ამბები

11:34 | 4.11.2010 | ნანახია 3783 - ჯერ

"ლელო" ფინალში, "ყოჩები" - მცირე ფინალში

ავსტრალიური ფლეი ოფის ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ქუთაისის “აიასა” და “ვისოლი-ყოჩების” თამაშის ხარისხი სასურველისგან შორს იყო, აი “ლელო”-“ლოკომოტივის” დაპირისპირება კი, მართლაც კარგი სანახავი გახლდათ. “ლელომ” “ლოკომოტივთან” დაპირისპირების წარმატებული სერია განაგრძო და ფინალში ითამაშებს, “ლოკომოტივი” კი, იმავე ფინალის საგზურისთვის 8 ნოემბერს “ვისოლი-ყოჩებს” შეერკინება, რომელმაც “აიას” სძლია.
იმისათვის, რომ გუნდებს პრეტენზიები ნაკლებად ჰქონდეთ, საქართველოს რაგბის კავშირმა გადამწყვეტი შეხვედრებისათვის, ტრადიციულად, ფრანგი მსაჯები მოიწვია. გამოცოცხლება გულშემატკივრებსაც დაეტყოთ და მათ ტრიბუნებზე თავი მრავლად მოიყარეს. იმედია, ტრადიცია არც მცირე ფინალისა და ფინალის შეხვედრებში დაირღვევა და ქომაგთა შეძახილები თამაშებს მეტ ელფერს შესძენს. საგულისხმოა, რომ გუნდებს დაუბრუნდნენ 19-წლამდელთა ნაკრების წევრები, რომლებიც ბელგიაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ და ამ ბრძოლებს თავისებური ელფერი შესძინეს.
"ყოჩებმა" ირევანშა და "აია" საჩემპიონო რბოლას გამოთიშა
პირველ შეხვედრაში იმ უიღბლო გუნდის ვინაობა უნდა გარკვეულიყო, რომელიც ჩემპიონობაზე ოცნებას შეელეოდა. რეგულარულ პირველობაში ქუთაისის “აიამ” “ვისოლი-ყოჩებს” ორივე შეხვედრაში მოუგო. საერთოდ, ქუთაისელებმა საუკეთესო ოთხეულში გასულ გუნდებთან გამართული მატჩებიდან ოთხში იმარჯვა და ორჯერ დამარცხდა, ორივეჯერ “ლოკომოტივთან”, მაგრამ “აიამ” მეორე წრეში ქვედა ეშელონის წარმომადგენლებთან ძვირფასი ქულები დაკარგა და რეგულარულ პირველობაში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. მესამეადგილოსანმა “ვისოლი-ყოჩებმა” მასპინძლობის უპირატესობა მიიღო და შეხვედრა თბილისში ამის გამო შედგა.
შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. მორაგბეებმა თავი არ დაზოგეს, მაგრამ თამაშის ხარისხი ისეთი ვერ იყო, მაღალი დონის გუნდებს რომ შეეფერება. უფრო მეტი შეცდომა ქუთაისელებმა დაუშვეს და ამის გამო დაისაჯნენ. “ყოჩებმა” ორი მარცხისთვის რევანში უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში აიღეს და მცირე ფინალში გააღწიეს, რითაც ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნეს. თბილისელთა წარმატებაში ქუთაისელთა შეცდომების პარალელურად, “ვისოლი-ყოჩების” მთავარ მწვრთნელ ლევან მგელაძეს მიუძღვის უზარმაზარი წვლილი, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა ათამაშოს გუნდი გადამწყვეტ მატჩში და არც ამჯერად შეცდა.
