ამბები

15:04 | 7.11.2010 | ნანახია 3563 - ჯერ

კანადამ ბრიუსელში სათადარიგოებით იმარჯვა, რუსეთი იაპონიაში შერცხვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქემ კანადის ნაკრებმა, ოთხმატჩიანი ევროტური ბრიუსელში, მასპინძელი ბელგიის 43:12 განადგურებით დაიწყო.
შეხვედრამ, რომელსაც 5 ათასი მაყურებელი დაესწრო, კოკისპირულ წვიმაში, ატალახებულ მოედანზე ჩაიარა და ამან მორაგბეებს სწრაფი რაგბის ჩვენების საშუალება არ მისცა. სწორედ ამიტომ, კანადელებმა აქცენტი მორკინალებზე გააკეთეს და შესვენებამდე გატანილი 4 ლელოდან 3 შერკინების პირველხაზელებზე მოდის. ორჯერ ისახელა პეტ რაიორდენმა, თითო-თითოჯერ კი, ტომ დოლეზელმა და ნახევარმცველმა სეან ვაიტემ. აღსანიშნავია, რომ დოლეზელისათვის ეს ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი პირველი ლელოა. ნათან ჰირაიამამ ოთხიდან 3 რეალიზაცია გამოიყენა.
ბელგიელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველი ტაიმის მიწურულს მათ თავისი ლელო გაიტანეს და საწყისი 40 წუთი 5:26 დათმეს, მე-2 ნახევრის დასაწყისში კი, მე-2 ლელო მიითვალეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. ამას მასპინძელთა მხრიდან ზეწოლა მოყვა, მაგრამ გამოცდილმა კანადელებმა ბელგიელთა იერიშები მოიგერიეს და ახლა თავად შეუტიეს. შეცვლაზე შესულმა ანდე მონრომ ამ პერიოდში ლელო, 2 რეალიზაცია და ერთი ჯარიმა მიითვალა. კიდევ ერთი ლელო საკუთარ ანგარიშზე სეან დიუკმა ჩაიწერა.
ბელგიელთა წინააღმდეგ კანადის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 18 წლის უკანახაზელ ტეილორ პერისს, რომელიც კანადელთა ისტორიაში, ეროვნული გუნდის მაისურის მომრგები ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა. მან თითქმის ერთი წლით გააუმჯობესა გარეტ რისის მაჩვენებელი.
კანადელთა სამწუხაროდ, მხრის ტრავმა მიიღო და ნოემბრის შეხვედრებს გამოტოვებს მათი 10 ნომერი ნათან ჰირაიამა. მუხლი იტკინა და აღსადგენად, ყველაზე ცოტა, 10 დღე დასჭირდება 8 ნომერ ჯერემი კაინს.
კანადელთა მთავარი მწვრთნელი კირან კროული მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა და მეორე ეშელონის მორაგბეებმა, ბელგიელთა წინააღმდეგ თამაშით კარგი გამოცდილება მიიღეს. მომავალ შაბათს მისი გუნდი ესპანეთს მადრიდში ეთამაშება. ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იქნება და რადგან მომავალი მეტოქე წინანდელზე ძლიერია, კროული შემადგენლობაში 8-9 მოთამაშის გამოცვლას აპირებს. სავარაუდოდ, სწორედ ესპანეთთან მატჩის შემდეგ უნდა გამოიკვეთოს ის შემადგენლობა, რომლითაც კანადელები ოც ნოემბერს თბილისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.
ევროპის ერთა თასზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა უმთავრესმა კონკურენტმა რუსეთის ნაკრებმა, არგენტინის “იაგუარებთან” ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, იაპონიას იმ იმედით მიაშურეს, რომ ხასიათს გამოიკეთებდნენ, მაგრამ უარეს დღეში აღმოჩნდნენ. მასპინძლებმა თამაში პირველსავე წუთებიდან აქტიურად დაიწყეს, ტაიმი 35:3 მოიგეს, ხოლო ჯამში “დათვები” 75:3 დაარბიეს. იაპონელებმა ჯამში 11 ლელო გაიტანეს და 10 რეალიზაცია გამოიყენეს, რუსები კი პირველ ტაიმში გატანილ კინკილა ჯარიმას გამორჩნენ.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10121