე და ფინალურ მატჩში შექმნილ ატმოსფეროზე საკუთარი აზრის გაზიარება არ დაიზარა.
პაატა ნარიმანაშვილი: ტურნირის დაწყებამდე ძალიან ვნერვიულობდით. ეს იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარი თავის ფასი არ ვიცოდით, არ ვიცოდით, თუ რა შეგვეძლო და რა ძალა გვქონდა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 10-დღიანი შეკრება საფრანგეთში გავიარეთ და იქ “მასის” მეორე შემადგენლობასთან საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ. მიუხედევად იმისა, რომ ფრანგთა შემადგენლობაში ზრდასრული, ჩამოყალიბებული სპორტსმენები თამაშობდნენ, საქართველოს ნაკრებმა 26:0 გაიმარჯვა. ამან ძლიერ დამაბნია. ამ გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ვიქტორ დიდებულიძემ მითხრა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან კარგი გუნდი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ კარგმა გუნდმა, ჩვენ წინააღმდეგობა ვერ გაგვიწია. კი გვითხრეს თქვენ ძალიან კარგად ითამაშეთო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მჯეროდა.
ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე რთული პირველი თამაში იყო, რომელშიც პორტუგალიას დავუპირისპირდით. შეამჩნევდით, მათთან ყველაზე ნაკლები სხვაობით მოვიგეთ. პორტუგალიასთან წარმატებას მაინც იოლად მივაღწიეთ, მერე კი, შეხვედრიდან შეხვედრამდე პროგრესს განვიცდიდით და მომდევნო შეხვედრებს უფრო დამაჯერებლად ვიგებდით. ნახევარფინალში რუმინეთის ძლევის შემდეგ, ძალიან გვინდოდა, რომ ფინალში რუსეთის წინააღმდეგ გვეთამაშა. ერთი წლის წინათ, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ზუსტად ამ გუნდმა, რუსეთის ზუსტად იმ გუნდთან, რომელსაც ამჯერად ფინალში უნდა შევხვედროდით, 17:18 წააგო, (არადა, თავიდან 17:0 იგებდნენ) და რევანში გვწყუროდა. ასე ვთქვათ, რუსების “ვალი” გვქონდა. მეორე ნახევარფინალში ბელგიას რომ ემარჯვა, ფინალში ჩვენი მოტივაცია ისეთი არ იქნებოდა, როგორიც გვსურდა. საბედნიეროდ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც გვინდოდა.
ფინალში საოცრება მოხდა. ტრიბუნები გადაჭედილი იყო უცხოეთში მცხოვრები ქართველებით. ამდენი მაყურებელი თამაშებზე საქარ¬თვე¬ლოში არ დადის. მათი მხარდაჭერა ისეთი იყო, რომ ისედაც მოტივირებულმა გუნდმა დამატებითი სტიმული მიიღო და ქართული დროშების ფრიალში ბრწინვალე გამარჯვება მოიპოვა. რუსეთთან საქართველოს ნაკრებმა ისეთი თამაში აჩვენა, რომ მათი შემყურე გულგრილი არავინ დარჩენილა”.
“ევროპის ჩემპიონობა ძალიან დიდი სიხარულია და ყველანი უზომოდ ბედნიერები ვართ. ფინალურ შეხვედრაში ტრიბუნებიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა. რუსებთან სათამაშოდ ისედაც განსაკუთრებული მოტივაციით გავედით და ტრიბუნების მხარდაჭერამ მეტი ჟინი შეგვმატა” - აეროპორტშივე განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა გიგა გაგოშვილმა.
1 ნოემბრის შუადღისას, ქართველ გმირებს უკვე სპორტის მინისტრი შეხვდა. მართალია 19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირმა არც 15-წლამდელ მორაგბეებს დაუკარგა გარჯა და მინისტრს ეს ბიჭებიც წარუდგინა. უწინარესად, მორაგბეებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ მიმართა.
გიორგი ნიჟარაძე: “ყველას მოგილოცავთ ამ საოცარ წარმატებას. თქვენ ქართველი ხალხი გაახარეთ. საუბარს 15-წლამდელებით დავიწყებ. ამ ბიჭებმა შვეიცარიაში შესანიშნავი რაგბი აჩვენეს და მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყნების გუნდებს აჯობეს. ის, რომ სამხრეთ აფრიკასთან ერთი ლელოთი დავმარცხდით, ეს საამაყოა. ამ ბიჭებმა და მათმა მწვრთნელებმა დიდი სამუშაო გაწიეს. თქვენ დიდი გამარჯვების გემო გაიგეთ და გისურვებდით, რომ სიცოცხლის ბოლომდე გებრძოლოთ თქვენი ქვეყნისათვის. 19-წლამდე მორაგბეებს ბრწყინვალე გამარჯვებას, ევროპის ჩემპიონობას მივულოცავ. ამ ასაკში საქართველოს სათამაშო სახეობებში ჩემპიონი გუნდი არ ყავდა და ამ ბიჭებმა ეს დანაკლისი შეავსეს. მოგებაც არის და მოგებაც. მათ მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ ამ ასაკში დანარჩენებზე ერთი თავით მაღლა დგანან. იმედია, აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ მსოფლიო თასზე თქვენს სიტყვას იტყვით. თქვენი შემხედვარე, მე ამაყი ვარ. მადლობა 19-წლამდელთა ნაკრების მორაგბეებს, მწვრთნელებს, ლევან მგელაძეს, რომელმაც წლის დასაწყისში 18-წლამდელთა ნაკრები მოამზადა და მათ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი აიღეს. ახლა ამ ბიჭების უმეტესმა ნაწილმა 19-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა და უდიდეს წარმატებას მიაღწია”.
