საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის რეგულარულ პირველობაში საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად, ქართველ ლეგიონერთა ოთხი კლუბი იბრძვის.
რეგულარული პირველობა შუაწელს უახლოვდება, უკვე 12 ტური გაიმართა და გამოიკვეთა ის გუნდები, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. ამის შანსი სულ 10 კლუბს აქვს და მათგან ოთხში - “მონპელიე”, “ტულონი”, “კასტრი” და “კლერმონი”, ქართველი ლეგიონერები გამოდიან. სანაკრებო შეხვედრების გამო, 4 დეკემბრამდე Top 14-ში შესვენება გამოცხადდა. ახლა ამ გუნდებს გასული თამაშების გაანალიზება და მომავალი ჯახებისთვის უკეთ მომზადება მართებთ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, უპირველესის გასარკვევად 6 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფლეი ოფის სიტემით განაგრძობს.
XII ტურის მიმოხილვა ყველაზე “ქართული” ფრანგული კლუბით “მონპელიეთი” დავიწყოთ. გასულ წელს უძლიერესთა შორის დარჩენისთვის მებრძოლი გუნდი, წლევანდელი გათამაშებაში ბრწყინვალედ ასპარეზობს - 9 შეხვედრა მოიგო და ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩება. მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძის და გიორგი ჟღენტის “მონპელიემ”, ქართულ დერბიში დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივს” უმასპინძლა, 11425 მაყურებლის თვალწინ 35:9 გაანადგურა და გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მიითვალა. ორივე გუნდის ექვსი ქართველი ლეგიონერიდან, მატჩში მონაწილეობა ხუთმა მიიღო. მათ მხოლოდ მამუკა გორგოძე დააკლდათ, რომელსაც სადისციპლინო კომისიამ მეტოქის ცემისათვის, უფრო სწორედ მისთვის სიხლის დენისთვის, ორკვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა და ახლა სასჯელს იხდის.
მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ჟღენტი და ის მწვრთნელმა 59-ე წუთზე შეცვალა. “მონპელიეს” კიდევ ერთი პირველხაზელი შველიძე, შეხვედრაში 47-ე წუთიდან ჩაერთო. მესამეხაზელი ჩხაიძე მოედანზე შეცვლაზე დებიუტშივე შევიდა. ეს 10 წუთიანი შეცვლა იყო, რადგანაც მასპინძლთა ერთ-ერთმა მორაგბემ ტრავმა მიიღო. ქართველმა მესამეხაზელმა მე-12 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი დასჯილთა სკამზე გაატარე, ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მოედანს ის მორაგბე დაუბრუნდა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო. ჩხაიძე შეცვლაზე მეორედ 75-ე წუთზე შევიდა და ამჯერად თამაში ბოლომდე ჩაამთავრა. სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ხინჩაგიშვილი და ის კაკოვინმა 54-ე წუთზე შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ორი ჯარიმით სტუმრები 6:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მე-17 წუთზე ჯარიმით უპასუხეს, 33-ზე ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და ტაიმი 10:6 მოიგეს. მე-2 ნახევრის დებიუტში “მონპელიე” ლელო-გარდასახვით კიდევ უფრო დაწინაურდა, “ბრივმა” ჯარიმით უპასუხა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა. მასპინძლებმა ორი ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს, 72-ე და 75-ე წუთებზე წყვილი ლელო გაიტანეს, ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და დამაჯერებლად იმარჯვეს. “მონპელიეს” 41 ქულა აქვს, მეორე საფეხურზეა, “ტულუზას” ერთუ ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარს კი ექვსი ქულით უსწრებს. “ბრივს” 19 ქულა დარჩა, მე-12 ადგილი უკავია და სახიფათო ზონის სიახლოვეს ტრიალებს.
2009 წლის ჩემპიონთან და გასული პირველობის ფინალისტ “პერპინიანთან” სტუმრად იმარჯვა დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”. სტუმრებმა მატჩის ბედი სათავისოდ პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს. მე-12 წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კი “ტულონი” ჯერ ჯარიმით დაწინაურდა, 27-ე წუთზე ლელო გაიტანა და რეალიზაცია გამოიყენა, 38-ე წუთამდე მონაგარს ორი ჯარიმა შემატა, მერე კი კვლავ ლელო-რეალიზაცია მიითვალა და რადგან შუალედში ერთი ჯარიმა თავადაც მიიღო, ტაიმი 26:6 მოიგო. “პერპინიანმა” მეორე ტაიმის დებიუტში ერთი ლელო-გარდასახვა გაიტანა, ხოლო 77-ე წუთზე მეორე ლელო-გარდასახვაც გაიტანა და ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ორ წუთში მათი იმედები “ტულონელთა” ჯარიმამ გააქარწყლა. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 54 წუთი გაატარა, მისი გუნდი კი 32 ქულით მე-5 ადგილზეა.
ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის “კასტრმა”, სტუმრად ფრედ 17:17 ითამაშა “ბიარიცთა”. ქართველი ლეგიონერებიდან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ფეიქრიშვილმა მიიღო და ის მოედანზე 51-ე წუთზე შევიდა. შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებს მატჩი ქართული პასპორტის მქონე ფრანგმა დიმიტრი იაშვილმა არ მოაგებინა, რომელმაც მასპინძელთა ყველა ქულა თავის ანგარიშზე ჩაიწერა. “კასტრი” მე-10 წუთისთვის ორი ჯარიმით დაწინაურდა, იაშვილმა ლელოთი უპასუხა, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენა. შესვენებამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და “კასტრმა” ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო - 9:8. მეორე ნახევრის დებიუტში სტუმრებმა ლელო გაიტანეს, თუმცა გარდასახვა არაზუსტი გამოდგა. 69-ე წუთამდე იაშვილმა სამი ჯარიმა გამოიყენა და “ბიარიცი” 17:14 დააწინაურა, მაგრამ “კასტრმა” ტაიმის მიწურულს ჯარიმითვე წინასწორობა აღადგინა და სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-6 ადგილზე მოკალათდა.
მეექვსე შეხვედრაში დამარცხდა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”. ამჯერად ჩემპიონი “ლა როშელთან” სტუმრად 14:22 დაეცა და პრემიალური ქულაც ვერ აიღო. პირველ ტაიმში მასპინძელთა სამ ჯარიმას სტუმრებმა მხოლოდ ერთი შედეგიანი დარტყმით უპასუხეს. “კლერმონმა” ჩამორჩენა მეორე ტაიმის დასაწყისში კვლავ ჯარიმით შეამცირა, მაგრამ მერე ლელო გაუშვა და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა. სტუმრებმა საპასუხო ლელო 67-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ მათი რეალიზაცია არაზუსტი იყო. დასკვნით ათ წუთში მათ მონაგარს ერთი ჯარიმა შემატეს, მაგრამ თავად ორი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა. “კლერმონს” 30 ქულით მე-7 ადგილი უკავია.
ზედიზედ მეორედ იმარჯვა ბექა შეყლაშვილის “აჟენმა” და ცხრილის ფსკერს ოდნავ დაშორდა. მათი მეტოქე ჩემპიონობისთვის მებრძოლი “მეტრო რასინგი” იყო. თავიდანვე გეტყვით, რომ ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე ერთი საათი გაატარა. მასპინძლებმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს. შესვენებამდე მათ სამი ჯარიმა გაიტანეს, თავად თითო-თითო ლელო და ჯარიმა გაუშვეს და ტაიმი 9:8 მოიგეს. მეორე ტაიმში ჯარიმა ჯერ მასპინძლებს გაჰქონდათ, მაგრამ სტუმრებს სხვაობა მინიმუმამდე მალევე დაჰყავდათ. ასე იყო 76-ე წუთამდე, როდესაც “მეტრო რასინგმა” რიგგარეშე ჯარიმა გაიტანა და 20:18 დაწინაურდა, მაგრამ საფინალო სასტვენის წინ თავისი ჯარიმა “აჟენმაც” გამოიყენა და შეხვედრა 21:20 მოიგო. “აჟენს” 15 ქულა აქვს, მე-13 ადგილზეა, მდევარს 5 ქულით უსწრებს, ხოლო კონკურენტებს ოთხ-ოთხი ქულით ჩამორჩება.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა – 42; 2. მონპელიე – 41; 3. მეტრო რასინგი – 35; 4. ბიარიცი – 33; 5. ტულონი – 32; 6. კასტრი – 31; 7. კლერმონი – 30; 8-10. ბაიონი, პერპინიანი, სტად ფრანსე – 28; 11-12. ლა როშელი, ბრივი – 19; 13. აჟენი – 15; 14. ბურგონი - 10.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია