სამკვირიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნულ ჩემპიონატში ფლეი ოფების დრო დადგა. საჩემპიონო რბოლას შერჩენილი ოთხეულიდან, დღეს ერთი ფინალში თამაშს გაინაღდებს, ერთი კი, “ბზის თასზე” ოცნებას, მინიმუმ, ერთი წლით დაემშვიდობება.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის დებულების თანახმად, უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდი, რეგულარულ პირველობაზე ორ წრედ იბრძვის. მოწინავე ოთხეული, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ავსტრალიურ ფლეი ოფში აგრძელებს. პირველ ეტაპზე, რეგულარული პირველობის პირველადგილოსანი მეორეადგილოსანთან ერთ შეხვედრას მართავს და გამარჯვებული ფინალში თამაშის უფლებას იღებს, დამარცხებული კი, ე.წ. მცირე ფინალში გადაინაცვლებს და ფინალის საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მცირე ფინალში ითამაშებს მესამე-მეოთხეადგილოსან გუნდებს შორის გამართული შეხვედრის გამარჯვებულიც, ხოლო დამარცხებული ბრძოლას ეთიშება და მეოთხე ადგილით კმაყოფილდება.
წლეულს, საუკეთესო ოთხეულში სამი თბილისური და ერთი ქუთაისური კლუბი მოხვდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “ლელომ” პირველი ადგილი დაიკავა, “ლოკომოტივი” მეორე საფეხურზე გავიდა, მესამე ადგილი “ვისოლი-ყოჩებს” ერგო, “აია” კი, ფლეი ოფში მეოთხე ადგილით გავიდა. ფლეი ოფებში თითო შეხვედრა იმართება და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ გუნდებს რეგულარული პირველობის ურთიერთშეხვედრებში დაძაბული ბრძოლები ჰქონდათ, მაყურებელი ახლაც კარგი სეირის მომსწრე გახდება. მართალია, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე პირველ-მეორე ადგილოსან გუნდს შორის დამარცხებულს ჩემპიონობის შანსი მაინც რჩება, მაგრამ დაძაბულობას მოკლებული არც ეს ჯახი იქნება. მიზეზი მარტივია, გამარჯვებული ისვენებს და მოთმინებით ელოდება მეტოქეს, დამარცხებულს კი, შუალედში სამკვდრო-სასიცოხლო ბრძოლა ელის ფლეი ოფის მეორე წყვილის გამარჯვებულთან - ან მოიგებს, ან ვერა და რომც მოიგოს, ფინალს ოდნავ გადაღლილი ხვდება.
ფლეი ოფის შეხვედრებს “მიხეილ მესხის” ცენტრალური მოედანი უმასპინძლებს და რადგან პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მესამე-მეოთხედგილოსნები ხვდებიან, გუნდების მდგომარეობაზე საუბარი ჩვენც მათგან დავიწყოთ. სატურნირი ცხრილში “ვისოლი-ყოჩებმა” “აიას” ერთი ქულით კი აჯობა და მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ ქუთაისელებმა, მეტოქე რეგულარული პირველობის ორივე მატჩში წააქცია. სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებით გაიხსნა მიმდინარე გათამაშება და “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე, ქუთაისელებმა მეტოქე 22:15 დაამარცხეს. იმ შეხვედრის პირველ ტაიმში, თბილისელები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ეს, ქულებში ვერ ასახეს. “აიამ” ჭკვიანურად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ თავად მხოლოდ ერთი ლელო გაიტანა, ორი კი გაუშვა, ზუსტი ჯარიმების წყალობით, მაინც გაიმარჯვა. მეორე წრის შეხვედრაც თბილისში, ამჯერად ვარკეთილის მეურნეობაში გაიმართა. ეს იმიტომ, რომ “აიას”, მაყურებელთა უწესრიგობის გამო, საშინაო შეხვედრების ქუთაისიდან მინიმუმ 100 კილომეტრის დაშორებით ჩატარება დაეკისრა. “აიამ” ამჯერადაც დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა, ოღონდ, ორი ლელო უკვე თავად გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა. საფინალო ანგარიში 18:10 იყო.