ლადო ვარძელაშვილი: “რაც თქვენ გააკეთეთ, იოლი არაა. ასეთი წარმატების მიღწევა, არაერთი თაობის ოცნება იყო. მთავარი ისაა, რომ მომავლის იმედი გვაქვს, თქვენი და თქვენს შემდგომი თაობის. ისეთი სპორტსმენები იზრდებით, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. დარწმუნებული ვარ, თქვენ საქართველოს სახელს ბევრჯერ გაიტანთ საზღვრებს გარეთ და სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს დროშას ააფრიალებთ. ყველა სხვა სპორტის სახეობისგან განსხვავებით, თქვენ მხარდაჭერას იმსახურებთ და გპირდებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ რაგბის განვითარებას უფრო მეტად დაეხმაროს. თქვენი გამარჯვება ყველა ქართველისთვის უდიდესი სიხარული იყო და ამისათვის მადლობლები ვართ”.
მიმართვის დასრულების შემდეგ, ნიჟარაძემ და ვარძელაშვილმა ბიჭებს გამარჯვება ჭიქით მიულოცეს და მომავალი წარმეტებები უსურვეს, “მსოფლიო სპორტი” კი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ლევან გოგოლაშვილს გაესაუბრა, რომელიც ფინალში ერთ-ერთი ლელოს ავტორი გახდა.
- ბრიუსელში თქვენს საქომაგოდ ტრიბუნებზე ქართველები მრავლად შეიკრიბნენ. აეროპორტში “ქართული სპორტის ქომაგები” დაგხვდნენ, ახლა კი, სპორტის მინისტრი შეგხვდათ.
- რა თქმა უნდა მახარებს, რომ ხალხს უხარია ჩვენი გამარჯვება. ბრიუსელში სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეციალურად ჩამოფრინდა ხალხი ჩვენს მხარდასაჭერად და მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან. აქაც რომ ჩამოვფრინდით ქომაგები სიმღერებით და შეძახილებით დაგვხვდნენ. ახლა მინისტრი შეგხვდა და ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ.
- ევროპის ჩემპიონატზე ყველა მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხეთ. თუ ელოდით, რომ ევროპის ჩემპიონობას ასე იოლად მოიპოვებდით?
- მართალი გითხრათ, ასეთ იოლ გამარჯვებებს არ ველოდით. ამ გუნდებთან ადრეც გვითამაშია და მათგან უფრო მეტს ველოდი, მაგრამ ახლა ისინი იოლად დავამარცხეთ. ვფიქრობ, დავამტკიცეთ, რომ ბევრად ძლიერ გუნდებთან შეგვიძლია ღირსეული თამაში და მოგება.
- ანუ, იმედი გაქვთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების მიღწევა შეგიძლიათ?
- რატომაც არა. ჩვენ ყველა შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვების მისაღწევად გავდივართ.
- ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რომელმა გუნდმა გაგიწიათ?
- ალბათ, მაინც ფინალს გამოვყოფდი. ეს მაინც განსაკუთრებული შეხვედრა იყო, ისე კი, დიდი წინააღმდეგობა არავისგან გვიგვრძნია. სათითაოდ თითოეულ შეხვედრას თუ ავიღებთ, მეტოქე შეტევაში სულ რაღაც 5 წუთი თუ იყო, დანარჩენ დროს კი, ინიციატივას და მატჩის მსვლელობას სრულად ჩვენ ვაკონტროლებდით.
- რუსეთის ამ ნაკრებმა, 18-წლამდელთა ჩემპიონატში 18:17 მოგვიგო, ახლა რევანში დიდი უპირატესობით ავიღეთ. ასე ძლიერ გაიზარდეთ?
- მაშინ დამარცხება გამოუცდელობის ბრალი იყო. 17:0-ს ვიგებდით და მერე რაღაც დაგვემართა. ახლანდელი ანგარიში იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ნაკრები ჩვენი მეტოქე არაა და არ შეუძლია ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევა.
- ფინალში გამარჯვება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს მიუძღვენით. ასეთი ჩანაფიქრი თა-ვიდანვე გქონდათ თუ სპონტანურად გადაწყვიტეთ?
- ყველა თამაშის წინ, გუნდი ვიკრიბებით და ვსაუბრობთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ და რისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამჯერად შევთანხმდით, რომ როგორც ომში დაღუპულმა ბიჭებმა თავი გაწირეს, ჩვენც ასევე, მოედანზე სრული თავგანწირვით გვეთამაშა და მოსაგებად მაქსიმუმი გაგვეღო. რაგბში არის პატარ-პატარა რაღაცეები, ფეხის დაბიჯება, წარტყმა. მწვრთნელებმა დაგვარიგეს, რომ პროვოკაციებს არ ავყოლოდით და ყელშიც რომ წაეჭირათ ზედმეტი არაფერი გვექნა, რადგანაც, რატომღაც მსგავს სიტუაციებში მსაჯები დამნაშავეს უმეტესად ქართველებში ხედავენ. შევთანხმდით, რომ მოედანზე რომც მოვმკვდარიყავით, აუცილებლად უნდა გაგვემარჯვა და მიზანს ღირსეულად მივაღწიეთ.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098789