გუნდებმა აქცენტი ჯარიმებზე აიღეს და მე-6 წუთზე სინაურიძემ საშუალო მანძილიდან სტუმრები დააწინაურა, მაგრამ ორ წუთში ასევე საშუალო მანძილიდან მახარაშვილმა წონასწორობა აღადგინა. მცირედი ტერიტორიული უპირატესობა თბილისელებმა მოიპოვეს, ტაიმის შუაწელს მეტ ოქეს მოლით მიაწვნენ, მათ დაჯარიმება აიძულეს და მახარაშვილმა 22-ის ხაზიდან “ვისოლი-ყოჩები” დააწინაურა. “აიამ” საპასუხოდ შეუტია, ახლა ისინი მიაწვნენ მოლით, მასპინძლები დაჯარიმდნენ, ქუთაისელებმა ლელოზე ითამაშეს, ბურთი აუტში გადაიტანეს, მაგრამ დერეფანი ვერ მოიგეს და შანსი დაკარგეს. 32-ე წუთზე “აია” ცენტრის სიახლოვეს დაჯარიმდა, ამჯერად ბურთი სოხაძემ დაარტყა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, მან მეორე შანსი ხელიდან არ გაუშვა და დაახლოებით 47 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა. ზედ შესვენების წინ ქუთაისელებს ჩამორჩენის შემცირების შანსი ჰქონდათ, მაგრამ სინაურიძეს მიზანმა უმტყუნა.
მეორე ტაიმი 19-წლამდელთა ნაკრების წევრის, აბრამიძეს გარღვევით დაიწყო, რომელმაც საკუთარი ნახევრიდან მეტოქის 22-მეტრა ხაზამდე ირბინა. თბილისელებმა ის ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს და სინაურიძემ სხვაობა შეამცირა - 6:9. 51-ე წუთზე ინდივიდუალური გარღვევა უკვე მახარაშვილმა განახორციელა, რომელმაც ხაზი გაჭრა, მერე მცველს ბურთი თავზე ფეხით გადაავლო, ქუთაისელმა მას კი დაასწრო, მაგრამ ჩახურვისთვის დაჯარიმდა და მახარაშვილმა ახლოდან სტატუს-კვო აღადგინა. ერთ წუთში მახარაშვილმა ფეხით კვლავ კარგად გადაკიდა და თანაგუნდელების დახმარებით ბურთიანი მცველი აუტის ხაზს იქით გადადენა. “ვისოლი-ყოჩებმა” 5-მეტრა აუტი სწრაფად გაითამაშეს და არჩუაშვილმა ლელო გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა შესძინა. მახარაშვილს რეალიზაცია გაუფუჭდა.
ქუთაისელთა უბედურება ამით არ დასრულებულა. მალე რევიშვილი მაღალი ბოჭვისთვის დაჯარიმდა, თავად სინბინი დაიმსახურა, სოხაძემ კი ჯარიმა გამოიყენა - 20:6. კაცნაკლულმა “აიამ” ბრძოლა არ შეწყვიტა და ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც შარვაშიძემ არაზუსტად დაარტყა. ქუთაისელები არ დანებდნენ და 63-ე წუთზე ბურთი ფეხით მარჯვნივ გადაკიდეს, ის თითქოს უნდა დაკარგულიყო, მაგრამ აბრამიძემ ბოლომდე იბრძოლა და ლელო გაიტანა, აშვეთიამ კი რეალიზაცია გამოიყენა და სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა. ამან “აიას” მონდომება გაათმაგა და მასპინძლებს მოლით და რაქიდან მოკლე დარტყმებით მაგრად მიაწვნენ, მაგრამ “ყოჩების” დაცვამ გაძლო. მერე თბილისელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და ის გოშაძემ აკრძალული ხერხით შეაჩერა, თანაც სინბინი დაიმსახურა. სოხაძეს დარტყმა კი გაუცუდდა, მაგრამ 74-ე წუთზე ნიჟარაძემ შორიდან ლამაზი არეკნი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 23:13.
ამრიგად, წელს კარგად მობურთალი “აია” მეოთხე ადგილზე დარჩა, თუმცა, წინა წელთან შედარებით მათი პროგრესი აშკარაა და მომაველ წელს წესითა და რიგით მათ უფრო ანგარიშგასაწევი გუნდი უნდა ჰყავდეთ. მგელაძეს და მის შეგირდებს მცირე ფინალი ელით, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება და ისინი “ბზის თასისთვის” ჯერ კიდევ იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ გასული ჩემპიონატის მცირე ფინალში, მგელაძის მაშინდელმა “ბათუმი XV”-მა “ლოკომოტივი” დაამარცხა. განმეორდება წელსაც იგივე თუ “ლოკომოტივი” მგელაძესთან რევანშს აიღებს, სულ მალე გამოჩნდება.

ტრადიცია უცვლელია - "ლელო" "ლოკომოტივზე" ძლიერია

2008 წლის ბოლოდან მოყოლებული, “ლელომ” “ლოკომოტივს” აგერ უკვე მეცხრედ აჯობა. ვერა და ვერ მოიშალეს “რკინიგზელებმა” ამ მეტოქის კომპლექსი. მათ, შესაძლოა, რევანშის შანსი წლეულს კიდევ მიეცეთ, მაგრამ საამისოდ მცირე ფინალში ლევან მგელაძისა და მისი “ვისოლი-ყოჩების” დამარცხება მართებთ. მანამდე იყო ფლეი ოფი, ორი მაღალი დონის გუნდის მიერ შესრულებული ლამაზი ბრძოლა, თავდაუზოგავი ჯახი, სადაც უძლიერესმა იმარჯვა და ფინალში თამაშის უფლება ნაადრევად დაიბევა.
ჩანს, კლუბების ხელმძღვანელობას შიდა ასპარეზზე გამოცხადებული სამკვირიანი შესვენება ნაყოფიერად გამოუყენებიათ, სპონსორები უშოვნიათ და გუნდები ახალი ფორმებით შეუმოსავთ. გულხელდაკრეფილნი არც მწვრთნელები იყვნენ და მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე სწრაფი რაგბი გაჩაღდა. მორაგბეებმა ძალღონე არ დაზოგეს და სრული თავგანწირვით იბრძოლეს, მაგრამ “ლოკომოტივმა” მეტოქეზე მეტი შეცდომა დაუშვა და დამარცხდა.
“ლელო” მე-3 წუთზე დაწინაურდა. ყიასაშვილის მცდელობა, არეკნი გაეტანა, არაზუსტი აღმოჩნდა, თუმცა, უპირატესობით მათ ჯარიმა ერგოთ და 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა მჭედლიშვილმა ის უნაკლოდ შეასრულა. მე-5 წუთზე ლელო გავიდა, როდესაც ყიასაშვილი ფლანგზე გაიქცა და ლელო ცენტრში გაიტანა, მჭედლიშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა. მე-10 წუთზე მჭედლიშვილს ჯარიმა გაუფუჭდა, თუმცა, მე-13 წუთზე მან უკეთესი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა და გუნდს სოლიდური უპირატესობა მოუტანა - 13:0. კვინიხიძემ საპასუხო ჯარიმა მე-15 წუთზე გაიტანა, როდესაც “ლელო” თამაშგარისთვის დაჯარიმდა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა და ყიასაშვილის მორიგი მცდელობა არეკნის გატანისა ისევ არაზუსტი აღმოჩნდა. ამას კვინიხიძის არაზუსტი ჯარიმა მოყვა, 29-ე წუთზე კი მჭედლიშვილმა თითქმის ცენტრიდან თავისი შანსი არ გაანიავა - 16:3. 33-ე წუთზე მენ კიდევ ერთი შანსი გამოიყენა, როდესაც “ლელოს” შეტევა მეტოქემ ჯარიმით შეაჩერა. ტაიმის მიწურულს მათ სხვაობის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა ჰქონდათ, ხორბალაძემ ხაზი გაჭრა, შეტევა ჯოგლიძემ გააგრძელა, მაგრამ პასის გაკეთებას ლელოს თავად გატანა არჩია და არ გაუმართლა.
მეორე ტაიმი “ლოკომოტივის” იერიშებით დაიწყო. მათ საპასუხო ლელო უნდა გაეტანათ, მაგრამ შანსი გაანიავეს. ისინი მაინც არ მოეშვნენ, მეტოქე რამდენიმე მოკლე დარტყმით გატეხეს და ჩიტიძემ ლელო გაიტანა, ხოლო კვინიხიძემ რეალიზაცია გამოიყენა. “ლოკომოტივი” ცდილობდა, მაგრამ ბურთი შეტევაში წინ ხშირად უვარდებოდა და მომენტებს ანიავებდა. მეორე ნახევრის შუაწელს მჭედლიშვილმა და კვინიხიძემ თითო-თითო ჯარიმა გააფუჭეს. ამასობაში 79-ე წუთიც მოვიდა, მჭედლიშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან არეკნი ზუსტად დაჰკრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამრიგად, “ლელომ” 22:10 იმარჯვა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ახლა მას დასვენების საშუალება ექნება და მეტოქეს დაელოდება, რომლის ვინაობაც 8 ნოემბერს გაირკვევა.
მანამდე, დღეს, დიდ დიღომში მდებარე “ვისოლის” ბაზაზე უმაღლესი ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდების ფლეი ოფი გაიმართება. მასპინძლის რანგში მოთამაშე პირველი ლიგის მეორეადგილოსანი “ივერია”, “არმაზს” დაუპირისპირდება. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 11 ნოემბერს შედგება და მომავალი გათამაშების მერვე მონაწილეს ვინაობაც მაშინ გაირკვევა.   

3 ნოემბერი. ოთხშაბათი. ავსტრალიური ფლეი ოფი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 2000 მაყურებელი (გასავარდნი)
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - აია (ქუთაისი) 23:13 (9:3)
ვისოლი-ყოჩები:
15. სოხაძე, 14. მახარაშვილი, 13. პ. მაისურაძე, 12. ადანაია, 11. ნიჟარაძე, 10. გაბუნია, 9. ბეგაძე (ხელაძე 76); 1. გოგიშვილი (მამუკაშვილი 70), 2. ბრეგვაძე, 3. ხოსიტაშვილი, 4. ბელაშვილი, 5. არჩუაშვილი, 6. ცხვედიანი (ტყეშელიაძე 52), 7. კალმახელიძე, 8. ნიკოლეიშვილი (დგებუაძე 52).
1 ლელო: არჩუაშვილი; ჯარიმა: მახარაშვილი (3), სოხაძე (2); არეკნი: ნიჟარაძე
აია: 15. ხამაშურიძე, 14. აბრამიძე, 13. ი. ჩხიკვაძე, 12. სინაურიძე (აშვეთია 56), 11. გოშაძე, 10. შარვაშიძე (ძნელაძე 70), 9. როხვაძე (გოგია 56); 1. ლომიძე (ჟვანია 78), 2. სხულუხია (მატკავა 46), 3. გურეშიძე (ტ. ჩხიკვაძე 76), 4. იობიძე, 5. მეტრეველი, 6. რევიშვილი, 7. შალამბერიძე, 8. თხელიძე (ძაგნიძე 56).
1 ლელო: აბრამიძე; გარდასახვა: აშვეთია; ჯარიმა: სინაურიძე (2)
2 სინბინი: რევიშვილი, გოშაძე

თბილისი. “მიხეილ მესხი”. 2500 მაყურებელი (შესარჩევი)
ლელო (თბ.) - ლოკომოტივი (თბ.) 22:10 (19:3)
ლელო:
15. ყიასაშვილი, 14. ჯოგლიძე, 13. კორკელია (ანდღულაძე 80), 12. ლომინაძე, 11. გუგავა, 10. მჭედლიშვილი, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე (პატარაია 79), 2. ჭყონია, 3. სუჯაშვილი, 4. აზალაძე, 5. ჯალაღონია (ხორბალაძე 19), ი. მაისურაძე (ჭყოიძე 44), 7. დაუშვილი, 8. კოლელიშვილი.
1 ლელო: ყიასაშვილი; გარდასახვა: მჭედლიშვილი; 4 ჯარიმა: მჭედლიშვილი; 1 არეკნი: მჭედლიშვილი
ლოკომოტივი: 15. კობერიძე, 14. ჭურღულია, 13. ქავთარაძე (ტუჩაშვილი 41), 12. ბერძენიშვილი, 11. ჟამუტაშვილი, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი (ელოშვილი 24), 2. გენებაშვილი, 3. პეტრიაშვილი, 4. ოზგებაშვილი (ნიშნიანიძე 46), 5. გუჯარაიძე, 6. ბერიშვილი, 7. ჩიტიძე, 8. ზ. მაისურაძე.
1 ლელო: ჩიტიძე; გარდასახვა: კვინიხიძე; 1 ჯარიმა: კვინიხიძე

4 ნოემბერი. ხუთშაბათი. ფლეი ოფი უმაღლესი ლიგის საგზურისთვის
თბილისი. “ვისოლი”. 16:00 საათი
ივერია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)


ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.137048