10:38 | 11.03.2016 | ნანახია 1383 - ჯერ

„ლელომ“ „ზვავთან“ გამარჯვება გაიკვალა

წლევანდელი ჭაბუკთა „ბ“ ლიგა ხუთშაბათს, 10 მარტს შვიდი თამაშით გაიხსნა და ოთხ მათგანში საინტერესო ბრძოლები გაიმართა.

„ა“ ჯგუფში, რომელშიც ხუთი გუნდი თამაშობს, თბილისის „ლოკომოტივს“ ტურნირის დებიუტანტმა, თანაქალაქელმა „თბილისმა“ დიდი ბრძოლა გაუმართა და მართალია 0:12 დამარცხდა, მაგრამ მასპინძლები პრემიალური ქულის გარეშე დატოვა. დღეს „შევარდენზე“ თბილისის „წიქარა“ გორის „ლომებს“ ეთამაშება, ხოლო „ხულიგანა“ პირველ ტურში ისვენებს.

„ბ“ ჯგუფში ტურნირის დებიუტანტი თბილისის „ხვამლი“ „არმიას“ არ შეეპუა, 41:5 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერეა. დღეს „ყოჩები“ თელავის „კახელებს“ „შევარდენზე“ ეთამაშება, ხოლო „ლელო 1“ ისვენებს.

„გ“ ჯგუფში სტეფანწმინდის „ზვავმა“ დიდი ბრძოლა გაუმართა „ლელო 2“-ს. მასპინძლებს პირველ ტაიმში დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ იფიქრეს მეტოქეს ადვილად გავტეხთო და ჯარიმები კარში არ ურტყეს. სტუმრები დიდი მონდომებით იცავდნენ თავს, მაგრამ ფეხით არ თამაშობდნენ და მეტოქის ნახევარზეც თითქმის არ გადასულან. მათ საკუთარი 22-იდან კარგად მოქონდათ ბურთი, განსაკუთრებით ნიკო ქავთარაშვილს, რომელიც მართლა ზვავივით მოდიოდა და მასპინძლებს მისი შეჩერება უჭირდათ, მაგრამ საბოლოოდ ბურთი იკარგებოდა.

შედეგად, ტაიმის ბოლოს უკეთ განსწავლულმა „ლელო 2“-მა მარცხნივ ჩაათამაშა ბურთი და ნიკა ბაგაშვილმა ლელო დადო. ლუკა გამყრელიძის გარდასახვა ძელმა აისხლიტა, მაგრამ შესვენებისას მასპინძლებმა მწვრთნელებისგან მითითება მიიღეს, გამყრელიძემ ჯარიმა კარში დაარტყა და თავისიანები 8:0 დააწინაურა. საპასუხო იერიშისას სტეფანწმინდელებმა ლელო დადეს და გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ კიდევ სამი ჯარიმა გაუშვეს და 7:17 დამარცხდნენ.

ამავე ჯგუფში რუსთავის „ხარებმა“ პატარძეულის „ვეფხვებს“ 84:0 მოუგო და რა თქმა უნდა პრემიაც აიღო. ეს ჯგუფი 6-გუნდიანია და დღეს „ვისოლზე“ თბილისის „არმაზი“ ბოლნისის „ყოჩებს“ ეთამაშება.

„დ“ ჯგუფში თბილისურ დერბიში „აკადემიამ“ „ივერიას“ 32:5 მოუგო და პრემიაც აიღო. დღეს „იუნკერი-ჩოხოსნები“ „ბარბაროსები-ყოჩებს“, ხოლო „ჯიქი“ „თიბისის“ ეთამაშება.

„ე“ ჯგუფში ორივე თამაში დაძაბული გამოდგა. ქუთაისში „აია 3“-მა „ტყიბულს“ 24:20 მოუგო და ქულა მეტოქესაც გაატანა, ხოლო ჭიათურელებმა და ბორჯომელებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 12:12. „აია 1“ ისვენებდა.

„ვ“ ჯგუფი ოთხგუნდა და იქ ქუთაისის „ბაგრატი“, ფოთის „კოლხი რაინდები“, ვანის „არგო“ და ჩოხატაურის „ღონე“ ითამაშებენ. ისინი გათამაშებაში 17 მარტიდან ჩაებმებიან.

დღეს შედგება პირველი მატჩები „ზ“ ჯგუფში, სადაც „აია 2“ და „აია 4“, „ბათუმი“, წყალტუბოს „დინოზავრები“ და თერჯოლის „საპოვნელა“ ითამაშებენ.

17 მარტს იწყებენ ჩემპიონატს „თ“ ჯგუფში ქობულეთის „პონტო“, ხაშურის „ლეგიონი“, „აია 5“ და სურამის „მგლები“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080811