ქუთაისელებს ბოლო ტურში “ლოკომოტივთან” რომ არ წაეგოთ, ეს გუნდი რეგულარულ პირველობაზე პირველ ადგილს დაიკავებდა. უნდა ითქვას, რომ ავსტრალიურ ფლეი ოფში, პირველი და მესამე ადგილის დაკავება ერთგვარი უპირატესობაა. ეს, თბილისურ კლუბებზე, შესაძლოა, სულაც არ აისახება, მაგრამ “აიას” რეგულარულ პირველობაზე “ვისოლი-ყოჩებისთვის” რომ ეჯობნა, ახლა მათ მასპინძლობის უფლება ექნებოდათ და ესოდენ მნიშვნელოვან შეხვედრას მშობლიურ ქალაქში, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ გამართავდნენ. სხვათა შორის, ამ გუნდების გზები 7-კაცა რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის ფინალშიც გადაიკვეთა. მაშინ თბილისელებმა ირევანშეს და 22:7 მოიგეს, მაგრამ 7-კაცა და დიდი რაგბი რომ ძლიერ განსხვავებული ცნებებია, ყველასათვის ნათელია.
ავსტრალიური ფლეი ოფის მეორე შეხვედრაში, რეგულარული პირველობის ლიდერი და ქვეყნის ჩემპიონი თბილისის “ლელო”, დედაქალაქურ დერბიში, ბოლო წლების უმთავრეს კონკურენტ “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება. ამ გუნდებმა თანაბარი ქულები კი დააგროვეს, მაგრამ “ლელო” მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში ჯობდა. პირველი წრის მატჩმა ლელოს გარეშე ჩაიარა. “ლოკომოტივმა” ერთი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ თავად 3 გაუშვა და 3:9 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, “ლოკომოტივს” ერთი, “ლელოს” კი ორი მორაგბე გაუსინბინეს. მეორე წრის თამაში უფრო სანახაობრივი გამოდგა. ამჯერად, “ლელომ” სამი ლელო გაიტანა და ორი გაუშვა, ჯამში კი 26:17 იმარჯვა. 2010 წელს, ამ გუნდებს კიდევ ერთი დაპირისპირება ჰქონდათ - საქართველოს თასის ფინალში. “ლოკომოტივმა” პირველი ტაიმი 17:9 კი მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში “ლელო” უკეთ ათამაშდა და ჯამში 23:17 იმარჯვა. მთლიანობაში, 2008 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ (მაშინ “ლოკომოტივმა იმარჯვა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა), საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული პირველობისა თუ ფლეი ოფების მატჩების შემდეგ, ასევე თასის მატჩებში, “ლელომ” “ლოკომოტივს” ზედიზედ 8 შეხვედრაში სძლია და ტრადიციის გაგრძელებას ახლაც ეცდება, ხოლო “ლოკომოტივის” მიზანი, ამ დანავსული სტატისტიკის სათავისოდ შემობრუნება იქნება. თუ ვის გაუმართლებს, ეს “მიხეილ მესხზე”, 18:00 საათიდან გამოჩნდება.
4 ნოემბერს, “ვისოლზე”, 16:00 საათზე კიდევ ერთი საფლეიოფო მატჩი დაიწყება. პირველი ლიგის მეორეადგილოსანი თბილისის “ივერია”, უმაღლესი ლიგის მეშვიდეადგილოსანს, დედაქალაქის “არმაზს” შეერკინება. ეს, ამ გუნდების პირველი შეხვედრა იქნება და მასპინძლის რანგში “ივერია” ითამაშებს. განმეორებითი დაპირისპირება კვლავ “ვისოლზე”, 11 ნოემბერს შედგება და წყვილში უკეთესი, საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო გათამაშებაში უძლიერესთა შორის ითამაშებს, დამარცხებული კი, პირველ ლიგაში იბურთავებს.
საქართველოს XXII ჩემპიონატი. რაგბიში
3 ნოემბერი. ოთხშაბათი. ავსტრალიური ფლეი ოფი. იმართება ერთი მატჩი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 16:00 საათი
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - აია (ქუთაისი) (გასავარდნი)
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 18:00 საათი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) (შესარჩევი)
4 ნოემბერი. ხუთშაბათი. ფლეი ოფი უმაღლესი ლიგის საგზურისთვის
თბილისი. “ვისოლი”. 16:00 საათი
ივერია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია