საქართველოს მორაგბეთა 2010 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 მატჩიღა დარჩა. ერთი ფინალისტი უკვე ცნობილია, ეს თბილისის “ლელოა”, მეორე ფინალისტის ვინაობას კი დღეს, 16:00 საათზე გასამართი მცირე ფინალი გაარკვევს, სადაც დედაქალაქურ დერბიში “ლოკომოტივი” “ვისოლი-ყოჩებს” შეებმება.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, “ლოკომოტივმა” ფინალში 6-ჯერ ითამაშა და ყველა ჯერზე ჩემპიონობა მოიპოვა, “ყოჩებმა” კი გადამწყვეტ მატჩამდე ამ ვადებში მხოლოდ ორჯერ უწია და ერთხელ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ორივე ამ გუნდმა ფინალში ბოლოს სწორედ იმ “ლელოს” წინააღმდეგ ითამაშეს, რომელსაც გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობა უკვე განაღდებული აქვს და მეტოქის მოლოდინშია. “ლოკომოტივი” ფინალში ბოლოს 2008 წელს იყო და “ლელოს” ძლევით ჩემპიონი გახდა, ხოლო “ყოჩებმა” იქ უკანასკნელად ერთი წლით ადრე, 2007 წელს გააღწია და “ლელოს” ძლევით ქვეყნის უპირველესი გუნდის ტიტულს დაეუფლა.
ეს წარსულია, ახლა კი, ყველაფერი თავიდან იწყება და ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც ამ კონკრეტულ შეხვედრას უკეთ მომზადებული შეხვდება. მიმდინარე სეზონში, ეს გუნდები რეგულარულ პირველობაზე ერთურთს ორჯერ შეხვდნენ. პირველ წრეში გუნდებმა ხუთ-ხუთი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ “ვისოლი-ყოჩებმა” მონაგარს ლელო-რეალიზაციაც შემატა და 22:15 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მაშინ მსაჯმა “ყოჩებს” 3, ხოლო “ლოკომოტივს” ერთი მორაგბე გაუსინბინა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა მაშინ საკმარისი არ აღმოჩნდა. მე-2 წრეში “ლოკომოტივმა” უკეთ ითამაშა. მართალია, მათ ლელო არ გაუტანიათ, თავად კი კვლავ ერთი ლელო მიიღეს, მაგრამ ამჯერად, კვინიხიძემ 7 ჯარიმით ისარგებლა და საკუთარ გუნდს ღირსეული რევანში ააღებინა - 21:7. უსინბინოდ არც ამ მატჩს ჩაუვლია, მაშინ მსაჯმა, 78-ე წუთზე ჩხუბის გამო, ორივე გუნდიდან თითო-თითო მორაგბე დაითხოვა. მთლიანობაში, რეგულარული პირველობის შედეგად, “ლოკომოტივმა” მე-2 ადგილი დაიკავა და ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგით ჩამორჩა ლიდერ “ლელოს”, “ვისოლი-ყოჩებმა” კი მასზე ერთი ქულით ნაკლებით მოაგროვა და მე-3 საფეხური დაიკავა.
ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ორივე გუნდს მძიმე ბრძოლა გადახდა. “ვისოლი-ყოჩები” შეხვედრაში, რომლის წაგებულიც ჩემპიონობაზე ოცნებას ემშვიდობებოდა, ქუთაისის “აიას” დაუპირისპირდა და გონივრული თამაშით 23:13 იმარჯვა.
“ლოკომოტივი” “ლელოს” შეხვდა და ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, ამჯერადაც დამარცხდა - 10:22. ამ მატჩის პირველი ტაიმი “ლოკომოტივმა” ცუდად ჩაატარა და 3:19-ს აგებდა. მე-2 ტაიმში სიტუაცია გამოასწორა, მაგრამ გამარჯვებას მაინც ვერ უწია. მორიგი რევანშის შანსის მისაღებად, “ლოკოს” ჯერ “ვისოლი-ყოჩების” ბარიერის დაძლევა მოუწევს, ეს კი იოლი საქმე არ იქნება. უნდა ითქვას, რომ გასული წლის მცირე ფინალში თემურ ბენდიაშვილის “ლოკომოტივი” იმ ლევან მგელაძის “ბათუმი XV”-თან დამარცხდა, რომელიც ახლა “ვისოლი-ყოჩებს” ავარჯიშებს და ამ კუთხით, ტაქტიკოსთა განმეორებითი ჯახის ხილვა მატჩს დამატებით ინტერესს მატებს.
8 ნოემბერი. ორშაბათი.
მცირე ფინალი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ვისოლი-ყოჩები (თბილისი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია