ამბები

15:35 | 7.11.2010 | ნანახია 2089 - ჯერ

სამხრეთელები ევროპას დაერივნენ

ნოემბრის სანაკრებო ტესტების ფარგლებში, სამხრეთ ნახევარსფეროს სამმა წამყვანმა სარაგბო ნაკრებმა ევროპული ტურნე დაიწყო და სამივე მათგანმა პირველ შეხვედრებში გაიმარჯვა.
ახალმა ზელანდიამ ინგლისში 26:16 იმარჯვა; თითქმის ასეთივე სხვაობა დაფიქსირდა უელსში, სადაც ავსტრალია თამაშობდა; ირლანდიელთა მცდელობა, რომ ევროპის სახელი დაეცვათ, საბოლოოდ წარუმატებელი გამოდგა, სამხრეთ აფრიკამ ორქულიანი უპირატესობით იმარჯვა და კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგში, პირველ სამ საფეხურს სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრებები დამსახურებულად ინაწილებენ.
2011 წლის მსოფლიოს თასზე, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ინგლისი იქნება და მიმოხილვაც მათი და ზელანდიელების დაპირისპირებით დავიწყოთ. წარმატებული პირველი ტაიმის შემდეგ, “ოლ ბლექსს” ინგლისელთა ენერგიული პასუხის გადატანა მოუხდათ, მაგრამ თვიქნემში გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ. ეს მართლაც რომ ორი განსხვავებული ტაიმის თამაში იყო. პირველ 40 წუთში ბურთს უმეტესად “ოლ ბლექსი” აკონტროლებდა, მეორეში როლები შეიცვალა, მაგრამ ოსეა გირის და კირან რიდის ლელოების აღმოფხვრა, რომელსაც ზურგს დენ კარტერის 16 ქულა უმაგრებდა, მასპინძლებმა ვეღარ მოახერხეს. მიუხედავად ამისა, კარგმა თამაშმა მასპინძლებს თავდაჯერებულობა უნდა შემატოს და ეს ინგლისელებს მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად წაადგებათ.
ერთი კვირის წინათ, ჰონ კონგში ავსტრალიასთან მარცხით განაწყენებული ზელანდიელები, მასპინძლებს პირველსავე წუთებიდან ეკვეთნენ და მათზე ერთგვარი ზეწოლა მოახდინეს, მაგრამ შედეგის მისაღებად 17 წუთი მოუწიათ მოცდა. მანამდე, დენ კარტერმა ერთი ჯარიმა გააფუჭა, მერე კი სონი ბილ უილიამსმა თავისი სისწრაფე გამოიყენა, მარცხენა ფლანგზე გირი მარტო დარჩა და კრის ეშტონის მცდელობის მიუხედავად, ალამთან ლელო გაიტანა - ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ მომხვდურმა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში მანამდე დაამიწა, ვიდრე მცველი მას გვერდით ხაზს იქით გადადენიდა. კარტერის რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა.
ზელანდიელთა უკანა ხაზმა ინგლისელთა ფლანგებზე დაცვის სუსტი თამაშით მაქსიმალურად ისარგებლა, ოთხ წუთში ისევ მარცხენა ფლანგიდან სწრაფად შეუტია, 5-მეტრა შერკინების უფლება მოიპოვა, საიდანაც გამოტანილი ბურთი რიდმა მეტოქის ჩათვლის მოედანში შეიტანა და კარტერმა რეალიზაციით ანგარიში 14:0 გახადა. მასპინძლებმა ჯარიმით სხვაობა 3 ქულით კი შემაცირეს, მაგრამ შესვენებამდე თავისი ერთი ჯარიმა კარტერმაც გაიტანა და სტატუს-ქვო აღადგინა.
ინგლისელები შერკინებაში უპირატესობას პირველ ტაიმშიც ფლობდნენ, მეორეში კი ეს უპირატესობა კიდევ უკეთ გამოიყენეს და ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ კარტერმა იქვე უპასუხა. 54-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო ლელო გაიტანეს. ზელანდიელებმა ბურთი შეტევაში დაკარგეს, მასპინძლებმა კონტრშეტევა თავიანთი ნახევრიდან დაიწყეს, ცენტრთან მიახლოვებულებმა ფეხით ითამაშეს, ჰარტლი ბრძოლას არ გამოეთიშა, ის მცველმა კი შებოჭა, მაგრამ განმეორებით გაიჭიმა და ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ ბურთიანმა ხელმა ხაზი გადაკვეთა. ეს ჰარტლის პირველი ლელოა ნაკრების შემადგენლობაში. რეალიზაცია ზუსტი იყო, თუმცა, კარტერმა ჯარიმით იქვე უპასუხა. 70-ე წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს. მასპინძლებს სალელოვე შანსი 75-ე წუთზე მიეცათ, მაგრამ ინგლისელს ბოლო მომენტში ბოჭვისას ბურთი ხელიდან გაუვარდა, მისი დამიწება ვერ მოახერხა და მატჩი 26:16 დასრულდა.
ავსტრალიამ იმაზე ცუდად ითამაშა, ვიდრე ერთი კვირის წინათ ახალ ზელანდიასთან, მაგრამ თავისი შანსი მაქსიმალურად გამოიყენა და უელსს დამსახურებულად მოუგო. მასპინძლები ჯარიმით მეორე წუთზევე დაწინაურდნენ, თუმცა, მე-6 წუთზე ავსტრალიამ უელსელთა შეცდომით ისარგებლა და საუკეთესო ხერხით უპასუხა. პოკოკმა თავისუფალი სივრცე გამოიყენა და ლელო გაიტანა, ხოლო ოკონორმა რეალიზაცია ზუსტად შეასრულა. უელსელებმა ერთი ჯარიმა ვერ გამოიყენეს, მაგრამ 31-ე წუთზე დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა. შესვენებამდე ჯარიმა ავსტრალიელებმაც შეასრულეს, მაგრამ დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. ტაიმის ბოლო წუთებმა სტუმართა ჩათვლის მოედნის სიახლოვეს განვლო, ჯარიმის დარტყმის უფლება მათ კიდევ ერთხელ მიიღეს და ჯონსმა ის არაზუსტად შეასრულა, რითაც საკუთარ გუნდს ტაიმის მოგების შანსი მოუსპო.
მე-2 ტაიმის მე-7 წუთზე კერტლი ბილმა მეტოქის მუხლიდან ასხლეტილი ბურთი მიიღო და ლელო გაიტანა, რასაც ოკონორმა ზუსტი რეალიზაცია დაურთო და ამან მასპინძლების ბრძოლის სურვილი ოდნავ გაანელა. მასპინძლებმა მეტოქეს ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ ავსტრალიელებმა მე-60 წუთზე თავისი მე-3 ლელო გაიტანეს და უელსელებს მიახლოვების შანსი არ მისცეს, მით უმეტეს, რომ სტუმრებმა მალევე ჯარიმაც გამოიყენეს. ამ დროს უელსი მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული იყო დარჩენილი, მაგრამ მათ ზედიზედ ორჯერ 5-მეტრა შერკინება მაინც მოიგეს, ბურთი კარგად გამოიტანეს და რისმა საპასუხო ლელო გაიტანა. რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა და მასპინძლებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ, თუმცა, სამ წუთში სტუმრებმა ჯარიმა გაიტანეს, უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდეს და ჯამში 25:16 იმარჯვეს.
10 წელიწადი იყო გასული მას შემდეგ, რაც დუბლინში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ბოლო გამარჯვება იზეიმა და ეს წარუმატებელი პერიოდი შაბათს მძიმე ბრძოლაში მოგებით დაასრულა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ოგარას რეალიზაცია ძელმა აისხლიტა, თორემ “სპრინბოკი” ახლაც გამარჯვების გარეშე დარჩებოდა და მხოლოდ ფრეს დაჰყაბულდებოდა. შეხვედრა აფრიკელთა უპირატესობით დაიწყო, ისინი შერკინებასა და დერეფანში გამეფდნენ და გამარჯვებისათვის სასურველი პლატფორმაც შეიქმნეს. მე-17 წუთამდე მასპინძლები პრაქტიკულად უბურთოდ იყვნენ და სტუმრები ჯარიმით, ლელოთი და რეალიზაციით 10:0 დაწინაურდნენ. შესვენებამდე მასპინძლებმა ჯარიმით ორჯერ იხეირეს, მაგრამ ერთი თავადაც გაუშვეს და ტაიმი სტუმრებმა 13:6 მოიგეს. ნახევარ საათზე ნაკლები დრო რჩებოდა, როდესაც აფრიკელებმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს, მასპინძლებმა იქვე უპასუხეს, მაგრამ 65-ე წუთზე მომხვდურებმა თავისი მე-2 ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და 23:9 დაწინაურდნენ. დასკვნით 12 წუთში ირლანდიელებმა იმდენი მოახერხეს, რომ 2 საპასუხო ლელო თავადაც გაიტანეს, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთი რეალიზაციის გამოყენება მოახერხეს და 21:23 დამარცხდნენ.
მომავალ შაბათს ამ გუნდებს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დანარჩენი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებიც დაემატებიან და ევროპაში კიდევ უფრო საინტერესო ბრძოლები გაჩაღდება.

 

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081094